"როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება" - კვირის პალიტრა

"როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება"

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამჯერად სწორი მიმართულებით გააკეთა განცხადება. მშვიდობისა და მორიგებისკენ მოუწოდა მხარეებს. როდესაც რეგიონში, ჩვენთან ახლოს ამხელა კონფლიქტია, ჩვენ მშვიდობას უნდა დავუჭიროთ მხარი"

"შეაჩერეთ ძალადობა ახლავე" - ასე ეხმაურება გაეროს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში - ტორ ვენესლანდი პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტს და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. "დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი! სრულმასშტაბიანი ომისკენ მივდივართ. ყველა მხარის ლიდერებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა დეესკალაციაზე. ღაზაში ომის საფასური დამანგრეველია და მას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო მუშაობს ყველა მხარესთან სიმშვიდის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე,"- წერს ტორ ვენესლანდი სოციალურ ქსელ "ტვიტერში".

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ღაზას სექტორიდან იერუსალიმის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, საპასუხოდ კი ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" ობიექტებზე იერიშები დაიწყო. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა "ჰამასის" ორი ლიდერი მოკლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავცელებული ინფორმაციით, მოკლულები არიან "ჰამასის" სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ჰასან კაუგი და მისი მოადგილე ვაილ ისსა. ამასთან, ისრაელმა ღაზას სექტორში "ჰამასის" კიდევ სამი ლიდერის სახლები გაანადგურა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათი სახლები "ტერორისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი იყო". რა გახდა ისრაელსა და პალესტინას შორის ისტორიული დაპირისპირების განახლების მიზეზი, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები, მოსალოდნელია თუ არა სრულმასშტაბიანი ომი ახლო აღმოსავლეთში, - ამის შესახებ "რონდელის ფონდის" მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი გვესაუბრება:

- მოგეხსენებათ, ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტი დენთის კასრივით არის, არავინ იცის, როდის აფეთქდება. მთელი რიგი მოუგვარებელი პრობლემები აქვთ, ვერც ტერიტორიების თაობაზე თანხდებიან და ვერც ლტოლვილების შესაძლო დაბრუნების საკითხზე. ამასთან, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს წმინდა ადგილებთან დაკავშირებული საკითხიც. ბოლო ექსკალაციაც გამოწვეული იყო ალაქსარის მეჩეთთან დაწყებული შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ისრაელის პოლიციამ დააკავა არაბი ახალგაზრდები. ამას მოჰყვა შეტაკებები, დაშავდა ათეულობით პოლიციელი ისრაელის მხარეს და ასეულობით ახალგაზრდა პალესტინის მხარეს. ამას მოჰყვა რაკეტების გამოშვება ღაზას სექტორიდან, რომელსაც ისრაელმა უპასუხა. ისრაელელები ვარაუდობენ, რომ ალაქსარის მეჩეთი, რომელიც ახლა მთელ ისლამურ სამყაროში თავისი სიწმინდით მესამე ადგილზეა, მექასა და მედინას შემდეგ, ადრე სოლომონის ტაძარი იყო.

- რამდენად უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მხარეები საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებს გაითვალისწინებენ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწევენ? - რა გითხრათ, საქმე უკვე გასცდა ძველი დაძაბულობის მასშტაბებს, 1050 რაკეტა იყო გაშვებული ბოლო 38 საათის განმავლობაში. ამდენი რაკეტა არასოდეს ყოფილა ისრაელის მიმართულებით გამოყენებული. რაც შეეხება შუამავლობის საკითხს, ეგვიპტემ ტრადიციულად სცადა ამ როლის შესრულება, თუმცა არ გამოვიდა იქედან გამომდინარე, რომ ორივე მხარე საბრძოლოდაა განწყობილი. არც ერთი მხარე არ არის იმისთვის მზად, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდნენ. ორივეს თავისი სიმართლე და ისტორია აქვს. ისრაელის ისტორიას თუ შევხედავთ, ის არის ქვეყანა, რომელიც ასეთ ქმედებებს უპასუხოდ არ ტოვებს და ახლაც დაიწყო საკმაოდ ინტენსიური დაბომბვები ღაზას სექტორის, მათ შორის იბომბება ყველა ის პუნქტი, სადაც არის ეჭვი, რომ განთავსებული არიან მებრძოლები, ისევე, როგორც საცხოვრებელი სახლები "ჰამასის" წარმომადგენლების. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერჯერობით ისრაელი არ არის მზად იმისთვის, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე წავიდეს, იმიტომ, რომ დაიბობმა ისრაელის ქალაქები, დაიხოცა ისრაელის მოქალაქეები და გარკვეულწილად მას აქვს ვალდებულება, პასუხი გასცეს ამ ქმედებებს. იგივე ხდება პალესტინა - "ჰამასის" მხრიდანაც, რომელიც ფიქრობს, რომ სათანადო პასუხი ჯერ არ გაუცია ისრაელისთვის. ამიტომ როდესაც ორივე მხარე კუნთებზე იყურება, ძალიან ძნელია საუბარი სამშვიდობო პროცესზე. ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ადვილად ვერ დასრულდება. მინდა აღვნიშნო, რომ "ჰამასს" ისრაელი, შეერთებული შტატები და კიდევ არაერთი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს და ექცევიან იმგვარად, როგორც საერთაშორისო დონეზე ტერორისტულ ორგანიზაციებს ექცევიან ხოლმე. აქ ისიც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ "ჰამასი" არის ორგანიზაცია, რომელმაც თავის დროზე აღიარა ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა. ასე რომ, ბევრი განზომილება აქვს ამ მიმდინარე კონფლიქტს.

- როგორც ცნობილია, ისრაელს - ამერიკა, პალესტინას კი - თურქეთი უჭერს მხარს, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ახლო აღმოსავლეთში, თუ ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა? - თურქეთს აქვს ამბიცია, გაატაროს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, რომლებიც ოდესმე ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. ამას ვხედავთ სირიაში, ლიბიაში, მათ შორის - პალესტინაშიც. ვფიქრობ, ეს მომავალშიც გაგრძელდება. მეორე საკითხია, რამდენად წაადგება ეს მხარეების შერიგება-მორიგების საქმეს. აღსანიშნავია, რომ ლიბანის პროირანული დაჯგუფება "ჰესბოლა" ჯერ საერთოდ არ ჩართულა საბრძოლო მოქმედებებში. "ჰამასს" და "ჰესბოლას", საერთო ჯამში, 120 ათასზე მეტი რაკეტა აქვთ. ანუ ჯერ მათ რაკეტების 1%-იც არ გამოუყენებიათ. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ჩაერთვება თუ არა "ჰესბოლა" პროცესში. თუ ასე მოხდა, მაშინ რეგიონში კიდევ უფრო დიდი ცეცხლი იქნება.

- რას გულისხმობთ? - პროცესში "ჰესბოლას" ჩართვას შესაძლოა ირანისა და ისრაელის დაპირისპირებაც მოჰყვეს და ეს უკვე მთელი რეგიონისთვის იქნება საფრთხის მომტანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამჯერად სწორი მიმართულებით გააკეთა განცხადება. მშვიდობისა და მორიგებისკენ მოუწოდა მხარეებს. როდესაც რეგიონში, ჩვენთან ახლოს ამხელა კონფლიქტია, ჩვენ მშვიდობას უნდა დავუჭიროთ მხარი.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)