ზვიად ძიძიგური: "დღეს ქვეყანაში, როგორც არასდროს, გაჩენილია ადგილი იმ ძალისთვის, რომელსაც პირობითად ჰქვია "არც მიშა, არც ბიძინა"
17-05-2021
ზვიად ძიძიგური: "დღეს ქვეყანაში, როგორც არასდროს, გაჩენილია ადგილი იმ ძალისთვის, რომელსაც პირობითად ჰქვია "არც მიშა, არც ბიძინა"
"დაჯგუფებები რომ არის "ქართულ ოცნებაში", ყველამ იცის და ეს არის ბულდოგებით ბრძოლა ნოხის ქვეშ. ამის შედეგი იყო გახარიას გადადგომა... გახარიას ივანიშვილთან ყოფნა თუ უნდოდა, რატომ წავიდოდა?! თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ივანიშვილმა ასე დაგეგმა და ახლა გახარია რაღაც სხვა ტიპის კონფიგურაციას შექმნის, ამის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუკი ის სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს, "ოცნების" ხმებს უდავოდ წაიღებს..."

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე­ ზვიად ძიძიგური, რომელიც ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ამბობს, რომ მომწიფდა ნიადაგი
ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის და ის ასეთი ძალის გამოჩენას მალე ელოდება. თვლის, რომ ეს ძალა დასუსტებული "ქართული ოცნების" დამარცხებას შეძლებს.

- დღეს დაქსაქსული და აბურდულ-დაბურდულია პოლიტიკური დღის წესრიგი. ვერ მიხვდები, ხელისუფლებაში ვინ არის. "ქართულმა ოცნებამ"­ გამოაცხადა, არჩევნებში 48% მივიღეო; მისმა­ ლიდერმა­ ბიძინა ივანიშვილმა, ვისაც­ ხალხმა
მხარი დაუჭირა, თქვა, წავედიო; სიის პირველი ნომერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია,­ რომელსაც ავტორიტეტი ჰქონდა, გადადგა; მერე პანტაპუნტით შეიცვალნენ თანამდებობის პირები. "ოცნება" ასეთი სახით რომ გასულიყო არჩევნებზე, არა მგონია, გამარჯვება მოეხერხებინა. ოპოზიციაში ექვსი თვეა გრძელდება იწილო-ბიწილო, შევიდნენ თუ არა პარლამენტში, მერე ევროკავშირის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კინკლაობა გახდა მათი საქმე.­ პოლიტიკურ სცენაზე ხალხის ინტერესი არ ჩანს, არადა, პანდემიის გამო რამდენი სირთულეა ქვეყანაში! კატასტროფულად გაიქცა დოლარის კურსი, ყველაფერი ძალიან გაძვირდა... იმის მაგივრად, ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე ლაპარაკობდეს, გაუთავებლად ისმის: "შენ გააყალბე!" "არა, შენ გააყალბე!" "შევდივარ!" "არ შევდივარ!" ხალხისთვის ეს მომაბეზრებელი, დამღლელი და შეურაცხმყოფელია. ხელისუფლებამ მშვენიერი საშუალება გამოძებნა, რომ რეალური პრობლემებიდან ყურადღება იმაზე გადაიტანოს, პარლამენტში რომელი დეპუტატი შევა, ან ციხიდან ვინ გამოვა.

დღეს ქვეყანაში, როგორც არასდროს, გაჩენილია ადგილი იმ ძალისთვის, რომელიც არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების გულშემატკივარი არ იქნება. უნდა შეიქმნას მესამე ძალა, რომელიც იმაზე იფიქრებს, რა აწუხებს ხალხს.

- ბევრი ელოდება გიორგი გახარიას გამოჩენას, ლევან ვასაძემაც განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. თქვენი აზრით, ასპარეზზე უკვე გამოჩნდა მესამე ძალა?
- ჩემი აზრით, მესამე ძალა ერთი პარტია ვერ იქნება, ეს იქნება პარტიათა კონფიგურაცია, რომელიც როგორ დალაგდება, დრო გვიჩვენებს­. სასიცოცხლო პოლიტიკური ბრძოლის რანგშია აყვანილი თვითმმართველობის არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნების წინ, გონივ­რულ ვადაში, ეს კონფიგურაცია აუცილებლად გამოჩნდება.

ხშირად ყოფილა ქართულ პოლიტიკაში ვითარება, როცა გგონია, რომ საშველი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად ჩნდება ხოლმე რეალური ძალა. ეს მოხდა 2011 წელს, როდესაც გამოჩნდა ბიძIინა ივანიშვილი - ქველმოქმედი, ხალხში ლეგენდად ქცეული ადამიანი. ოპოზიციას მაშინაც არ ულხინდა,­ გადახნული იყო ოპოზიციური მინდორი, მაგრამ მისმა გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. ახლაც საქართველო არ დარჩება პატრონის გარეშე - ვგულისხმობ იმ ძალას, რომელიც საკუთარ ხალხზე იფიქრებს.

- თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი დრო საკმარისი იქნება მესამე ძალისთვის, რომ კონკურენცია გაუწიოს "ოცნებას"?
- ოქტომბრამდე ხუთი თვეა და სავსებით შესაძლებელია ასეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბება, რომ მერე სწრაფად მოიპოვოს რეიტინგი. თანაც საზოგადოება ისე ელოდება ამას, მას ძალიან ადვილად გაჰყვება.

- დღევანდელ ოპოზიციას არ შესწევს ძალა, თვითმმართველობის არჩევნები მოიგოს?
- დღევანდელი ოპოზიციიდან ზოგი ალთას არის, ზოგი - ბალთას.­ პარტიები იშლება, პერსონები გარბიან, ერთმანეთს უპირისპირდებიან. დღეს სასტარტო მდგომარეობა "ოცნებას" არა აქვს, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, ამის მიუხედავად მას მაინც მიუღწევია მიზნისთვის ოპოზიციის არაორგანიზებულობის, დაქსაქსულობის და დაპირისპირების გამო.

- "ლელომ" პარლამენტში ფრაქცია შექმნა და რამდენიმე ცნობილი სახე მათ შეუერთდა...

- ასეთი გადაჯგუფებები მიღებულია საპარლამენტო სივრცეში, მაგრამ ეს მიიღებს თუ არა პოლიტიკური ერთობის, კოალიციის ფორმატს, ძნელი სათქმელია.
არც იმას გამოვრიცხავ, "ლელოსთან" ვინც არიან, მათაც მიიღონ მონაწილეობა იმ ძალის ფორმირებაში, რომელსაც პირობითად ჰქვია "არც ბიძინა, არც მიშა".

- იაგო ხვიჩია ამბობს, 35 ოპოზიციონერზე­ უარის თქმის ფუფუნება არ გვაქვსო და "ნაცმოძრაობას" მოუწოდებს, პარლამენტში შევიდნენ.
- მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორებმა ვერ გადალახეს ბარიერი, ვამბობდით, რომ ყველა უნდა შესულიყო.
ზღაპარი იყო, რომ ქუჩაში 100 000 ადამიანის გამოყვანას და ხელისუფლების შეცვლას შეძლებდნენ. ახლა შევლენ თუ არ შევლენ, არ აქვს მნიშვნელობა. პოლიტიკური სივრცე მხოლოდ ამ ორი პოლიტიკური ძალის არ არის. მათ ჰგონიათ, მარტო არჩევნების დროს ათასნაირი მანიპულაციით უნდა მიიტყუონ ამომრჩეველი საარჩევნო­ ყუთთან, მაგრამ ხალხი პოლიტიკურ პროცესებში ყოველთვის ბრძნულად მონაწილეობდა და ასეა ახლაც. ოპოზიცია დღეს ერთს ამბობს, ხვალ - მეორეს; ხან აქციებს­ აანონსებენ, ხან - აუქმებენ, დაშლილი, გათითოკაცებული და მძიმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ხელისუფლება კი თვალს არიდებს ქვეყანაში შექმნილ პრობლემებს.

- ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, ქართული­ პოლიტიკისთვის უკეთესი იქნება, თუ "ნაცმოძრაობა" პარლამენტში არ შემოვაო.
- ახლა ერთი კვირის განმავლობაში "ნაციონალები" ამას გასცემენ პასუხს, მერე კიდევ ერთი კვირა "ოცნება" უპასუხებს და ორ კვირას ასე გადააგორებს ხელისუფლება. სწორედ ეს არის მათი ამოცანა.
ხელისუფლებამ უნდა აკეთოს მაპროვოცირებელი განცხადებები, ოპოზიციამ კი სატყუარა გადაყლაპოს... ლამის მეორე ოქტომბერი მოვიდა და ისევ ისმის: "გამიშვი!" "გამოუშვი!"

- "ოცნებაში" ცვლილებებს ელოდებით?
- "ოცნების" დაშლის პროცესი რომ გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ. მათი დეპუტაციის დიდი ნაწილი იქ ივანიშვილის გამო მივიდა, რადგან ჩათვალა, რომ სადაც ბიძინაა, იქ წარმატებაა. გახარიასაც ჰქონდა რეიტინგი პარტიაში და ნაწილი სწორედ მისი კადრი იყო. ახლა სრული ქაოსია. ივანიშვილი აცხადებს, რომ წავიდა და ის აშკარად ვერ გამოჩნდება, თუმცა, იძულებული იქნება, ამ ქვეყნის მართვა კულისებიდან პულტით, უჩინარი ხელით გააგრძელოს და უკვე რამდენი ხანია, ეს გრძელდება. არა მგონია, ვინმესთვის მისაღები იყოს ასეთი დამოკიდებულება, როცა ღილაკებით მართავ ქვეყანას და იმასაც არ კადრულობ, აშკარად იყო სცენაზე, პასუხისმგებლობა აიღო პრობლემებზე.

- ანუ ივანიშვილი მართავს "ოცნებას"?
- დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც შორიახლოს მისი სული და ხმა ტრიალებს.
გახარიას გადადგომა მოულოდნელი იყო ივანიშვილისთვის, აქედან­ გამომდინარე, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ივანიშვილი ნამდვილად წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება "ოცნებაში", გვარწმუნებს, რომ ივანიშვილი ისევ შორიახლოს ტრიალებს.

- ერთი ვერსიით, გახარიას უკან, შესაძლოა, ივანიშვილი იდგეს, მეორე ვერსიით - ის დამოუკიდებლად იწყებს ბრძოლას. თქვენ რომელ ვერსიას ემხრობით?
- გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო და ივანიშვილთან ყოფნა თუ უნდოდა, რატომ წავიდოდა?! თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე დაგეგმა და ახლა გახარია რაღაც სხვა ტიპის კონფიგურაციას შექმნის, ამის რა მოგახსენოთ, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თუკი ის სწორ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს, "ქართული ოცნების" ხმებს უდავოდ წაიღებს და არცთუ ცოტას. ის "ოცნების" ამომრჩეველზე უფრო ზემოქმედებს, ვიდრე "ნაცმოძრაობის", "ევროპული საქართველოს", ვაშაძისა და სხვების ამომრჩეველზე.

პოლიტიკას თავისი ლოგიკა აქვს და მგონია, გახარიას წასვლა მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯი იყო, რომელიც მან დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების გასაგრძელებლად გადადგა. მე ასე მჯერა. თუ ასე არ არის, მალე გამოჩნდება.

- თქვენი აზრით, რა იქნებოდა ბოლო წვეთი, რამაც გახარიას "ოცნებიდან" წასვლა გადააწყვეტინა?
- ეს არ იქნებოდა იმ დღეს მიღებული­ გადაწყვეტილება. დაჯგუფებები რომ არის "ქართულ ოცნებაში", ყველამ იცის და ეს არის ბულდოგებით ბრძოლა ნოხის ქვეშ. ამის შედეგი იყო გახარიას გადადგომა. მინდა გითხრათ, რომ მისი გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად მძაფრი და ბევრისთვის მოულოდნელი. ხომ ხედავთ, რამდენიმე თვე გავიდა, მაგრამ ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება მაინცდამაინც კარგად ვერ გაერკვა, რა მოხდა სინამდვილეში.

- გახარია კოალიციას შექმნის?
- არ ვიცი. თუ ვლაპარაკობთ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე კოდური სახელწოდებით "არც მიშა, არც ბიძინა", ასეთ შემთხვევაში გახარიასაც, მარგველაშვილსაც, კვირიკაშვილსაც - ყველას, ვინც მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა და დღეს "ოცნებისგან" შორს დგას, აქვს რესურსი. ის ხალხი, რომელიც დაღლილია "ოცნების" არათანამიმდევრული და ხშირად მცდარი პოლიტიკური ნაბიჯებით, ხმას სწორედ მათ მისცემს, ოღონდ ერთი კონკრეტული პარტია ამ ამოცანას ვერ შეასრულებს. მაშინაც კი, 2011 წელს, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა, როგორც უპირობო ლიდერი, რომელსაც ხალხი თვალდახუჭული ენდობოდა, ექვსი პარტიის შეკრება გახდა საჭირო, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამარცხებულიყო. ახლა ასეთი ტიპის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ერთპიროვნულად რაღაცას გააკეთებს, ჯერ არ ჩანს. "ქართულ ოცნებას" ყველა სტრუქტურაში აბსოლუტური ძალაუფლება აქვს და ამიტომ ვერ წარმომიდგენია, ერთმა პარტიამ შეძლოს მისი დამარცხება. კონფიგურაცია უნდა ჩამოყალიბდეს და ჩემი ღრმა რწმენით, ასეც მოხდება, რადგან ეს საზოგადოების მოთხოვნაა.

- არის მოსაზრება, შეიქმნას ოპოზიციური გაერთიანება და ლიდერად მოგვევლინოს ნიკა მელია. ექნება მას გამარჯვების შანსი? როგორ ფიქრობთ, მელია "ნაცმოძრაობიდან" სააკაშვილის "ჩაჩოჩებას" მოახერხებს?
- "ოცნებამ" იმდენი მოახერხა, რომ მელია ერთ-ერთ საყურადღებო პიროვნებად აქცია, ეს აშკარაა, თუმცა შიდა პარტიული საკითხია სააკაშვილისა და მელიას ურთიერთობაც. ისე, პოლიტიკური პრაქტიკა აჩვენებს, რომ სააკაშვილს რეიტინგული ფიგურები აღიზიანებს.

- ლევან ვასაძის გამოჩენაზე რას იტყვით?
- ვასაძის მიმართ საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, აქვს სიმპათია. Gგააჩნია, როგორ ნაბიჯებს გადადგამს. ისეა ხალხი დაღლილი ამ ორი პოლიტიკური პარტიის კინკლაობით, ვფიქრობ, ჭკვიანური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შანსი შეიძლება ყველას ჰქონდეს.

- თქვენ ამბობდით, რომ კონსულტაციები დაიწყეთ. თქვენი პარტია ხომ არ გამოჩნდება ვინმესთან ერთად?
- კონსულტაციები ახლაც გრძელდება, ჩვენი პარტია დაახლოებით ერთ თვეში ემზადება ყრილობისთვის და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას. D
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ კონკურსანტებისა და ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას პრემია ლიტერას კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები