"ძალიან მწყდება გული, რომ ივანიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და..." - ვის გუნდში გამოჩნდება ხათუნა ხოფერია?
"ძალიან მწყდება გული, რომ ივანიშვილმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და..." - ვის გუნდში გამოჩნდება ხათუნა ხოფერია?
"გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლები მყარდებოდა"
პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალ. ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას და ქართველ ხალხს იმედები გაუცრუა. მმართველ გუნდს ბევრ რამეში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ მალე ისინი ხელისუფლებიდან წავლენ. როგორც თავად ამბობს, უკვე გამოჩნდა მისთვის მისაღები ძალა, რომელთანაც ის თანამშრომლობას აპირებს.

ხათუნა ხოფერია:
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთადერთი შემიძლია
ვთქვა - ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. რაიონიდან ჩამოსულმა მეგობარმა მითხრა, ისეთი შეგრძნება მაქვს, მგონია, ბავშვთა სახლში ვარ და იმიტომ, რომ პატრონი არ მყავს, ცუდად მექცევიანო. ასეთი განცდაა დღეს ჩვეულებრივ ადამიანებში. პოლიტიკური სივრცე ქაოსმა მოიცვა, ეს ეხება ოპოზიციასაც და მმართველ პოლიტიკურ ძალასაც. ამაში დამნაშავე კი მმართველი
პოლიტიკური ძალაა. ხელისუფლების მხრიდან როგორც კი ხდება მართვის სადავეების მიშვება, როდესაც თავს იჩენს არაკომპეტენცია და ხელისუფლება მყარად დგება ოპორტუნიზმის გზაზე, ამას მოყვება არაადეკვატური ნაბიჯები ოპოზიციის მხრიდან, უკანონოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა და უამრავი ასეთი რამ. პრაქტიკულად, სახელისუფლებო მმართველი პოლიტიკური ძალის დაშლა ხდება, პარალელურად, იშლება ოპოზიციის ძირითადი ბირთვი, რასაც "ნაცმოძრაობა" ჰქვია. ამაში დამნაშავე, პირველ რიგში, ხელისუფლებაა, რომელმაც ვერ შეძლო პროცესების სწორი ანალიზის გაკეთება, მართვა და საერთაშორისო ურთიერთობების დალაგება, რომელიც საჭიროა, ზოგადად, საერთაშორისო, საგარეო ოჯახში ადგილის დასამკვიდრებლად. დავკარგეთ ბუნებრივი მოცემულობა და ადგილი კავკასიაში.

"ქართულ ოცნებაში" რაც ხდება, იმას ჩვენ ძალიან მსუბუქ ფორმაში ვხედავთ, მაგრამ, რეალურად, ძალიან დაძაბულობაა პარტიაში, ბევრ ჯგუფად დაიყო და გადარჩენისთვის მიდის ბრძოლა. გავრცელებულია ფრაზა, ბიძინა ივანიშვილი წავიდა და დატოვა კობახიძე. კობახიძემ დაიტოვა ხელისუფლება ივანიშვილის წასვლის შემდეგ და სცადა, გაეტარებინა თავისი პოლიტიკა ბოლომდე, რაც შარლ მიშელის სამარცხვინო დოკუმენტით დამთავრდა, რასაც შეიძლება დავარქვათ სუვერენიტეტის დაკარგვის დოკუმენტი. კობახიძე- მდინარაძის გუნდის ასოციალურობის გამო მოხდა ეს, ისინი ხალხთან ვერ კონტაქტობენ, გუნდი შიგნით ძალიან სერიოზულად ჩამოიშალა. არაფერს ვამბობ გიორგი გახარიაზე, რომელსაც არჩევანიც კი არ დაუტოვეს, იძულებული გახდა, წასულიყო. თუ დაიჭერდა მელიას, მაინც მოუწევდა წასვლა, საერთაშორისო, ასევე - "ენჯეოების" და თავად "ოცნების" ლიდერების მხრიდან ზეწოლა იქნებოდა, უბრალოდ, გახარიამ გადაწყვიტა, არ დაეჭირა ნიკა მელია, არ გადაედგა ეს იდიოტური ნაბიჯი და უფრო სუფთად წასულიყო. არ ვიცი, რამდენად უნიჭო და არაადამიანი უნდა იყო, კახი კახიშვილი, ამხელა გამოცდილების მქონე, ასეთი კარგი ადამიანი ისე გაამწარო, რომ თქვას, მე შეიძლება ფრაქცია დავტოვო იმის გამო, რომ არავინ არაფერს მეკითხება და მე ვერ შევასრულებ სხვის მიღებულ გადაწყვეტილებებსო. ახლა ყრილობა არის მოახლოებული და კობახიძეს უნდა შეინარჩუნოს პოლიტსაბჭო, თანამდებობა და ამ ლეგიტიმაციის შემდეგ, ალბათ, ექნება პრეტენზია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს და "ნაციონალებთან" ერთად მინისტრთა კაბინეტი აირჩიოს, ანუ მთლიანად გადავიდნენ ვია კოალიციურ მმართველობაში. ნელ-ნელა მივდივართ კოალიციური მმართველობისკენ მაშინ, როცა გამარჯვებული პოლიტიკური ძალა იყო, შევიდა უმრავლესობით პარლამენტში და ვერ ახერხებს, თავისი პოლიტიკა გაატაროს ქვეყანაში, აიღოს ყველაფერზე პასუხისმგებლობა, რაც ქვეყანაში მოხდება მისი მმართველობის დროს. უცებ გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას ათქმევინა უარი ოპოზიციამ, რომელმაც წააგო არჩევნები და რომელიც საზოგადოებისთვის არის სრულიად მიუღებელი. სისხლის სამართლის დამნაშავეა "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აკეთებენ კოალიციურ მთავრობას.

