"ღარიბაშვილმა ალიევს უარი უთხრა და ახლა ერევანში მოდის" - რას წერს სომხური გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილმა ალიევს უარი უთხრა და ახლა ერევანში მოდის" - რას წერს სომხური გამოცემა?

სომხური პრესა, კერძოდ, გაზეთი "ლრაგირი" ("Լրագիր") სტატიაში "ღარიბაშვილმა ალიევს უარი უთხრა და ახლა ერევანში მოდის", კომენტარს უკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერევანში ვიზიტს და წერს: "ირაკლი ღარიბაშვილი ამ რამდენიმე დღის წინ ბაქოში იმყოფებოდა, სადაც, როგორც ცნობილია, თბილისის პოზიციით მაინცდამაინც კმაყოფილები არ არიან.

საქმე ისაა, რომ თბილისმა უარყო ანკარის ინიციატივა-შეთავაზება ექვსი ქვეყნის პლატფორმის (ე.წ. კავკასიური ექვსეულის) შექმნაზე, რომელშიც შევიდოდნენ თურქეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუსეთი და ირანი, სურვილისამებრ - სომხეთიც. თავისი უარით თბილისმა, ფაქტობრივად, "ჩაშალა რუსულ-თურქული პლატფორმა, მაგრამ, იმავდროულად, თბილისმა მონაწილეობა მიიღო ერევანში გამართულ ხუთმხრივ შეხვედრაში, რომელზეც სატრანზიტო დერეფნის საკითხი განიხილებოდა - ინდოეთის ოკეანის სპარსეთის ყურედან შავ ზღვამდე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, ირანის, საბერძნეთისა და ბულგარეთის წარმომადგენლები.

ამ ცოტა ხნის წინათ ინდოეთმაც განაცხადა აღნიშნული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო დერეფნით სარგებლობის სურვილი. და, ალბათ, ამ დღეებში ერევანში შემთხვევით არ მოუკიდეს ცეცხლი მაჰათმა განდის ძეგლს. სხვათა შორის, ინდურმა მასმედიამ ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ სწრაფად და ფართოდ გაავრცელა [სომხეთის საწინააღმდეგოდ]. ზოგიერთი ექსპერტის ეჭვით, ძეგლისათვის ცეცხლის წაკიდება სომხების მოწყობილი არ არის და უცხო პროვოკატორის ხელი ურევია.

როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, სპარსეთის ყურე - შავი ზღვის დერეფანი ძალიან სერიოზული მიმართულებაა და ის შეიძლება ერთგვარი ჰაბიც კი გახდეს, რომელსაც რეგიონის მიღმაც ექნება მნიშვნელობა. მაგრამ როგორ წარმოუდგენია სერგეი ლავროვს ეს "სატრანსპორტო ჰაბი" - სომხეთის იურისდიქციის ჩარჩოებში? ერევანში ყოფნისას რუსმა მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო დერეფნის გახსნა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მიანიშნა, რომ სომხეთმა ირანთან საზღვრის გაკონტროლების უფლება, "თურქული დერეფნის" პატრულირების მიზნით, რუსეთს უნდა გადასცეს.

თვითონ ილჰამ ალიევი კი ამბობს, რომ სომხეთის რკინიგზებით სარგებლობის საკითხი რუსეთთან განიხილება. რატომ? "იმიტომ, რომ სომხეთის რკინიგზები რუსეთს ეკუთვნის".

რას იტყვის სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე ერევანში ირაკლი ღარიბაშვილი? იქნება განხილული ეს საკითხი მოლაპარაკების დროს? სხვათა შორის, ეს საკმაოდ აქტუალურია საქართველოში ანტითურქული განწყობების ზრდის ფონზე - ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოში მოსახლეობა მძაფრად აპროტესტებს ნამახვანჰესის მშენებლობას თურქული კომპანიის მიერ. ისიც საყურადღებოა, რომ თურქეთის ელჩის განცხადებით, თბილისს მალე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი უნდა ეწვიოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