"დროა რუსეთს მტკიცედ მოვთხოვოთ პასუხი აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ყოფნისათვის და აღვადგინოთ 2008 წლის აპრილში არსებული სიტუაცია" - კვირის პალიტრა

"დროა რუსეთს მტკიცედ მოვთხოვოთ პასუხი აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" ყოფნისათვის და აღვადგინოთ 2008 წლის აპრილში არსებული სიტუაცია"

ამერიკულ ჟურნალ "ნეიშენელ რევიუ"-ში (National Review) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "როგორ შეუძლია ჯო ბაიდენს პუტინის გეგმების დარღვევა?", რომელშიც გაანალიზებულია აშშ-რუსეთის ურთიერთობა, ხაზგასმულია კრემლის აგრესიული კურსი (მათ შორის უკრაინისა და საქართველოს მიმართ) და დასახულია პრაქტიკული მოქმედების კონკრეტული გეგმა აშშ-ის ადმინისტრაციისათვის ევროპულ-კავკასიური მიმართულებით. სტატიის ავტორია ჯონ ბოლტონი - აშშ-ის ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში. სხვათა შორის, ჯონ ბოლტონი თბილისშიც იყო ოფიციალური ვიზიტით, 2018 წლის ოქტომბერში. გთავაზობთ ვრცელი სტატიის შემოკლებულ ვერსიას:

"ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის უკრაინული ვიზიტი, რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაში, კიევის მხარდამჭერ ნაბიჯად წარმოადგინა. სინამდვილეში, ბლინკენი მხოლოდ ყბედობდა და მას უკრაინის დასაცავად არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებია, ამ მხრივ ძალიან ჩამორჩა დონალდ ტრამპის გუნდის ჩინოვნიკებს. ფაქტიურად, ენტონი ბლინკენი ბარაკ ობამას ეპოქის დროინდელ დარწმუნება-დაჯერების პოლიტიკას დაუბრუნდა. ვლადიმერ პუტინი ამერიკის ასეთი [ლოიალური] მოქმედებით აღფრთოვანებული უნდა იყოს", - წერს ჯონ ბოლტონი.

სამწუხაროა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური კურსი რუსეთთან (ჩინეთთან) და ევროპასთან მიმართებით. მართალია, იგი 13 აპრილს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა, ორმხრივ სამიტზე მიიწვია, მაგრამ აშშ-ის საგარეო პოლიტიკური სტრატეგია არამხოლოდ საკითხების ჩამოთვლას ითხოვს, არამედ პრიორიტეტების დაზუსტებასა და რესურსების გადანაწილებას ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებს შორის. თუ ეს არ მოხდება, მაშინ სამიტზე მიწვევა მხოლოდ თეატრალურ ჟესტად დარჩება, კონტრპროდუქტიულ ნაბიჯად.

არადა, ჯო ბაიდენმა მემკვიდრეობით ისეთი პრობლემები მიიღო, რომლებიც სასწრაფოდ არის მოსაგვარებელი. საბჭოთა კავშირისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლის შემდეგ, ნატოს გაფართოებას აღმოსავლეთით თავისი ლოგიკური დასრულებული სახე ჯერ არ მიუღია. აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ექვსი ქვეყანა ერთგვარ "ნაცრისფერ [რუხ] ზონაში" დარჩნენ, რომელიც რუსეთსა და ნატოს ახალ საზღვრებს შორის არსებობს, შესაბამისად, ისინი ძალიან მოწყვლადები არიან მოსკოვის სურვილის წინაშე, რომელიც ყოფილი სსრკ-ის საზღვრებში რუსეთის ჰეგემონიის აღდგენით გამოიხატება.

1990-იან წლებში კრემლი აქტიურად ცდილობდა "რუხი ზონის" მისდამი კუთვნილების დამტკიცებას: პირდაპირი სამხედრო ჩარევებით ქმნიდა "გაყინულ კონფლიქტებს" მოლდოვაში და საქართველოში და მანიპულირებდა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირებით მთიანი ყარაბაღის გამო. მოგვიანებით, მოსკოვმა იგივეს გაკეთების მცდელობა დაიწყო უკრაინისა და ბელარუსის მიმართაც, რომლებსაც კრემლი "რუსული სამყაროს" სივრცეში განიხილავდა.

საწყის ეტაპზე კიევის მიმართ მოსკოვმა წარმატებას მიაღწია, მაგრამ 2004 წელს მომხდარმა "ნარინჯისფერმა რევოლუციამ" ისეთი დრამატული ცვლილებები მოიტანა, რომ 2008 წლის აპრილში ჯორჯ ბუშმა წინადადება წამოაყენა - უკრაინა და საქართველო ნატოში მიღებულიყვნენ და ამ მიზნით ისინი მტკიცე გზაზე დამდგარიყვნენ ("მაპ"-ის მიცემით).

