"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში" - კვირის პალიტრა

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში"

"ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც - დავილაპარაკებთ გუნდში", - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრის, კახა კახიშვილის განცხადებას "ქართული ოცნებიდან" შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, გუნდში იმსჯელებენ.

"კახა კახიშვილი არის "ქართული ოცნების" გუნდის წევრი, შესაბამისად, რაიმე კითხვის ნიშნის დასმა სწორი არაა. ეს მისი პოზიციაა, შესაძლებელია ცოტა ემოციურიც. დავილაპარაკებთ გუნდში და თუ ვინმეს უკმარისობის განცდა აქვს, რა თქმა უნდა, გვექნება მსჯელობა",- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" დატოვოს. როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ის მმართველი გუნდიდან გავა, არცერთ სხვა პარტიას არ შეუერთდება. კითხვაზე: რა შეიძლება გახდეს მისი "ქართული ოცნებიდან" წასვლის მიზეზი, კახიშვილმა განმარტა, რომ გუნდს გამოეყოფა იმ შემთხვევაში, თუ დაინახავს, რომ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განხილვებში ვერ იღებს მონაწილეობას და მხოლოდ სხვისი გამზადებული განცხადების მხარდაჭერა ევალება.

"ნამდვილად სხვადასხვა პარტიებში გადახტომებს არ ვაპირებ, ეს გუნდი არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ საიმისოდ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციებს მივყვე. ამ ცხოვრებაში არაფერი არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ თუ გავალ პარტიიდან, არსად არ წავალ, არანაირ პოლიტიკურ პარტიას არ შევუერთდები, მაგრამ ამაზე ჯერ არ მიფიქრია. გავალ თუ ვნახავ, რომ ისეთი გადაწყვეტილების მიღების პროცესი დაიწყო, რასაც მე არსებითად არ ვეთანხმები. ყველა გადაწყვეტილებას არ შეიძლება რომ დაეთანხმო, მაგრამ განხილვებში უნდა იღებდე მონაწილეობას, თუ ვნახავ, რომ განხილვებში არ ვიღებ მონაწილეობას და უბრალოდ ვიღაცას სურს, რომ უკვე მომზადებულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას დავუწკაპუნო და მხარი დავუჭირო, ასეთ რაღაცას მე არ გავაკეთებ, არც არასდროს გამიკეთებია და არც ახლა ვაკეთებ,- განაცხადა კახიშვილმა.