"ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, წყობიდან ვერ გამოგვიყვანს განცხადებები, რომლებიც გამიზნულია, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს შეთანხმება" - კვირის პალიტრა

"ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, წყობიდან ვერ გამოგვიყვანს განცხადებები, რომლებიც გამიზნულია, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს შეთანხმება"

ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, ნებისყოფა, ჩვენ წყობიდან ვერ გამოგვიყვანს ცალკეული განცხადებები, რომლებიც იმისთვისაა გამიზნული, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს ეს შეთანხმება, - ამის შეასხებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" იქმნება იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან.

"დღეს აქ ვდგავარ საქართველოს პარლამენტის ახლად შექმნილი ფრაქციის ერთ-ერთი წევრი და გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიტვირთეთ აქ დადგომით. დღეს ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია, რაც კი ჩვენი თაობის ხალხს გვინახავს და მომხდარა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ქვეყანა არის არათუ უფსკრულის პირას, არამედ უფსკრულში. ეს უნდა გავაცნობიეროთ. მეორე, რაც უნდა გავაცნობიეროთ არის ის, რომ ამ უფსკრულიდან ამოსვლა ცალკე რომელიმე პარტიას, რომელიმე ჯგუფს - სახელისუფლების, ოპოზიციურს, ნიჰილისტურს, ასეთს, ისეთს არ შეგვიძლია. ჩვენ ეს კრიზისი ერთად უნდა დავძლიოთ. ამიტომ, ეს ფრაქცია იქმნება იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან და ამ ქვეყანაში იგულისხმება მმართველი პარტიაც, ოპოზიციაც, აპოლიტიკური ხალხიც, ბიზნესიც, უმუშევარიც და ყველა. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მომთმენები და ნებისყოფიანები. შეთანხმება, რომელიც დაიდო, როგორც ხიდი, ბაგირი, რომელსაც უნდა ჩავეჭიდოთ და ამოვიდეთ ამ უფსკრულიდან, საჭიროებს ძალიან დიდ შრომას და ძალიან ცოტა უაზრო კამათს, პერსონალურ თავდასხმებს, გუშინწინდელი ამბების არმოხმობას, ამის გამო ხვალ ნაბიჯის ვერგადადგმას და ა.შ.", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქცია და ეს ფრაქცია იქნება ამის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი.

"ამ პარლამენტის შენობაში ჩვენ გვინდა ვიხილოთ ყველა, ვინც ჯერ კიდევ შემოსასვლელია. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. თითოეული ჩვენგანი და ამ შემთხვევაში როგორც "ლელოს" წარმომადგენელი ვამბობ, ძალიან დიდ შრომას ვდებდით და ასევე გავაგრძელებთ იმისათვის, რომ შედეგი მივიღოთ. ჩვენ არ გვიმტყუნებს ნერვები, ნებისყოფა, ჩვენ წყობიდან ვერ გამოგვიყვანს ცალკეული განცხადებები, რომლებიც იმისათვისაა გამიზნული, რომ ჩაიშალოს და ვერ შედგეს ეს შეთანხმება - რაღაც სხვა გზებით მოხერხდეს გარდა სამართლებრივი, საარჩევნო კონსტიტუციური გზებისა, ხელისუფლების ცვლილება და ა.შ. ასე, რომ წინ არის ძალიან დიდი შრომა. აქ ვხედავ იმ ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთან ერთადაც 4-5 წლის წინ სხვა როლში და სხვა თემებზე ვსაუბრობდი ხოლმე, ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას და ტვირთს, რომლისთვისაც შესაძლოა, მე ბოლომდე მთელი ცხოვრება ვერ გავიმართლო, რომ აქ 4 წელი ვიდექი და იმ 4 წლის შრომის შედეგზე ახლა შეიძლება მკითხოს მოქალაქემ - სად არის, რა გააკეთეთ. ეს მაწუხებს და ამ წუხილით ათმაგი ენერგიით დავეხმარები ჩემს კოლეგებს და ყველას იმისათვის, რომ ახლა მაინც დავაყენოთ ქვეყანა სწორ გზაზე და ისეთ გზაზე, რომლიდანაც გადახვევა შეუძლებელია. ამისათვის, ჩვენ ევროპამ ხელი გამოგვიწოდა და ამ ხელს ხელი მჭიდროდ უნდა ჩავჭიდოთ. თავი დავანებოთ წარსულის თემებზე იწილო-ბიწილოს და გავიაროთ ამ ხიდზე და ამ გზაზე. წინ საინტერესო შრომითა და ბრძოლით სავსე დღეები გველის", - განაცხადა უსუფაშვილმა.