"ტყუილებს თავი დაანებონ, თუ რამის თავი აქვთ, დაამტკიცონ" - კვირის პალიტრა

"ტყუილებს თავი დაანებონ, თუ რამის თავი აქვთ, დაამტკიცონ"

"სამართლიანმა არჩევნებმა" არ უნდა გააკეთონ ცესკოზე განცხადება, სანამ ამ უწყებას საჯაროდ არ მოუხდიან ბოდიშს"

"შევეშვათ უსაგნო ჯანჯღარს, განცდებს, აღქმებს, შთაბეჭდილებებს და ვისაუბროთ ფაქტებით და მტკიცებულებებით", - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ამილახვარი "სამართლიანი არჩევნების" მიერ ცესკოს რეორგანიზაციის შეფასებას. "ცესკოში 2021 წელს სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი სათანადოდ დასაბუთებული არ არის და აჩენს განცდას, რომ რეორგანიზაცია ნაჩქარევად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს 5-მარტიდან 14 მაისის პერიოდში რეგლამენტში ორჯერ განხორციელებული ცვლილება და ახალშექმნილი დეპარტამენტების მოკლე ვადაში კვლავ რეფორმირება. 2021 წლის 4 მარტს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე საარჩევნო კომისიის აპარატის რეორგანიზაცია დაიწყო და მიზნად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქნილობისა და ეფექტიანობის ზრდა იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოში მიმდინარე რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ისახავს მიზნად, პროცესი საყურადღებოა, რადგან ითვალისწინებდა ერთი მხრივ, ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნას, ხოლო, მეორე მხრივ, ადამიანური რესურსების ახლებურ გადანაწილებას. 2021 წლის 5 მარტს რეორგანიზაციის მიზნით ცესკოს რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით ჯამში განისაზღვრა 11 დეპარტამენტი", - ნათქვამია "სამართლიანი არჩევნების განცხადებაში. ამ განცხადებაზე, ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებსა და სხვა საინტერესო ამბებზე გიორგი ამილახვარი გვესაუბრება.

- "სამართლიანი არჩევნები" მთელი პოსტსაარჩევნო პერიოდის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები არ ემთხვეოდა ცესკოს შედეგებს. თუმცა ჩვენი კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ შეცდომა საჯაროდ აღიარეს. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ცესკოში არასასურველი საკადრო ცვლილებები მიდის, არასერიოზულია. მათ საერთოდ არ უნდა გააკეთონ ცესკოზე განცხადება, სანამ ამ უწყებას საჯაროდ არ მოუხდიან ბოდიშს.

- მათ გარდა, ცესკოსთან პრეტენზიები აქვს ოპოზიციასაც. მათი აზრით, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არ გაამართლებს, თუ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე თამარ ჟვანია დარჩება. "ლელოს" წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესაძლო რეფორმირების შედეგად სისტემა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ სისტემა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე არ გასწორდება, რეფორმა მიზანს ვერ მიაღწევს. - საარჩევნო საკითხებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში. "ქართულ ოცნებას" მანამდეც ძალიან მსხვილი პაკეტი ჰქონდა დაინიცირებული, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად, რომელიც სრულად იზიარებდა როგორც ვენეციის კომისიის დასკვნის, ასევე მიშელის დოკუმენტის პათოსს. ჩვენ სიტყვასიტყვით ვასრულებთ შეთანხმების პირობებს. ამიტომ ქალბატონ ანას ვურჩევ დაანებოს თავი ღია კარის მტვრევას. უნდა ვიმუშაოთ, რომ შეთანხმება კანონმდებლობაში გადმოვიტანოთ, ავსახოთ საარჩევნო რეფორმაში. თუ ცესკოში რამე გადანაცვლებები მიდის, ესეც ამ რეფორმების გამოძახილია.

- ნაცვლიშვილის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტში ცალსახად წერია, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. - არა, მიშელის დოკუმენტში წერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ნეიტრალური, პროფესიული ნიშნით არჩეული პირი. შესაბამისად, ჩვენც ამას ვთავაზობთ - ეს ჩავწეროთ საარჩევნო კანონმდებლობაში.

- "ოცნება" ოპოზიციას მუდმივად ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებთ, ხან არჩევნების გაყალბების ბრალდების, ხან ჟვანიას ბულინგის გამო. მართლაც ბოდიში მოხდას ელით თუ ოპოზიციონერების პროვოცირებას ცდილობთ? - არავის პროვოცირებას არ ვცდილობთ. ეს არის ფაქტების კონსტატაცია. მთელი ექვსი თვის განმავლობაში არა მარტო "ქართული ოცნება", საერთაშორისო ორგანიზაციებიც ოპოზიციას არგუმენტებით ვარწმუნებდით, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ჩვენ შევთავაზეთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. შემდეგ თავადვე შევქმენით და ვთხოვეთ დაემტკიცებინათ გაყალბება. ეს პლატფორმა არ გამოიყენეს.

ახლა კი ის ნაწილი, ვინც შემოვიდა პარლამენტში ქალბატონი ხათუნა სამნიძის თამადობით, უარს აცხადებს დროებით საგამოძიებო კომისიაში მუშაობაზე. ამით ამბობენ, რომ ამის მტკიცება საჭირო აღარ არის. მიშელის დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა. ესე იგი, ოპოზიცია აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას და წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ თავთან. რა გამოდის? მთელი ეს ეპოპეა ფარსი იყო?! ისედაც დემორალიზებულმა ოპოზიციამ უფრო დიდი დარტყმა მიაყენა თავს.

- მათი ვერსიით, მიშელის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანობის ზღვარზე. რაც შეეხება არჩევნების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიას, მაგალითად, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თქვენივე მოპარული არჩევნების მერე გასალამაზებლად შექმნილი საგამოძიებო კომისია არ სჭირდებათ. - შეუძლიათ თავად ჩამოაყალიბონ კომისია, უხელმძღვანელონ გამოძიებას, მოითხოვონ ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის გამოკითხვა და სხვადასხვა ღონისძიებით გაყალბების დადასტურება.

ასე რომ, ტყუილებს თავი დაანებონ და ფაქტებით ილაპარაკონ. სინამდვილეში, არც აქვთ არც ერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომელიც არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებს. თავიანთი ტყუილების ტყვეები არიან. თუ რამის თავი აქვთ, დაამტკიცონ, თუ არა და გაჩუმდნენ.

სამადაშვილმა თავის პარტიას აქცია ზურგი. თავადვე თქვა, რომ შეთანხმების დოკუმენტზე ხელი იყო მოსაწერი და პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. არჩევნების გაყალბებაზე საუბარს ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი გამოცლილი აქვს. სალომე სამადაშვილმაც იმიტომ მიიღო პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, რომ არ სურდა ქუჩის პოლიტიკოსად დარჩენა. ახლო მომავალში დავინახავთ, რომ ნაციონალებს, როგორც არაერთხელ, ახლაც მოუწევთ ნათქვამის გადათქმა, პარლამენტში შემოსვლა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვა.

ხათუნა ბახტურიძე