"საქართველო ცდილობს, მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს" - რას წერს რუსული გამოცემა ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოსა და ერევანში ვიზიტებზე? - კვირის პალიტრა

"საქართველო ცდილობს, მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს" - რას წერს რუსული გამოცემა ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოსა და ერევანში ვიზიტებზე?

რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" ("КоммерсантЪ") გამოაქვეყნა სტატია სათაურით - "საქართველო ცდილობს, მიტოვებულ გზაზე მარტო არ დარჩეს: თბილისს სურს, რომ ორივესთვის - ბაქოსა და ერევნისათვის სასარგებლო იყოს", რომელშიც აზერბაიჯანსა და სომხეთში პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტებია განხილული. "ამ ვიზიტებისას შეიძლება შევამჩნიოთ თბილისის მთავარი მიზანი - შეინარჩუნოს თავისი როლი რეგიონში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ნაწილობრივი მოგვარებისა და მოსალოდნელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შემდეგ. საქართველო შიშობს, ვაითუ "სატრანზიტო ფუნქცია" დაკარგოს სამხრეთკავკასიური გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე", - აღნიშნავენ პუბლიკაციის ავტორები გიორგი დვალი (თბილისი), არშალუის მღდესიანი (ერევანი) და კირილ კრივოშეევი (მოსკოვი).

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

ბაქოშიც და ერევანშიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში ვიზიტები განახორციელა თბილისისთვის ორ მნიშვნელოვან სახელმწიფოში - უშუალო მეზობლებთან - აზერბაიჯანსა (5 მაისს) და სომხეთში (12 მაისს). ორივე დედაქალაქში იგი თბილად მიიღეს. ილჰამ ალიევთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, მისთვის მამამისის ნათქვამი შეეხსენებინა - "ჩვენ მეზობლობა ბედმა გვარგუნა. ქართველი და აზერბაიჯანელი ერების მეზობლობა ჩვენი ბედისწერაა". პოლიტიკოსებმა კმაყოფილება გამოხატეს ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების წარმატებული რეალიზებით: ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტისა და სამხრეთკავკასიური ენერგეტიკული დერეფნის ნავთობისა და გაზსადენების მუშაობით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ერევანში ვიზიტის დროსაც მსგავსი სიტყვები მოისმინა: მასპინძელმა, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა სომხურ-ქართულ პარტნიორობაზე, "რომელიც რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს". თითქმის იგივე გაიმეორა სტუმარმაც: "სომხეთის სტაბილურობა ჩვენთვის და ჩვენი რეგიონისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორია", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის ვიზიტის მთავარი თემა "შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა": ნიკოლ ფაშინიანმაც სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება - "სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარება, რეგიონული სატრანსპორტო კომუნიკაციების და ტრანზიტის ეფექტიანი სარგებლობა".

სომეხი მასპინძელი აშკარად ცდილობდა, ქართველი სტუმრისათვის თავისი ვიზავი ეჩვენებინა. საქმე ისაა, რომ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ დღის წესრიგში დადგა რეგიონში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებული და შემდეგ დაბლოკილი ძველი სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვა, რაც საქართველოსთვის მაინცდამაინც მომგებიანი არ არის. პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ როცა სომხეთისა და თურქეთის საზღვარი გაიხსნება, ამოქმედდება აზერბაიჯან-სომხეთ-თურქეთის სარკინიგზო ტრანზიტი, რაც, თავის მხრივ, საქართველოს შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წაართმევს.

დღეისათვის ბათუმის ნავსადგური სომხეთისათვის თითქმის ერთადერთი "ფანჯარაა ევროპაში", ხოლო საკონტროლო-გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი" - რუსეთის მიმართულებით. და თუ რკინიგზა ამოქმედდება აზერბაიჯანის გავლით, ის სომხეთისათვის თეორიულად უფრო მომგებიანი იქნება საქართველოს სამხედრო გზასთან შედარებით, რომელიც ძალიან ხშირად უმოქმედოა კლიმატური თუ სხვა ლანდშაფტური მიზეზების გამო.

როგორც "კომერსანტს" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში უთხრეს, თბილისი-ვლადიკავკაზის გზის მნიშვნელობა რეგიონისთვის ძალიან დიდია - იმ 315 ათასი [სატვირთო-სატრანზიტო] ავტომობილიდან, რომლებმაც 2020 წელს საქართველოს ავტოტრასებზე გაიარეს, 45% საქართველოს სამხედრო გზაზე მოდის, რომელიც სომხეთს, თურქეთს და საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.

რა თქმა უნდა, საქართველო ცდილობს ამ გზის წესრიგში შენარჩუნებას: ჯერ კიდევ ყარაბაღის ომამდე გადაწყდა, რომ უცხოელი ინვესტორების დახმარებით მოხდება გზის მოდერნიზება, რეკონსტრუქცია, აიგება გვირაბები, გზა უფრო უსაფრთხო გახდება.

საკვანძო მარშრუტი

სომხური მხარე პოზიტიურად აფასებს საქართველოს მცდელობას სამხედრო გზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით: "გვირაბი, რომელიც სამ წელიწადში უნდა იქნეს გათხრილი, სომხეთისა და რუსეთის სახმელეთო კავშირებს მნიშვნელოვნად გააიოლებს", - ამბობს "კომერსანტ"-თან საუბარში სომხეთის უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანიის - "აპავენის" დირექტორი გაგიკ აგანჯიანი, - "მისი ექსპლოატაციის შესვლის შემდეგ საქართველო სომხეთისათვის ყველაზე მიმზიდველი სატრანზიტო ქვეყანა გახდება რუსეთის მარშრუტით. ანუ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მნიშვნელობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ - უფრო მოიმატებს".

"და მაინც, ქართულმა მხარემ ყურადღება არ უნდა მოადუნოს", - ამბობს "კომერსანტის" ჟურნალისტთან საუბარში საქართველოს ექსსახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი: "ჩვენი ხელისუფლება, როგორც ჩანს, ინიციატივას კარგავს, რადგან ის არ მონაწილეობს რუსულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ერთობლივ კომისიაში, რომელიც დღეს კომუნიკაციების გახსნის საკითხებზე მუშაობს". საქმე ისაა, რომ დღეისათვის, ამ ეტაპზე, ერთადერთ პერსპექტიულ სატრანზიტო მარშრუტს ე.წ. მეგრის დერეფანი წარმოადგენს, რომელიც აზერბაიჯანს, სომხეთის ტერიტორიის გავლით, თავისსავე ავტონომიურ რესპუბლიკასთან - ანკლავ ნახიჩევანთან და თურქეთთან დააკავშირებს. "მეგრის დერეფანი" სომხეთის სიუნიკის ოლქში მდებარეობს, რომელიც ამჟამად თითქმის "ცხელ წერტილს" წარმოადგენს: ყარაბაღის ომის შემდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დადგენა (საბჭოთა რუკების მიხედვით) პრობლემებს აწყდება, ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აპროტესტებს იმას, რომ საზღვარი დასახლებულ პუნქტებს (სოფლებს) შუაზე ჭრის.

ჰოდა, სომხეთის ხელისუფლება სიუნიკის (ან როგორც მას აზერბაიჯანელები უწოდებენ, ზანგეზურის) გავლით რკინიგზის აღდგენის პროექტს უკიდურესად ნეგატიურად უყურებს: ერევანი თვლის, რომ ეს მხოლოდ ბაქოსთვის არის მომგებიანი: "გამორიცხულია, რომ მე ამ სატრანსპორტო დერეფნის საკითხი განვიხილო", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ამ დღეებში "ზანგეზურის დერეფნის" ამოქმედების საკითხს სომხეთის ვიცეპრემიერმა მღერ გრიგორიანმა, რომელიც სატრანსპორტო კომუნიკაციების ამოქმედების მიზნით შექმნილ სამმხრივი კომისიის წევრს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტის ფონზე, სიუნიკში ინციდენტი მოხდა, რომელმაც პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა: "საზღვრების დაზუსტების" საბაბით აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურეები სომხეთის ტერიტორიაზე ღრმად შევიდნენ, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. კიდევ კარგი, რომ ინციდენტი სისხლისღვრის გარეშე დასრულდა. სხვათა შორის, "სიუნიკის სასაზღვრო პრობლემასთან" დაკავშირებული საკითხი ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს განიხილა.

"ხელისუფლების დაუდევრობა"

აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, "ვალდაის" საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ექსპერტის -  ფარხად მამედოვის აზრით, უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს გავლით გატარებული სატრანზიტო ტვირთების ნაკადი არ შეიცვლება და მოცულობა შენარჩუნდება: "კომუნიკაციების განბლოკვის ყველა პერსპექტივა საკმაოდ შორეულია. "ზანგეზურის დერეფნის" სავარუდო რეალიზება შეიძლება სამ-ოთხ წელიწადში მოხდეს", - ამბობს ექსპერტი "კომერსანტის" კორესპონდენტთან საუბარში და იხსენებს, რომ ამას წინათ საკონტეინერო მატარებელმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით, რუსეთის ცენტრში ტვირთი ჩაიტანა ანუ სარკინიგზო მიმოსვლა თურქეთს და რუსეთს შორის, "ზანგეზურის დერეფნის" გარეშეც, უკვე აწყობილად შეიძლება მივიჩნიოთ.

თბილისის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძეც დარწმუნებულია, რომ თურქეთ-სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტის სავარაუდო გახსნასთან დაკავშირებით საფრთხე საქართველოსთვის ძალიან გადაჭარბებულია: "ახალი მარშრუტების აწყობისა და ძველის აღდგენისათვის მნიშვნელოვანი დრო და სახსრებია საჭირო", - ამბობს იგი, - "ამასთან, თუ აზერბაიჯანი ნახიჩევანთან და თურქეთთან დაკავშირებას მოახერხებს, აღდგენილი რკინიგზა აზერბაიჯანის მოთხოვნილებებს მაინც ვერ დააკმაყოფილებს. ამ მხრივ ბათუმისა და ფოთის პორტების მნიშვნელობა უნიკალურია, საიდანაც ტვირთები მსოფლიოს ყოველ კუთხეში შეიძლება გაიგზავნოს".

თავის მხრივ, პაატა ზაქარეიშვილიც ეთანხმება იმ აზრს, რომ "ახალი მარშრუტების გახსნის შემდეგ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრული ნიველირება არ მოხდება", მაგრამ "აშკარად ჩანს, რომ ქვეყანა, ასე თუ ისე, მაინც დაკარგავს მნიშვნელოვან რესურსებს საკუთარი ხელისუფლების დაუდევრობის გამო". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