"ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში - გვინდა ქუჩაში დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია?"
"ვერ წარმომიდგენია, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში - გვინდა ქუჩაში დარჩენილი მთავარი ოპოზიციური პარტია?"
ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ახალ შექმნილ ვითარებაში, „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი განმარტებით, პარლამენტში არშესვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება ქუჩაში, ხდება არასაპარლამენტო პარტია და კარგავს ბერკეტებს რომელიც პარლამენტს გააჩნია, ასევე საერთაშორისო წონას, იმიჯს და ურთიერთობას ოპოზიციურ პარტიებთან.

"რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები და გადაწყვეტილებას მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. არ არის დასამალი, რომ
განსხვავებული აზრებია, თუმცა პირადად მე ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ახალ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ იყოს პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლება და გულუბრყვილობაა, ვინმემ იფიქროს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე. მაგრამ,
ეს თუნდაც ასეთი მძლავრი პარტიის თემა არ არის, ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საკითხი და ამის განხილვა არ არის მხოლოდ პარტიული ინტერესების კონტექსტში მოსააზრებელი. გარდა იმისა, რომ პარტიას ყოველთვის თავისი ინტერესები აქვს, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არსებით გავლენას მოახდენს ოპოზიციურ ფლანგზე შექმნილ ვითარებაზე. ერთია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება გარეთ, ქუჩაში, ხდება არასაპარლამენტო პარტია და კარგავს ბერკეტებს, რომელიც პარლამენტს გააჩნია, საერთაშორისო წონას, იმიჯს და მეორეა ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ გვინდა ქუჩაში დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში? თუ პარლამენტში არ შედიხარ, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში რა გინდა?“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ამასთან, რომან გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა გახდეს საერთაშორისო ზეწოლისა და ხვეწნა-მუდარის ობიექტი - „გინდათ თუ არა, პარლამენტში შედითო“.

"შესულებსა და არ შესულებს შორის უკვე მიდის ეპითეტებით შემკობა, რაც არ ასხავს არცერთი პარტიის წისქვილზე წყალს. თუ ასეთ ვითარებაში შევედით თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ვერ მოაგროვებს 57%-ს. რეალური შანსია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ არ შეასრულებინოს ვალდებულებებით გათვალისწინებული ნორმა, რის შემდეგაც საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავენ. როდესაც მოგვმართავენ უცხოელები, არც ეს არის პოზიტიური რამ. დღეს ევროპარლამენტის ოთხმა დეპუტატმა მოგვმართა, „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა გახდეს საერთაშორისო ზეწოლისა და ხვეწნა-მუდარის ობიექტი გინდათ თუ არა, შედითო. ჩვენ არ უნდა წარმოვჩინდეთ ისეთ პარტიად, რომელიც ამ მოლაპარაკებების პროცესში საჯიკავებელი გახდება. პირიქით ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, მივიღოთ გადაწყვეტილება და არ არის საჭირო დროის გაწელვა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან სწრაფად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამაში ნიკა მელიამ უნდა ითამაშოს თავისი როლი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

მან ასევე ისაუბრა პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილის მხრიდან პარტიის დატოვებაზე. გოცირიძის შეფასებით, რაც უფრო მეტად გაგრძელდება დაძაბულობა და რაც უფრო მეტად იქნება გაურკვეველ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მეტად იქნება ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება.

მისივე თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა, შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამან პარტიის შიგნით გარკვეული მოძრაობები გამოიწვიოს.

"ოპოზიციის დაპირისპირებამ უკვე გამოიღო ის შედეგი, რომ სალომე სამადაშვილი აღარ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“, ხათუნა სამნიძეც სხვა პლატფორმაზეა. ყოველი ეს გადაწყვეტილებები კიდევ უფრო მეტად ასუსტებენ ოპოზიციურ ერთობას. რაც უფრო მეტად გაგრძელდება დაძაბულობა და რაც უფრო მეტად იქნება გაურკვეველ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო მეტად იქნება ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება. სალომე იყო ძალიან სპეციფიურ ვითარებაში, მას მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება. არც ერთმა ადამიანმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასახლეში აღმოჩნდა, არ იცოდა მოვლენები როგორ განვითარდებოდა. არავის დაესიზმრებოდა, რომ მოუწევდა სალომე ზურაბიშვილთან დგომა შარლ მიშელთან ერთად. ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უფლება. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა, შექმნილი პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ამან შიგნით გამოიწვიოს გარკვეული მოძრაობები, ამიტომ არის მისაღები დროული გადაწყვეტილებები, რომ "ნაციონალური მოძრაობა” გახდეს ლიდერი პოლიტიკური პარტია“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, გოცირიძის განცხადებით, ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით უნდა წარსდგეს და სხვადასხვა კანდიდატების დაყენება გამარჯვების ფორმულა არ არის. მისივე თქმით, არ გონია, რომ მელიას კანდიდატურასთან სხვა კანდიდატურა თანაწონადი იყოს.

"ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. რა თქმა უნდა ბევრი კანდიდატი ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციიდან ვიღაც მეორე ტურში გავა, რა თქმა უნდა ის ყველა პარტიის მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ არ მგონია, რომ მელიას კანდიდატურასთან რომელიმე სხვა კანდიდატურა თანაწონადი იყოს. ძალიან კარგი იქნება თუ თბილისში ერთიან კანდიდატზე შევთანხმდებით, თბილისის მერს აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. თბილისის მერის გამარჯვება ნიშნავს მომავალი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები