"დღეს "ნაციონალების" გარეთ დარჩენა "ოცნების" ოცნებაა" - კვირის პალიტრა

"დღეს "ნაციონალების" გარეთ დარჩენა "ოცნების" ოცნებაა"

"თუ "ნაცმოძრაობა" გარეთ დარჩა, ამან შეიძლება პარტიაში გარკვეული მოძრაობები გამოიწვიოს. ოპოზიციის დაპირისპირებამ უკვე გამოიღო ის ნაყოფი, რომ სალომე სამადაშვილი აღარ არის ჩვენთან, ხათუნა სამნიძეც სხვა პლატფორმაზეა. რაც უფრო გაგრძელდება გაურკვეველი ვითარება, მით მეტი იქნება ინტრიგა და გაუგებრობა..."

"გადაწყვეტილება ცუდსა და უარესს შორის" - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" დილემა. როგორი შეიძლება იყოს მათი გადაწყვეტილება, ამის გარკვევა პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომან გოცირიძესთან ვცადეთ:

- დღეს ჩვენი პარლამენტს გარეთ დარჩენა ცუდი იქნება, თანაც არა მარტო ჩვენთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ჩვენი მომავლისთვის. ერთია, როდესაც რჩები ქუჩაში, ხდები არასაპარლამენტო პარტია და კარგავ საპარლამენტო ბერკეტებს, საერთაშორისო წონას, იმიჯს და მეორეა ურთიერთობა ოპოზიციურ პარტიებთან.

გვსურს ქუჩაში დარჩენილი "ნაცმოძრაობა", რომელიც მონაწილეობას არ მიიღებს ადგილობრივ არჩევნებში? თუ პარლამენტში არ შევდივართ, მაშინ ადგილობრივ არჩევნებში რა გვინდა? თუ ადგილობრივ არჩევნებში არ მივიღებთ მონაწილეობას, მაშინ "ოცნებას" არ გაუჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა და ვადამდელ არჩევნებზე ფიქრიც კი ზედმეტი იქნება.

რაც უფრო დიდხანს ვიქნებით გაურკვეველ ვითარებაში, მით უფრო მეტად იქნება ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება. დღეს არავის ინტერესში არ შედის "ნაციონალების" გარეთ დარჩენა, ეს მხოლოდ "ოცნების" ოცნებაა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ მმართველი გუნდის ლიდერები.

თვითონ გაინაღდეს საპარლამენტო მანდატები, ოპოზიციის ნაწილი უკვე პარლამენტშია, საერთაშორისო საზოგადოებრიობა უკვე აღიარებს ჩვენს პარლამენტს მრავალპარტიულ საკანონმდებლო ორგანოდ და თუ ჩვენ არ შევალთ, ამაზე მეტი კომფორტი რაღა უნდა "ქართულ ოცნებას"? ჩვენ აღარც ეკონომიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ და აღარც სხვა გამოწვევებზე. ამოუვიდა ხალხს ყელში ტელეგადაცემების ყოველდღიური ყურება და იმაზე ზეემოციური მსჯელობა, შევიდეთ თუ არა. რატომ ვწვალობთ საყვარელი ძაღლის კუდისმჭრელი პატრონივით, ნაწილ-ნაწილ რომ აჭრის სიბრალულის გამო და ვერ ხვდება, მეტ ტკივილს რომ აყენებს? ან შედიხარ პარლამენტში, ან არა!

"ნაცმოძრაობა" არ უნდა გახდეს საერთაშორისო ზეწოლისა და ხვეწნა-მუდარის ობიექტი, პარლამენტში შედითო. შესულებსა და არშესულებს შორის უკვე მიდის ეპითეტებით შემკობა. ასეთ ვითარებაში თვითმმართველობის არჩევნებში, ოპოზიცია ვერ მოაგროვებს 57%-ს... უცხოელების გარეშე გადაწყვეტილებების მიღება რომ არ შეგვიძლია, ეს უკვე დავინახეთ. გაგვიშვებენ ხელს (ამ ხელში ფინანსური მხარდაჭერაც იგულისხმება), მოვიტეხთ კისერს. თითქოს მორჩა ერთი ისტორია. შევთანხმდით რაღაცაზე და, ისევ უცხოელების მოწოდება და ახალი ფასილიტაციაა საჭირო, რომ რაღაც გადაწყვეტილებამდე მივიდეთ?

იმდენი ელექტროენერგია დაიხარჯა ამ ამბის გაშუქებაში, ორი ნამოხვანი არ ეყოფოდა.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ გუნდში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ იღებთ. თქვენ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრობთ, მაგრამ ამ დროს თავად "ნაციონალებს" ხომ არ ემუქრება გაყოფა? ანალიტიკოსთა აზრით, გუნდში ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის ხაზები მკვეთრად უპირისპირდება ერთმანეთს. - ასე არ ვიტყოდი, გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს. არ არის დასამალი, რომ განსხვავებული აზრები არსებობს პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ და არა მელიასა და სააკაშვილის დაპირისპირების გამო. კარგია, რომ პარტიას და ამომრჩეველს ეკითხები რაღაცას, მაგრამ ეს არ უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, ამას ინტრიგები მოჰყვება. თუ შედიხარ, შედი, თუ არადა, ისიც თქვი.

"ნაციონალური მოძრაობის" გარეშე ხელისუფლება ვერ შეიცვლება და გულუბრყვილობაა, ვინმემ იფიქროს, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შეიძლება მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე.

- ამას ნიკა მელიას გასაგებად ამბობთ?

- არა, უბრალოდ ვამბობ, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. თუ "ნაცმოძრაობა" გარეთ დარჩა, ამან შეიძლება პარტიაში გარკვეული მოძრაობები გამოიწვიოს. ოპოზიციის დაპირისპირებამ უკვე გამოიღო ის ნაყოფი, რომ სალომე სამადაშვილი აღარ არის ჩვენთან, ხათუნა სამნიძეც სხვა პლატფორმაზეა. რაც უფრო გაგრძელდება ეს გაურკვეველი ვითარება, მით მეტი იქნება ინტრიგა და გაუგებრობა. სალომე სამადაშვილს მძიმე გადაწყვეტილების მიღებამ მოუწია. არც ერთმა ადამიანმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სასახლეში აღმოჩნდა, არ იცოდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა. არავის დაესიზმრებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილთან დგომა შარლ მიშელთან ერთად მოუწევდა.

- თუ "ნაცმოძრაობა" არ შევა, დამოუკიდებლად მიიღებთ შესვლის გადაწყვეტილებას?

- არა, იმედია, ერთობლივ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

- ოპოზიციურ ერთობაზე საუბრობთ, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილი სწორედაც "ნაციონალებისგან" დისტანცირებას ცდილობს. - ოპოზიციური ერთობა ხომ პარტიების გაერთიანებას არ ნიშნავს? მე ვგულისხმობ კონკრეტულ საკითხებზე შეთანხმებას. როგორც უნდა ლანძღავდეს დღეს ოპოზიცია ერთმანეთს, ვფიქრობ, ერთი ოპოზიციური ხმაც არ უნდა დაიკარგოს.

თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია ერთიანი კანდიდატებით უნდა წარდგეს.

- თქვენი ვერსიით, ვინ შეიძლება იყოს მერობის ერთიანი კანდიდატი? - ვფიქრობ, მერობის კანდიდატურაზე ნიკა მელია უკონკურენტოა, დანარჩენ კანდიდატურებზე შეიძლება შეთანხმება.

- გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სტატუსით გამარჯვების მომტანი ვერ იქნება. - ამაზე უფრო მშვიდ ვითარებაში უნდა ვიმსჯელოთ. სხვადასხვა კანდიდატის დაყენება ვერ იქნება გამარჯვების ფორმულა. ბევრი კანდიდატი ნიშნავს, რომ ოპოზიციიდან ვიღაც მეორე ტურში გავა და ის ყველა პარტიის მხარდაჭერას მოიპოვებს, მაგრამ არა მგონია, მელიას კანდიდატურასთან რომელიმე სხვა თანაწონადი იყოს.

კარგი იქნება, თუ თბილისში ერთიან კანდიდატზე შევთანხმდებით, მერის არჩევნებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მასში გამარჯვება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ნიშნავს.

- როგორ ისაუბრებთ უფრო მშვიდ ვითარებაში, როდესაც გიორგი ვაშაძე "ნაციონალურ მოძრაობას" გადამგდებ პოლიტიკურ ძალას უწოდებს და უნდობლობას უცხადებს? - უარესებიც მოგვისმენია, მაგრამ ამას თანამშრომლობისთვის ხელი არ შეუშლია. თუმცა, რაც უფრო მძიმე ეპითეტებით შევამკობთ ერთმანეთს, უფრო გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა.

ხათუნა ბახტურიძე