"თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ოპოზიციას" - კვირის პალიტრა

"თამარ ჟვანიასთვის ბოდიში აქვს მოსახდელი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ოპოზიციას"

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თამარ ჟვანიას გადადგომის საკითხი "არ და ვერ იქნება განხილვის საგანი".

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ჟვანიამ და ცესკო-ს გუნდმა შრომა გასწიეს, არჩევნები შედგა და ამიტომ "მათთვის აქვს ჯერ ბოდიში მოსახდელი ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და ოპოზიციას".

ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდის შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე პროფესიული ნიშნით შეარჩიონ, რაციონალური და სამართლიანია.

"ქართული ოცნების" გუნდს აქვს სამართლიანი შეთავაზება ოპოზიციისადმი, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, უფრო მეტი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი და საჭიროების შემთხვევაში ის იყოს მოვალეობის შემსრულებელი. თუ ამ სამართლიანი და რაციონალური წინადადების საწინააღმდეგო არგუმენტს ვინმე წარმოადგენს, სიამოვნებით მოვუსმენთ, თუმცა აქამდე ასეთი არგუმენტი არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის რაციონალური და სამართლიანი მიდგომა, ნაცვლად იმისა, რომ პირველი მოადგილე იყოს პოლიტიკურად დაინტერესებული, კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი, ვთავაზობთ, რომ არცერთი პარტიის წარმომადგენელი არ იყოს, იყოს უფრო მეტად პროფესიონალი, პოლიტიკურად ნეიტრალური და სწორედ პროფესიული ნიშნით მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ოხანაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ამნისტიის შესახებ კანონპროექტს და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სამართლიანია და შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ასახავს.

"საკომიტეტო მოსმენებზე გამოჩნდება, რამდენად სამართლიანია ჩვენი პოზიცია. ხოლო ოპოზიციის მიდგომა ნამდვილად არაა სამართლიანი და არც თანასწორობის პრინციპებს იცავს", - განაცხადა ოხანაშვილმა.