"ნაცმოძრაობაში" უკვე დარღვეულია სააკაშვილის ექსკლუზივი, ის გარკვეულწილად, მელიამ ჩააჩოჩა, მათი თანაცხოვრება რამდენად მოხდება, დავინახავთ"
"ნაცმოძრაობაში" უკვე დარღვეულია სააკაშვილის ექსკლუზივი, ის გარკვეულწილად, მელიამ ჩააჩოჩა, მათი თანაცხოვრება რამდენად მოხდება, დავინახავთ"
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ახლა ყველა იმას ელოდება, რომ ის აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და, პირველ რიგში, პარტიაში და ოპოზიციაში არსებული დაძაბული ვითარების განმუხტვას დაიწყებს. რამდენად შეძლებს ის ვითარების შეცვლას, რას შეცვლის ქართულ პოლიტიკაში, მისი გამოსვლის შემდეგ შევა თუ არა ყველა ოპოზიციური ძალა პარლამენტში, რა მოლოდინი აქვთ ექსპერტებს, - ამ საკითხებზე გია ხუხაშვილსა და ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრეთ.

გია ხუხაშვილი:
- ნიკა მელიას სერიოზული სამუშაოები დახვდა, რადგან მისი ციხეში
ყოფნის დროს პარტიის შიგნითაც იყო გარკვეული წინააღმდეგობები და, ასევე, მთლიანად ოპოზიციურ სპექტრშიც. ჯერ ერთი, ის გაირკვა, რომ ნიკა მელია ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურა იყო ოპოზიციის და მისი დისტანცირებით ნეგატიური პროცესები დაიწყო. ახლა ნიკას ტაქტიკური ამოცანაა, თავის პარტიაზე კონტროლის დაბრუნება, რაღაცნაირად ჩაცხრობა არსებული ვითარების და ზეპარტიული პოზიციიდან
ოპოზიციური მაგიდის დაბრუნება. თუ მან ეს ამოცანები წარმატებით გადაწყვიტა და ამ რთული ამოცანის გადაჭრა შეძლო, მაშინ ნიკა მელია ქართულ პოლიტიკაში სერიოზული მოთამაშე გახდება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ვნახოთ, რას იზამს და როგორ გაართმევს თავს, ეს არ არის იოლი ამოცანა.

მას აქვს თეორიული შანსი და გარკვეული მონაცემები. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი როტორიკა და მისი გამოსვლა სწორად აქცენტირებული იყო, მაგრამ არ ვიცი, ეს სადამდე წავა და სადამდეა წასული დეზინტეგრაციის პროცესი. ამიტომ პროგნოზებს და შეფასებებს ვერ გავაკეთებთ, ვნახოთ, რა როგორ იქნება. შეთანხმებაზე ხელი აქვთ მოწერილი, ახლა სადავო თემა ამნისტიის კანონპროექტია. ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ კი ის არგუმენტი, რაც არსებობდა, რომ მელიას გამო იყო ეს კანონპროექტი, ეს თემაც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ახლა ეს თემა წმინდა პოლიტიკური გახდა და არა - სამართლებრივი. ახლა მთავარია, შედიან თუ არა ისინი პარლამენტში".

ხუხაშვილის თქმით, ის ისრუვებდა რომ ნიკა მელია და "ნაცმოძრაობა" პარლმენტში შევიდეს, რადგანაც ეს იქნება იქნება კრიზისის ტრანსფორმაცია.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ნიკა მელია იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, ექსპერტი ასე პასუხობს:
"სასაცილო ის არის, რომ ამაზე ყველა ლაპარაკობდა, ნიკა მელიას გარდა. ჯერ ამ ადამიანს არ გამოუცხადებია, რომ უნდა მერობა. მე ვთვლი, რომ მსხვილი პარტიის თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს დედაქალაქის მერობაზე პრეტენზია, რადგან ის არის ნაციონალური მასშტაბის ლიდერი. თბილისის მერი - ეს არის მაღალი ლეგიტიმაციის, ერთის მხრივ, მაგრამ, მეორეს მხრივ, მისი კომპეტენცია ხომ შეზღუდულია მხოლოდ ქალაქით და გარკვეული შეზღუდული ფუნქციები აქვს! მსხვილი პარტიის ლიდერი კი არის საჯარო პოლიტიკოსი და ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის. სიმართლე გითხრათ, თბილისის მერის სტატუსსა და პარტიის თავმჯდომარეობას შორის სხვაობაა. მე არ ვიცი, ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა თბილისის მერობას ნიკა მელია, მაგრამ ცხადია, მის მაგივრად ამაზე სხვები ლაპარაკობენ. ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ისე შორს მიდის, რომ იმასაც ამბობს, მელიაზე უკეთესად იცის, რაც მელიას ეხება. ამ კომედიასაც ვუყურეთ ეს დღეები. ვნახოთ, რა განცხადებებს გააკეთებს, თუ განაცხადებს, რომ აქვს მას ამის სურვილი, მერე შევაფასოდ. მეჩვენება, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება მისი მხრიდან.

