"ამ კონფლიქტს სხვა დამკვეთები ჰყავს. არა მარტო მსოფლიო, არამედ რეგიონული მოთამაშეებიც ცდილობენ ამ ვითარებით რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ"
"ამ კონფლიქტს სხვა დამკვეთები ჰყავს. არა მარტო მსოფლიო, არამედ რეგიონული მოთამაშეებიც ცდილობენ ამ ვითარებით რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ"
"ქვეყანას რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს, არც იმაზე, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ახალ მსოფლიოში, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ დინამიკურად იცვლება"

კვლავ უკიდურესად გართულდა ვითარება ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის არმიისა და პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფებების შეიარაღებული დაპირისპირება თითქმის ერთი კვირაა გრძელდება და დასასრული არ უჩანს. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება გადაწყვიტა. დაბომბვა ისრაელში კარგა ხანია არავის უკვირს, მაგრამ ის, რაც ამ ბოლო დღეებში
ხდება, მართლაც გამაოგნებელია. პალესტინის რადიკალურმა დაჯგუფებებმა 13 მაისის საღამოს 1000-მდე რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით, მათ შორის ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე დიდი ქალაქებისკენ. ისრაელმა უნიკალური ანტისარაკეტო სისტემა "რკინის გუმბათის" საშუალებით რაკეტების 90%-ზე მეტი გაანეიტრალა.

თავის მხრივ, ისრაელის საჰაერო თავდასხმებს არაერთი პალესტინელი ემსხვერპლა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ
საგანგებო მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების აღსადგენად. ნეთანიაჰუს თქმით, "ჰამასსა" და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდებათ. 14 მაისს კი, გამთენიისას, ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზე სპეციალური განცხადება გაავრცელა. ექსპერტთა თქმით, თუ დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა, ამას შეიძლება მსოფლიოში ტერორისტული აქტების ახალი ტალღა მოჰყვეს.

რამდენად მასშტაბური შეიძლება გახდეს კონფლიქტი და როგორ შეიძლება აისახოს ეს საქართველოზე? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან

მამუკა არეშიძე

- სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ამ კონფლიქტის ამოწურვის უახლეს პერსპექტივას. ვერ ვხედავ იმიტომ, რომ რაც ხდება, არა მგონია, მხოლოდ "ჰეზბოლას" ან რომელიმე სხვა პალესტინური რადიკალური ორგანიზაციის ინიციატივა იყოს. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტს სხვა დამკვეთები ჰყავს. არაერთხელ მითქვამს, რომ მსოფლიოში ახალი წესრიგი ყალიბდება. აქედან გამომდინარე, არა მარტო მსოფლიო, არამედ რეგიონული მოთამაშეებიც ცდილობენ ამ ვითარებით რაც შეიძლება მეტი მოგება ნახონ. ისრაელი არ არის ამჟამად ამ კონფლიქტის ასეთი გამწვავებით დაინტერესებული, მაგრამ ზოგიერთი მისი მეზობლის ინტერესებში ნამდვილად არის. მათ მისცეს პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფებებს ვითარების გამწვავების საშუალება, რაც გამოიხატება როგორც ფინანსურ დახმარებაში, ასევე იარაღის მასობრივ მიწოდებაში და ეს წლებია გაგრძელდება. იცით, ალბათ, ამ რამდენიმე დღის წინ ამერიკელებმა ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს იარაღით დატვირთული გემი. ასეთი გემი უამრავია, ნაწილი სწორედ "ჰეზბოლას" და მის მსგავს ორგანიზაციებს ამარაგებს. ამის შედეგს ვხედავთ ბოლო დღეებში - სარაკეტო შეტევები არ წყდება ისრაელზე. მართლაც გასაოცარია რეგიონის მილიტარიზაციის ხარისხი...
მოგეხსენებათ, "მოსადი" მსოფ­ლიოში ერთ-ერთი ძლიერი სადაზვერვო სტრუქტურაა და მიკვირს, ეს როგორ არ აღკვეთა? მათ ან გამოეპარათ ეს პროცესები, ან იცოდნენ, მაგრამ ხელი ჰქონდათ შებორკილი საერთაშორისო შეთანხმებებით.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს აქამდეც იყენებდნენ მსხვილი მოთამაშეები სათავისოდ, საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. თავის დროზე საბჭოთა კავშირიც ამას აკეთებდა, აშშ-ც და ა.შ

სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოსახ­ლეობა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მძევალია, განსაკუთრებით პალესტინელები. ვერც წარმოიდგენთ, რა სიმდიდრეში ცხოვრობენ ამ პალესტინური რადიკალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ისინი ფულს სწორედ სამხედრო მოქმედებების გაჩაღებისთვის იღებენ, ამიტომაც მუდმივად საბრძოლო მდგომარეობაში არიან. ყატარი და კიდევ რამდენიმე სხვა ქვეყანა აქტიურობენ და ახალისებენ ამ პროცესებს. შესაბამისად, ეს გაგრძელდება დაუსრულებლად, სანამ კონფლიქტში ძირეული გარდატეხა არ მოხდება. ისრაელმა გამოაცხადა სახმელეთო ოპერაციის დაწყების თაობაზეც. ეს იქნება ურთულესი ოპერაცია, ღაზის სექტორში შესვლა ორივე მხარეს დიდ მსხვერპლს მოუტანს.
ისრაელის არმია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარებით და რაც უმთავრესია, იდეოლოგიით, რაც დამყარებულია იმაზე, რომ ისრაელის სახელმწიფო უნდა არსებობდეს და მორჩა. ამას ემსახურება ყველაფერი ისრაელში. ასეთივე ვითარება რომ გვქონდეს საქართველოში, ბევრად ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებოდით.

როგორც უკვე გითხარით, ამ პროცესებში მსხვილი მოთამაშეები არიან ჩართული. დააკვირდით თურქეთის აქტიურობას. ერდოღანმა განაცხადა, ჩვენ და რუსეთს შეგვიძლია ეს კონფლიქტი მოვაგვაროთო. წარმოიდგინეთ, რუსეთი მართლაც რომ მომრიგებელი გახდეს, რა შეიძლება მოხდეს. კრემლში ისე გაიტრუნნენ, მგონი, მართლა ელიან მიპატიჟებას. სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა. ის წლების განმავლობაში ცდილობდა დაბრუნებულიყო ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ-სამხედრო სივრცეში ისე, როგორც ადრე საბჭოთა კავშირი იყო. სირიაში ეს მოახერხა, ახლაც აუცილებლად ეცდება თავისას. ვიზიარებ საერთაშორისო ექსპერტთა შეშფოთებას იმის გამოც, რომ ამ კონფლიქტმა შეიძლება გააქტიუროს ტერორისტული ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით.

- ეს პროცესები როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?
- ეს ყველაფერი დიდ გავლენას მოახდენს უპირველესად ჩვენს მოკავშირეებზე. დიდი გამოცდა ელის მათ თავდაცვისუნარიანობას, სამხედრო პოტენციალს, დიპლომატიას. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული... ყარაბაღის კონფლიქტში ჩვენმა მოკავშირეებმა წააგეს, შედეგად კი სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში მათი გავლენა მაქსიმალურად შეიზღუდა. იგივე ვითარება არ მინდა განმეორდეს ახლო აღმოსავლეთში, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ისრაელი მსოფლიო პოლიტიკისთვის ბევრად დიდი სუბიექტია. ამერიკა ინიციატივის ხელში აღებას აპირებს, უკვე გაგზავნეს თავისი წარმომადგენლობა, ვნახოთ, რა იქნება. თუ ჩვენი მოკავშირეების ჩარევამ ნაყოფი არ გამოიღო, ეს საქართველოზეც იმოქმედებს. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებია და ჩვენ შიდა გარჩევებით ვართ დაკავებული. ეს ურთულესი რეგიონული ვითარება ჩვენი პოლიტიკოსების მიერ შექმნილი ბაკქანალიის გამო ჩვენი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება.

- დავუბრუნდეთ შიდა პოლიტიკას. ახლა, როცა 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა, რა პოლიტიკური პროცესი შეიძლება წარმართოს ოპოზიციამ მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ვერ გადაწყვიტეს, შევლენ თუ არა პარლამენტში...
- მე თუ მკითხვათ, ეს ყველაფერი ფარსია. თუ დააკვირდებით, ბოლო ხანს სულ სხვა თემები გახდა ოპოზიციისთვის მთავარი: ამნისტიის, მელიას გამოსვლა-არგამოსვლის და ა.შ. "უპრეცედენტო გაყალბებაზე" აღარავინ ლაპარაკობს, არადა, მთელი ეს არეულობა მაგის გამო არ წამოიწყეს, მაგის გამო არ ამბობდნენ მანდატებზე უარს?.. ჩვენს საზოგადოებას კარგა ხანია მოჰბეზრდა მთელი ეს პროცესი, დაიღალა ამ ფარსით. ქვეყანას რა ეშველება, ამაზე არავინ ფიქრობს, არც იმაზე, რა როლი ექნება ჩვენს ქვეყანას ამ ახალ მსოფლიოში, რომელიც აგერ ჩვენ თვალწინ დინამიკურად იცვლება. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", პარტიის გადამწყვეტი უმრავლესობისთვის გადამწყვეტია სააკაშვილის ფაქტორი. მისთვის კი მიუღებელია საპარლამენტო ცხოვრება.

საქმე ისაა, რომ მას თავიდანვე ჰქონდა ასეთი ამოცანა - "ნაცმოძრაობას" ძალაუფლება ნებისმიერი ხერხით უნდა აეღო. ეს ამოცანა ვერ შესრულდა. აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი აგრესიულად არის განწყობილი თავისი გუნდის წევრების მიმართ, რადგან მიიჩნევს, რომ მათ დასახული ამოცანა ვერ შეასრულეს. თუმცა, ვფიქრობ, სააკაშვილიც შეიცვლის აზრს და რადგან თუ ოპოზიციის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, პარტიის იმ წევრებს, ვინც მას ემორჩილებიან, პარლამენტში შესვლის უფლებას მისცემს. "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრი უკვე ისედაც შესულია. ვფიქრობ, პარტიისთვის სირცხვილია, როცა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, რომლის სათავეში ყოფნისასაც მიიღო პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა, უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, ესენი კიდევ გაიძახიან, არ შევალთო.

- ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ნიკა მელია ციხიდან გამოვიდა როგორც ზეპარტიული ლიდერი - მისი მიმართ კეთილგანწყობას ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი ლიდერებიც კი ინარჩუნებენ, ვინც "ნაცმოძრაობას" მწვავედ დაუპირისპირდნენ. მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელიც ამბობს, რომ ითანამშრომლებს მელიასთან, მაგრამ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან".
- გიდასტურებთ, რომ ასეთი განწყობა ოპოზიციის ნაწილში ნამდვილად არის, რაც კულუარულადაც მოვისმინე. როდესაც გიორგი ვაშაძე ამბობს, ვითანამშრომლებ მელიასთან, მაგრამ არა "ნაციონალურ მოძრაობასთანო", ეს ასე იშიფრება: ვითანამშრომლებ მელიასთან და არა სააკაშვილთანო. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მელია სააკაშვილის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯს გადადგამს, მაშინ ის შეიძლება მართლაც იქცეს ზეპარტიულ ლიდერად. ციხიდან გამოსული მელიას საუბარს თუ დავაკვირდებით, მან სცადა არავინ გაელანძღა, ყოფილიყო მაქსიმალურად კორექტული. ის ცდილობს მართლაც წარმოჩნდეს როგორც საერთო-ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები ჭკუას ჰკითხავენ. ამ როლს ის ჯერჯერობით კარგად თამაშობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ამგვარი ლიდერის სტატუსის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება სააკაშვილთან დაპირისპირების გარეშე.
უნდა ითქვას ისიც, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა რიგმა ქმედებებმა მელია უხერხულ ვითარებაში ჩააგდო ჯერ კიდევ ციხეში ყოფნისას. მხოლოდ მისი გადაწყვეტილება არ ყოფილა არც ციხეში ჩაჯდომა და არც თავდაპირველად გირაოს გადახდაზე უარის თქმა. ის ოპოზიციური დღის წესრიგით იქცეოდა ასე, საბოლოოდ კი ოპოზიციის ლიდერები თავის პოზიციებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების კარნახით ისე იცვლიდნენ, რომ მელია აშკარად უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა.

საბოლოოდ მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა, მათ შორის ხელისუფლებამ, ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება არ შეგვიძლია დასავლელი პარტნიორების გარეშე.
ჩემთვის, მაგალითად, ძალიან მძიმე იყო იმ ფირის ნახვა, როდესაც ოპოზიციის ლიდერები ორბელიანების სასახლეში დამნაშავეებივით იდგნენ შარლ მიშელის წინაშე.

იქ ყველაზე ღირსეულად ქვეყნის პრეზიდენტი ჩანდა. სახელმწიფოს თავმოყვარეობა იმაში მდგომარეობს, რამდენად დამოუკიდებელია ის გადაწყვეტილებების მიღებისას, ჩვენმა პოლიტიკოსებმა კი ქვეყანას ამის საშუალება წაართვეს.

- ოპოზიციისთვის მალე, ალბათ, დილემად იქცევა, თუ რა ფორმით მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა - საერთო ფრონტით თუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად?
- თუ ცალ-ცალკე გამოვლენ, სასტიკ მარცხს იწვნევენ. ისედაც ნიჰილისტურად არის განწყობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური სპექტრის მიმართ და დაქსაქსული ოპოზიციის მიმართ რა დამოკიდებულება ექნება ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატს, წარმომიდგენია. მით უფრო, რომ მალე ახალი მოთამაშეები შემოდიან ოპოზიციურ ფლანგზე. ვგულისხმობ, გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძის პარტიებს.

- "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზეც უნდა გკითხოთ. აშკარად ჩანს, რომ პარტიაში ვითარება არცთუ მშვიდია. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ერთ-ერთმა წონიანმა წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, შეიძლება "ქართული ოცნებიდან" წავიდეო.
- ის, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ცხადია უარს იტყოდა, რადგან ის არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება საერთოდ არ არის.
რაც შეეხება დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ "ოცნებაში" წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ.

- ძლიერ ფიგურაში კახა კალაძეს გულისხმობთ?
- კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რადგან ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია. როგორც მერმაც თავი გამოიჩინა. დედაქალაქში გარდამტეხი პროცესები შეიძლება მისი მერობისას არ ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა, მით უფრო ამ პანდემიის დროს.
სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს.

არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია.

ნათია დოლიძე
გორი
17 მაისი 2021 12:46
ხალხი შიმშილის პირასაა მისული ამ გაჭირვებული ცხოვრებით და გაფრენილი ფასებით, ესენი კიდე რეებს ბოდიალობენ პოზიციაც და ოპოზიციაც, ამოვიდა ყელში რააააააააააა..........

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები