"ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი" - კვირის პალიტრა

"ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი"

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში იმისთვის, რომ მივიყვანოთ ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტი, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტში, ახალი ოპოზიციური ფრაქციის დაანონსების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საპარლამენტო ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" იქნება გარანტია, რომ მოქალაქეების ხმა საქართველოს უმაღლეს ორგანოში იყოს წარმოდგენილი.

"დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში პირველი ოპოზიციური ფრაქცია, რომლის სახელიც იქნება "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის". ეს ფრაქცია იქნება იმის გარანტია, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმა იყოს ძალიან ხმამაღლა წარდგენილი საქართველოს უმაღლეს ორგანოში. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი და ინიციატორი იმ ეკონომიკური და სისტემური საკითხების მოგვარებაში, რომელიც მძაფრად დგას თითოეული მოქალაქის წინაშე. ეს ფრაქცია იქნება გარანტორი, რომ ევროატლანტიკური კურსი იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან მალე უნდა გავხდეთ ევროატლანტიკური სტრუქტურების სრულუფლებიანი წევრი. რაც ყველაზე მთავარია, თითოეული ჩვენგანი იქნება იმის გარანტორი, რომ ჩვენი მოქალაქეების, რომელთა ცხოვრებაც გაუარესდა "ქართული ოცნების" გაუაზრებლობის გამო, მათი წარმომადგენელი ვიყოთ საქართველოს უმაღლეს ორგანოში.

ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში იმისთვის, რომ მივიყვანოთ ბოლომდე შარლ მიშელის დოკუმენტი, მოვამზადოთ ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის და მივიღოთ ის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტში არის გაწერილი", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ახალი ფრაქციის, "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრები არიან: "ლელოს" წევრები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ანა ნაცვლიშვილი და დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.

"ინტერპრესნიუსი"