"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია, მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს" - კვირის პალიტრა

"საჯარო სამსახურიდან ადამიანების გათავისუფლების მოტივი მხოლოდ ერთია, მათ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი კეთილგანწყობა გამოხატეს"

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ რამდენიმე დღეა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებზე და თანამდებობის პირებზე ზეწოლა დაიწყო, რაც გამოიხატება თანამდებობიდან გათავისუფლებში.

კერესელიძე საჯარო მოხელეების თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივად მათი გახარიასადმი მხარდაჭერას ასახელებს. მისი თქმით, ეს ხდება მაშინ, როდესაც გახარიას პარტია ჯერ შექმნილი არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდისადმი საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა არსებობს, რისაც "ქართულ ოცნებას" ეშინია.

"ეს ადამიანები საკმაოდ კვალიფიციურები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ საჯარო სამსახურებში სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა თანამდებობებზე და ჯეროვნად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. სამწუხაროდ, გათავისუფლების მოტივი არის მხოლოდ ერთი, რომ ამ ადამიანებმა გიორგი გახარიასა და მისი გუნდისადმი გამოხატეს და დააფიქსირეს პირადი მოწონება და კეთილგანწყობა. ძალიან სამწუხაროა, რომ "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ბრძოლის ეს ფორმები და მეთოდები აირჩია. მე ეს მახსნებს 2012 წელს, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ასეთი ფორმებით და მეთოდებით ებრძოდა "ქართულ ოცნებას". მაშინ "ქართველმა ხალხმა" ძალიან მტკიცე და პრინციპული უარი განაცხადა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და იმ ადამიანებს, ვინც სამსახურიდან გათავისუფლდნენ, ასევე ყველა საჯარო მოხელისადმი მხარდაჭერა გამოვხატო და მოვუწოდო, რომ ჩვენი გუნდი ყველანაირად დაეხმარება და გვერდში მაქსიმალურად დაუდგება", - აცხადებს შალვა კერესელიძე.

"ინტერპრესნიუსი"