"როდესაც აბსოლუტურად მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას,ბუნებრივია, ის გამარჯვებით დაასრულებს" - კვირის პალიტრა

"როდესაც აბსოლუტურად მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას,ბუნებრივია, ის გამარჯვებით დაასრულებს"

როდესაც აბსოლუტურად მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების შექმნა-ჩამოყალიბებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ სტრასბურგის სასამართლოში თავის საქმეზე გაგზავნილ სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.

"ვინმეს უკვირს "ქართულ ოცნებაში" რომ სარჩელი ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა? რატომ ღელავს "ქართული ოცნება", ეს უფრო მიკვირს. ეს საქართველოს წინააღმდეგ არ არის. ადამიანს როდესაც ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების შექმნა-ჩამოყალიბებას და ეს ადამიანი აბსოლუტურად მართალია, ბუნებრივია, თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს. მსგავსი საფუძველი უბრალოდ არ ჰქონდა "ქართულ ოცნებას". ამიტომ ძალიან გთხოვთ, "ქართული ოცნება" რომ დარდობს და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს წყალი უდგება, ნუ მთხოვთ, რომ მე ვიდარდო ამაზე. ჩემი აზრით, მე არ უნდა ვდარდობდე; "ქართულმა ოცნებამ" თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე. ნებისმიერ შემდეგ ხელისუფლებასაც, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მძიმე შეცდომას დაუშვებს, პასუხისგებაც მოუწევს. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა "ქართული ოცნებაც" და კიდევ უფრო გაღრმავდება მათი პრობლემა", - განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო და შესაბამისი კითხვები მოპასუხე მხარეს გაუგზავნა. ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, სარჩელი უშუალოდ ნიკა მელიას დაპატიმრებას ეხება და ამ კონტექსტში სტრასბურგის სასამართლო საქართველოს ხელისუფლების მისამართით კითხვას სვამს შესაძლო პოლიტიკური პატიმრობისა და პოლიტიკური დევნის საკითხზე.

"ინტერპრესნიუსი"