სააკაშვილი, გარკვეულწილად, ჩააჩოჩა ნიკა მელიამ და შექმნა გარკვეული პოლიტიკური სახე. მათ პარტიაში უკვე დარღვეულია სააკაშვილის ექსკლუზივი, აქ პრობლემა ჩაჩოჩებაში არ არის. ეს დაზიანება იქნება. აქ უნდა მოხერხდეს ის, რომ თანაცხოვრება ისწავლონ ერთმანეთთან სააკაშვილმა და მელიამ. მელიას ეს არ გაუჭირდებოდა, მაგრამ სააკაშვილის პიროვნებიდან გამომდინარე, რომლის პოლიტიკა მუდმივად იყო ან ყველაფერი, არ არაფერი, ეს რამდენად მოხერხდება, ამასაც დავინახავთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე:
- არ მგონია, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამ რადიკალურად შეცვალოს არსებული ვითარება, ერთადერთი, რისი მოლოდინიც მაქვს, ისაა, რომ ქუჩიდან პროცესები გადაინაცვლებს პარლამენტში. იქ იქნება პროტესტი, მაგრამ სხვაგვარ ვითარებას არ ველოდები. ახლა მელია შეეცდება შეინარჩუნოს ოპოზიციური ძალების ერთიანობა, რამდენად გამოუვა და შეძლებს, ვნახავთ. საკითხიც სხვაგვარად დგას. თუ არის საუბარი პარლამენტში თემატურ ერთიანობაზე, მაშინ აქაც პრობლემა არ იქნება, მაგრამ, რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, აქ, ალბათ, უნდა დაველოდოთ კოორდინაციას. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. რომ გითხრათ, ახლა პროცესები მწვავე გახდება მელიას გამოსვლით, ამას არ ველოდები და არც იმის განცდა მაქვს, რომ დიდი გადაჯგუფება მოხდეს. ალბათ, უბრალოდ "ნაცმოძრაობას" ექნება მცდელობა, რომ მელია არა მარტო "ნაცმოძრაობის", არამედ - ზოგადად მთლიანი ოპოზიციის ლიდერი იყოს.

თუ ამას დაუშვებს ოპოზიცია, მერე გაუჭირდებათ დამოუკიდებლად პოლიტიკური არსებობა. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივ არჩევნებს, რადგან რიგგარეშე არჩევნების საკითხი იმაზეა დამოკიდებული, რა პროცენტს აიღებს "ქართული ოცნება". მაგრამ აქ პრობლემა არის, 43 პროცენტი არ წაიღოს "ქართულმა ოცნებამ". ამ შემთხვევაში, ოპოზიციისთვის მომგებიანია ცალ-ცალკე იყოს და ერთიანად არ გამოვიდნენ პარტიები არჩევნებზე. ცალ-ცალკე რამდენი პროცენტიც უნდა აიღონ, ჯამურად უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე - ბლოკი გაკეთდეს, ერთად იყვნენ არჩევნებზე და კოორდინირებულად გამოვიდნენ, რადგან ოპოზიციური ერთიანობა არ ნიშნავს ოპოზიციური ელექტორატის ერთიანობას. თუნდაც ნახევარი პროცენტის აღება სხვა პოლიტიკური ძალისგან "ქართულ ოცნებას" აკლებს ხმას. "ლელოს" და ნათელაშვილის ამომრჩეველი ერთი არასდროს არ არის და ერთ ბლოკში თუ იქნებიან, მაშინ იქნება ამომრჩევლის დანაკარგი და ჯამურად მისცემს რაოდენობის დანაკარგს, განსაკუთრებით -  რეგიონებში. ამიტომ არ ველოდები თვითმმართველობის არჩევნებზე ერთიან ბლოკს.

- ბატონო ვახტანგ, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარლამენტში "ნაცმოძრაობა" შევა? ვხედავთ, მათ ამნისტიასთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ.
- რა თქმა უნდა, შევლენ. ამნისტიასაც, ალბათ, მიიღებს მმართველი გუნდი, რადგან ეს არის "ნებადართული" ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ეს ოპოზიციის გარეშე მოხდება თუ მათი ჩართულობით, ფაქტია, მოხდება. "ქართულ ოცნებას" აძლევს ხელს ამის გადაგორება. თუ "ნაცმოძრაობა" არ შევა პარლამენტში, ეს მისთვის იქნება ძალიან წამგებიანი. ალბათ, ამას მიხვდებიან და დარწმუნებული ვარ, შევლენ, რადგან გარეთ ყოფნა არაფერს შეცვლის და ამას ნახავენ ისინი თუნდაც 15 მაისის აქციაზე. გვარწმუნებდნენ, მიტინგი ჩატარდებაო, ვნახოთ, რას იზამენ. არა მგონია, რამე შეიცვალოს. თუ ცოტათი ობიექტურები იქნებიან და რეალობას გაუსწორებენ თვალს, მიხვდებიან, რომ საერთოდ ამ მიტინგის ჩატარება იქნება მათთვის ძალიან სარისკო, რადგან გამოჩნდება მხარდამჭერთა მასშტაბი და ვფიქრობ, ოპოზიციისთვის ეს მომგებიანი არ იქნება, ამიტომ მე თუ მკითხავთ, ურჩევნიათ არ ჩაატარონ. თუ ჰგონიათ, რომ ექნებათ დიდი მხარდაჭერა, კი ბატონო, ჩაატარონ. მხარდამჭერების თემა ძალიან სახიფათოა და მგონია, ამ აქციაზე უარი უნდა თქვან, ეს იქნება სწორი.

(სპეციალურად საიტისთვის)

კოლხი
12 მაისი 2021 11:43
ნიკა! არ ხარ შენ ნაცი! ჩამოაღებინე მიშას ხელი შენი მხრებიდან და ნახავ როგორი წარმატებული იქნები! ხომ ხედავ შენ თვითონ როგორ გიჭირს იმ პარტიის სახელის დასახელება, რომელსაც არასდროს არ წარმოადგენდი! შენი კარგი ოჯახისშვილობა და განათლება გამოიყენეს მაშინაც და ახლა, თვითონ ვერ იცილებ "სასტავს"(შემადგენლობას). არავის ენდო ბრმად! ღალატი - მათგან მოსულა!!!
მზერა თვალიანი
12 მაისი 2021 08:40
მელია მესამე ხმაა,მეტი არაფერი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები