დატოვებს თუ არა კახი კახიშვილი "ქართულ ოცნებას"? - კვირის პალიტრა

დატოვებს თუ არა კახი კახიშვილი "ქართულ ოცნებას"?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება.

კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

"ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია.

გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, მას, როგორც მაჟორიტარს კონკრეტული საქმის გაკეთებაში ხელს ბიუროკრატიული მანქანა უშლის. კახიშვილმა ერთ-ერთ ძირითად პრობლემად ის დაასახელა, რომ მაჟორიტარ დეპუტატებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ეფექტური მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ, რაც მოსახლეობის პრობლემების გადაჭრის პროცესს აფერხებს და საზოგადოებაში უკმაყოფილების ხარისხს ზრდის.

"მე კი ვმუშაობდი პოლიტიკურ თანამდებობებზე, მაგრამ ასეთი პირდაპირი შეხება პოლიტიკასთან, როგორიც დღეს პარლამენტიდან მაქვს, არ მქონია და სიმართლე გითხრათ, არც სურვილი არ მქონია, რომ ეს გამოცდილება მიმეღო. ახლა უფრო მეტად ვნახე, რამდენად ბინძურია ეს პოლიტიკა და ნეტა, თავის დროზე მეთქვა უარი და არ შევსულიყავი პარლამენტში და გამეგრძელებინა აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობა.

მე არ ვარ ლიდერი, ლიდერები სხვები არიან, მე რიგითი დეპუტატი ვარ. არავინ არ მებრძვის, მაგრამ, ამავდროულად, თვლიან, რომ ვიღაცა უფრო კარგად აკეთებს რაღაცას პარლამენტში და გააკეთოს, კი ბატონო, ჩემთვის მთავარი ის კი არ არის, კახიშვილი გამოჩნდება თუ არ გამოჩნდება, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ უმრავლესობა, რომლის წევრიც მე ვარ და რომლის სახელსაც მე ვატარებ, არ მინდა გაილანძღოს. რაღაც საკითხებს მე ვერ ვაკეთებ, იმიტომ, რომ ბიუროკრატიული მანქანა მიშლის ხელს. არ მუშაობს კარგად მექანიზმი. როდესაც მე ავიღე პასუხისმგებლობა, რომ მე ვიქნები ადამიანი, რომელიც იქნება შუამავალი საკანონმდებლოსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის, მე ამ პასუხისმგებლობას ვატარებ და ვერავის მივცემ საშუალებას, რომ მე გამანულოს და ეს სიტყვა, რომელიც მე ნათქვამი მქონდა, ვერ შევასრულო. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უფრო მწვავე განცხადებებსაც გავაკეთებ იმისთვის, რომ ცოტა ვიღაც-ვიღაცებმა ყური შეიბერტყონ და რეაგირება დროულად მოახდნონ.

აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, მე უნდა ვიცოდე, ჯანდაცვის საკითხებზე თუ ექნება მოსახლეობას პრობლემა, ვის უნდა დავურეკო და იუსტიციის საკითხებზე, ვის უნდა დავურეკო და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დავალება, რომ მაჟორიტარებთან იმუშაონ დროულად, იმიტომ, რომ ზოგჯერ იმდენ მადლობას ვუხდი, თითქოს ჩემი სასიცოცხლო საქმე გადამიწყვიტა, არადა სამადლობელო არაფერი არ არის, ეს არის იგივე იმის სამსახური, როგორც ჩემი სამსახური.

მე არ ვფიქრობ, რომ დღეს მე ჩუმად რომ ვიყო, ხალხის უკმაყოფილება უფრო მეტად გაიზარდოს და საბოლოოდ, ეს ხალხი გაგიჟებული მოვა და ყველას გვიფრენს, ეს არის გამოსავალი. მე მომხრე ვარ, დღეს ვთქვა, რაც გვაწუხებს და იქნებ გამოვფხიზლდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე კეთდება, ვიდრე ჩუმად ვისხდეთ, ერთმანეთს "სმაილიკები" ვუგზავნოთ, რა მაგრები ვართო და ამასობაში უკმაყოფილებამ იმატოს", - განაცხადა კახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"