"ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს" - კვირის პალიტრა

"ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს"

ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს. მელია გარეთ იყო იქამდეც, ეს შედეგი თუ გვინდოდა, არ დააჭერინებდა მაშინ თავს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, უნდა ვხედავდეთ შედეგს, რომ ეროვნული თანხმობა შედგა და დაპირისპირებულმა მხარეებმა ფურცელი გადაშალეს, თუმცა ჩვენთან ",ორი პოლიტიკური მძევლის გათავისუფლება მოხდა და დანარჩენ ყველაფერში იგივე თამაშის წესებია".

"რაც არ უნდა გვითხრას საუკეთესო მეგობარმაც კი, მას შემდეგ რაც შეთანხმება უკვე შედგა ოპოზიციის ნაწილს შორის, ეს არანაირი არგუმენტი არ უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენი არგუმენტი უნდა იყოს, რა მიგვაჩნია ისეთ შეთანხმებად, რაც რეალურად დაძრავდა კრიზისიდან გამოსვლის გზებს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს საუკეთესო მეგობრების მცდარ პოზიციასაც კი. რომ ვიტყოდით მედიატორთან ჩვენ ჩვენი ფუნდამენტური შეხედულება გვაქვსო, ვის ექნებოდა მთავარი პრობლემა? - მთავრობას, რომელსაც ციხეში ჰყავდა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერი და ბოიკოტი პარლამენტში. ამ რეჟიმზე ზეწოლა უნდა გაგრძელებულიყო ბოლომდე, სხვადასხვა ფაზებით, სანამ არ მივიღებდით შედეგს, რომელიც გააძლიერებდა საზოგადოების პოზიციას.

უნდა ვხედავდეთ რაღაც შედეგს, იყოს მართლა რაღაც გარღვევა, რომ ეროვნული თანხმობა შედგა, ფურცელი გადაშალა დაპირისპირებულმა მხარეებმა და სხვა ატმოსფეროა. ეს შედეგი რომ ყოფილიყო შესაძლოა, მართლა ბევრნაირ კომპრომისზე წახვიდე. ისტორიას ახსოვს ამ ტიპის შეთანხმებები. ჩვენთან ორი პოლიტიკური მძევლის გათავისუფლება მოხდა და დანარჩენ ყველაფერში იგივე თამაშის წესებია. რაც მთავარი მოთხოვნა იყო, ვადამდელი არჩევნების და რის გამოც მელია დაიჭირეს, ამას თუ ვერ აღწევ მკაფიოდ და მეუბნები მე გამოვიხსენი მელია ციხიდან, ეს არის დადასტურება მძევლებით ვაჭრობის. ამიტომ, ვერ მოვიტყუებთ თავს, რომ ეს არის კარგი შედეგი, როდესაც მძევლებით ივაჭრეს. მელია გარეთ იყო იქამდეც, ეს შედეგი თუ გვინდოდა, არ დააჭერინებდა მაშინ თავს. აბსოლუტურად მკაფიო, კომპრომისული შედეგის მიღწევა იყო შესაძლებელი პლებისციტის სახით. ის ხალხი, რომელიც პლებისციტს ებრძოდა და ახლა ამბობს ეს კარგი შედეგიაო, ეს არის ნდობის მორღვევა", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ის ასევე გამოეხმაურა პოლიტიკოსი გიგი უგულავას განცხადებას, რომ ბოიკოტს "ცემენტი აქვს ჩამოშლილი". მისი თქმით, გიგი უგულავა უპასუხისმგებლოდ იქცევა, როდესაც წნეხს ახორციელებს ადამიანებზე, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ.

"უპასუხისმგებლოდ იქცევა ბატონი უგულავა. ამ მომენტში წნეხს ახორციელებს იმ ადამიანებზე, რომელთაც პრინციპული პოზიცია აქვთ. თუ ვინმეს უნდა, რომ ეს ფურცელი დაიხუროს ასე და დავიწყოთ კონცენტრაცია იმ ტიპის პოლიტიკური კლიმატის შექმნაზე, რომ ვადამდელი არჩევნები იყოს, ამაზე მთლიანად კონცენტრირებულები ვართ "ევროპული საქართველო", მაგრამ რამდენჯერაც ვინმე იტყვის რა წარმატებაა, რომ მელია გამოვაშვებინეთ, როდესაც მელიამ თავი "დააჭერინა" იმიტომ, რომ ძალაუფლების მიტაცებას არ თანხმდებოდა, იმდენჯერ მოგვიწევს კამათი. ეს მიდგომა სახიფათო პრეცედენტად მიგვაჩნია", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"