ნატოს ბუქარესტის სამიტზე აშშ-ის წინადადება გერმანიამ და საფრანგეთმა უარყვეს, ხოლო ოთხი თვის შემდეგ, რუსეთი სქართველოში შეიჭრა. მოგვიანებით კრემლმა, სხვადასხვა პოლიტიკური თაღლითობითა და არჩევნების გაყალბებით, უკრაინაში "ნარინჯისფერი რევოლუციის" მიღწევებიც ჩაფუშა, თუმცა 2014 წლის სახალხო გამოსვლების შედეგად, რუსეთმა უკან დაიხია. იმავე ხანებში ვლადიმერ პუტინმა შური იძია - ყირიმი ხელში ჩაიგდო და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში - დონბასში ახალი "გაყინული კონფლიქტი" შექმნა.

ალბათ, ამ ისტორიებში საკმაოდ ბევრი გაურკვეველი მომენტებია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის აგრესიული მოქმედება პოსტსაბჭოთა სივრცეში ზიანს აყენებს აშშ-ის ინტერესებს, რეგიონის დესტაბილიზებას ახდენს და თუ მას არ შევაკავებთ, არასტაბილურობა მთელ ევროპას დაემუქრება.

პრაქტიკულად, "ახალი ევროპის" ყველა ის ქვეყანა, ნატოს წევრების ახალი თაობა, რომლებიც ალიანსში "ცივი ომის" შემდეგ იქნენ მიღებულნი, არცთუ უსაფუძვლოდ ვარაუდობენ, რომ მათი სტაბილურობისა და განვითარებისათვის მოსკოვის შეჩერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. "ბებერი ევროპა", განსაკუთრებით კი გერმანია და საფრანგეთი, ჯერ კიდევ ყურს უყრუებს მოსკოვის მოქმედებას, ამიტომ ჩვენ სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ "მძიმე დიპლომატიურ წონას", რომლის "აწევა" ვაშინგტონს მოუწევს. გარკვეულწილად ის შეიძლება იმ წონის ტოლფასიც კი აღმოჩნდეს, რომელიც "ცივი ომის" დროს იყო დამახასიათებელი.

ევროპაში რუსეთის აგრესიულობის ფონზე აქტიურად მიმდინარეობს მოსკოვის პეკინთან დაახლოების პროცესი. ჩინეთისათვის რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია - ენერგორესურსებისა და მაღალტექნოლოგიური სამხედრო იარაღის მიღების მიზნით. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესების დამთხვევა და ერთნაირი ხედვა მსოფლიო პრობლემებზე, ასევე მსგავსი პოზიცია ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სხვა ქვეყნების მიმართ, რომელთა რეჟიმებს, რუსეთისა და ჩინეთის აზრით, აშშ-საგან დაცვა სჭირდებათ. პეკინ-მოსკოვის ღერძის დამსხვრევა აშშ-ის ერთ-ერთი უმაღლესი პრიორიტეტი უნდა იყოს, ამით თავიდან უნდა იქნეს აცილებული რუსეთისა და ჩინეთის ჩარევები მათი ტერიტორიის მიღმა არსებულ სივრცეში. ამ მხრივ ამერიკას უკვე აქვს წარმატება - ვაშინგტონის დიპლომატიამ ხელი შეუშალა იმ სავარაუდო გარიგების დადებას, რომლის თანახმად, უკრაინის უმსხვილესი აეროკოსმოსური კომპანია "მოტოს სიჩი" შეიძლებოდა ჩინეთის ხელში მოხვედრილიყო. მაგრამ მთლიანობაში, ამერიკის დიპლომატიას ევროპაში დიდი და მძიმე მუშაობა მოუწევს.

სანამ ნატოსა და რუსეთს შორის "რუხი ზონა" რჩება, რეგიონში არასტაბილურობა შენარჩუნდება. თავისი ბუნებით ამ სახიფათო გეოგრაფიული სივრცის შემცირება ხელს შეუწყობს რუსეთის მხრიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის შემცირებას და საბოლოო ჯამში, კრემლს დააფიქრებს: შეუერთდეს დასავლეთს თუ დაუპირისპირდეს მას.

ნატოს წევრობა ერთადერთი გამოსავალია, რომ უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის ახლოს მდებარე ევროპული ქვეყნების დაცვა. ადრე ნატო სამართლიანად არიდებდა თავს ისეთი სახელმწიფოების ახალ წევრებად მიღებას, რომელთა ტერიტორიაზე უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალები იყვნენ განლაგებულნი - ალიანსი თვლიდა, რომ მათი მიღებით ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 პუნქტი ამოქმედდებოდა და ომის საფრთხე გაიზრდებოდა. დღეს "რუხი ზონის" შემცირება არ ნიშნავს ნატოში ახალი წევრების დაუყონებლივ მიღებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ალიანსს შეუძლია მათთვის ისეთი შესაბამისი სტატუსი შეიმუშაოს, რომლებიც მიმდინარე ევროპული პრობლემების გადაწყვეტის ამოცანებს შეესაბამება. ამის მისაღწევად ჩვენ პირველ რიგში მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ კიევის მდგომარეობას და მნიშვნელოვნად უნდა გავზარდოთ ვლადიმერ ზელენსკის ძალისხმევა (დიპლომატიური და სამხედრო თვალსაზრისით), რომელიც დონბასში რუსეთის ჩარევების წინააღმდეგ არის მიმართული. დონბასის საკითხში წარმატება, ყირიმის პრობლემის მოგვარებასაც წაადგება.

მოლდოვაში, რომელიც უკრაინა-რუმინეთს შორისაა "ჩაჭედილი", დნესტრისპირეთის "გაყინული კონფლიქტი" არსებობს, რომელიც თვითონ მოსკოვმა შექმნა. დნესტრისპირეთი კიშინიოვისაგან დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ რუსეთის დახმარებით, რომელსაც იქ თავისი სამხედრო-სამშვიდობო კონტინგენტი ჰყავს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ამ ანომალიას მსოფლიომ მეტი ყურადღება მიაქციოს (ისე, რომ კრემლს რაც შეიძლება მეტი პრობლემები შეექმნას) და დავეხმაროთ მოლდოვას ახალ მთავრობას ამ მიმართულებით ძალისხმევის გასააქტიურებლად.

ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ საქართველოს მიმართაც: დროა რუსეთს მტკიცედ მოვთხოვოთ პასუხი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნისათვის და აღვადგინოთ 2008 წლის აპრილში არსებული სიტუაცია, როცა საქართველოს (და უკრაინის) ნატოში მიღების საკითხი სრულიად სერიოზულად განიხილებოდა და შესაძლებლად ითვლებოდა. უკრაინა და საქართველო "რუხი ზონის" სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, როცა ჯო ბაიდენმა თურქეთის მიერ სომხების გენოციდი აღიარა პირველი მსოფლიო ომის დროს, ამით ვაშინგტონმა ამიერკავკასიაში სერიოზული ნაბიჯი გადადგა და შეუძლია აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. თუმცა ამ საკითხში რეალური პროგრესის მიღწევას ლოდინი დაჭირდება მანამ, სანამ 2023 წელს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება. თუ მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი არჩევნებს წააგებს, ბევრი რამის გაკეთება შესაძლებელი გახდება, მაგრამ თუ იგი გაიმარჯვებს, მაშინ თურქეთი სახიფათოდ დაუახლოვდება ნატოდან გასვლის ზღვარს, უარყოფს მუსტაფა ქემალის პოსტოსმანურ ხედვებს და ამით სერიოზულად შეარყევს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პოზიციებს კავკასიაში. (...)

რაც შეეხება ბელარუსს - ეს ყველაზე რთული გამოწვევაა. მისი ნატოში მიღება წარმოუდგენელია გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი, მაგრამ როგორი ძნელიც არ უნდა იყოს ამის გაკეთება, ვაშინგტონმა მინსკი მოსკოვს უსიტყვოდ არ უნდა გადასცეს. რუკისადმი ერთი შეხედვაც კი გვარწმუნებს იმაში, რომ ბელარუსს დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს პოლონეთისთვის, უკრაინისა და ბალტიისპირეთისათვის, ანუ რუსეთის რეალური გავლენა ბელარუსზე მათ დიდ საშიშროებას უქმნის. ბედის ირონიით, შარშან ბელარუსში მომხდარი მოვლენები (მოსახლეობის საპროტესტო აქციები) ზრდის იმის რისკს, რომ შეიძლება რუსეთმა ამ ქვეყნის ანშლუსი (მიერთება) განახორციელოს. ბელარუსის მაგალითი ბადებს კითხვას: გააცნობიერებენ თუ არა შვედეთი და ფინეთი საფრთხეს და გახდებიან თუ არა ისინიც ნატოს წევრები? თუ სტოკჰოლმი და ჰელსინკი ალიანსში გაერთიანდებიან, ამით გაძლიერდება ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისა და ნატოს სხვა წევრების უსაფრთხოებაც.

რუსეთის დაპირებას, რომ მოსკოვი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საქმეებში არ ჩაერევა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. კრემლი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საქმეებში ჩარევას მხოლოდ მაშინ შეწყვეტს, როცა გაიგებს, რომ წარმატებას ვერ მიაღწევს და რომ ნატოს საზღვრების გადაკვეთა მისთვის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. და რაც უფრო მალე მივახვედრებთ ამას მოსკოვს, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.

დროში ერთმანეთის თანმხვედრი "დიდი შვიდეულისა" და ნატოს სამიტები ლონდონსა და ბრიუსელში, ჯო ბაიდენს აძლევს იმის დადასტურების შესაძლებლობას, რომ მას უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე დღევანდელი რიტორიკაა. და თუ იგი მომავალ თვეში აუცილებელ დარტყმას ვერ განახორციელებს, მაშინ წინ დიდი პრობლემები იქმნება როგორც ამერიკისთვის, ასევე უკრაინისა და ევროპისათვის. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