ვფიქრობ, კახა კალაძეც ელოდება იმ მომენტს, როდესაც მოხდება პარტიაში ძალების გადანაწილება, შეძლოს ეს ძალები თავისკენ მოიზიდოს. თავისი ხალხი მას პარლამენტშიც ჰყავს, მხარდამჭერებიც ჰყავს, დედაქალაქის ადმინისტრაციის რესურსიც მისია და კალაძე არ არის მსუბუქი პოლიტიკური ძალა, ალბათ, ის ეცდება, გადმოქაჩოს თავისკენ სახელისუფლებო პოლიტიკური ბერკეტები. ანალოგიურად იმოძრავებს, ალბათ, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც, ასევე, ექნება მცდელობა, თანამოაზრეები შეკრიბოს. თუმცა არ ვიცი, პოლიტსაბჭოში რამდენად აქვს გავლენა მას. გული მწყდება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი მსხვერპლია იმ არასწორი პოლიტიკის, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლები მყარდებოდა. ირაკლის ამის დეკლარირება არ გაუკეთებია, მაგრამ მან გააჟღერა ეროვნული კონცეფციის იდეა და ვთვლი, რომ ირაკლი არის პატრიოტი, კონსერვატორი და მისი ცხოვრების წესიც ასეთივეა, შესაბამისად, ვერანაირად ვერ მოძოვს მდინარაძე-კობახიძესთან ერთად, რომლებმაც ქვეყანა, პოლიტიკა, ქართველი ხალხი შესწირეს ფსევდოლიბერალების ბატონობას და სუვერენიტეტი გადააბარეს ევროპულ ჯგუფს, რომელიც ანალოგიურს აკეთებს თავის ქვეყანაში.

- გიორგი გახარიას გამოჩენა რას შეცვლის ამ ვითარებაში?
- იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც კეთდება, ვინ მიდის მასთან და რა პოზიციები უკავია, ვფიქრობ, გახარია არ იქნება ისეთი მძიმე ფსევდოლიბერალი, როგორიც კობახიძის ჯგუფია, მაგრამ ის მაინც ეცდება, ეს ნიშა დაიკავოს. სრულიად განსხვავებულია ლევან ვასაძის ჯგუფი. ვნახეთ, ძალიან შეცვლილი იყო ამ დღეებში ლევან ვასაძის ტონი იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო. მაშინ, როცა მას ეკავა სამოქალაქო აქტივისტის, პატრიოტის პოზიცია, მასში იყო უფრო აგრესიული ტონალობა, მაგრამ როგორც კი გააკეთა განცხადება პოლიტიკაში მოსვლაზე, შეიცვალა და გარკვეული პასუხიმგებლობა იგრძნო. შენ თუ მოდიხარ პოლიტიკაში, სხვა თამაშით უნდა ითამაშო და აპირებს ქვეყანაში ამ კონსერვატორული ღირებულებების, ტრადიციების, ჩვენი რწმენის, ოჯახის წევრების დაცვას კანონიერი გზით, საკონსტიტუციო ცვლილების გზით, თუნდაც ლგბტ-ს საზოგადოებაში თავისი ადგილი კანონის გზით მიუჩინოს. ძალიან მომეწონა მისი მსჯელობა, დიდი სიმპათიებით ვარ და ვფიქრობ, ლევან ვასაძეს შევუერთდები.

- უკვე გქონდათ მასთან მოლაპარაკებები?
- მას რამდენიმეჯერ შევხვდი. თუ ადამიანი აპირებ, ვიღაცას მხარი დაუჭირო პოლიტიკურად, როცა პოლიტიკური ველი ასეთია, სრული ქაოსია და მართლა ქარიშხალს მიაქვს, ათასი სიბინძურე ტრიალებს, გარკვეული პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ადამიანის თვისებები უნდა იცოდე და უნდა იცოდე, რამდენად შეძლებ მასთან ყოფნას. მე ზურა ჟვანიას გუნდში ვიყავი და მისი თვისებებიდან გამომდინარე, კარგი, მეგობრული ურთიერთობები მქონდა. ხალასი ხასიათი არ გატყუებს, ეს ვიცი. იმდენად კმაყოფილი წამოვედი ლევან ვასაძის შეხვედრებიდან, მინდა დაველოდო, ახლა რა იქნება "ქართული ოცნების" ყრილობაზე, ან შეიძლება მანამდეც მივიღო გადაწყვეტილებები და მის გვერდით დავდგე, ფაქტობრივად, ერთ ენაზე ვსაუბრობთ.

- თვითმმართველობის არჩევნებში ლევან ვასაძეს გამარჯვების შანსები ექნება?
- ძალიან ცუდი გზით ვიარეთ ეს წლები და გამარჯვება დავარქვით უმრავლესობით მოსვლას, რადგან მიგვაჩვიეს, რომ 83 პროცენტით შეიძლება მოხვიდე ხელისუფლებაში გაყალბებით და მიტინგზე მინიმუმ 400 000 კაცი თუ არ გამოიყვანე, მაშინ ეს არ არის მიტინგი. ეს არის სრული იდიოტიზმი. პოლიტიკური გამარჯვება ჰქვია იმას, როდესაც შენ იმკვიდრებ ადგილს პოლიტიკურ სივრცეში და მოთამაშე ხდები, ხუთი პროცენტით მეტი გექნება თუ ნაკლები, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ლევან ვასაძე, რა პროცენტითაც უნდა შევიდეს პოლიტიკაში, ის იქნება მთავარი მოთამაშე ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში და ექნება თავის ნიშა, რომლის დაკავება ჯერჯერობით ვერავინ შეძლო. ეს არის ოჯახებისთვის მებრძოლი პატრიოტი მყარი ერთობა. პოლიტიკაში ის იქნება ძალიან ანგარიშგასაწევი და ექნება საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენი მოსახლეობა ძალიან ჭკვიანია.

- გიორგი გახარიაც აყალიბებს ახლა გუნდს, ხომ არ გქონდათ მისგანაც შემოთავაზება?
- არა, გახარიას მხრიდან არ ყოფილა.

- მიხეილ სააკაშვილს გუნდის წევრებმა ჩააკითხეს უკრაინაში, რას მოელით ამ მოლაპარაკებებისგან?
- რაც ეხება სააკაშვილს, ყველაფერი ძალიან საფრთხილოა. 2020 წლის არჩევნებამდე მუდმივად ჟღერდებოდა გარანტიები, ბიძინა ივანიშვილი წავიდოდა პოლიტიკიდან, ასევე, ამ ყველა ვარიანტში წავიდოდა სააკაშვილიც, მაგრამ 26 პროცენტი დადო "ნაცმოძრაობამ", ეს არ იყო პატარა მაჩვენებელი, ეს იყო სერიოზული ძალა პოლიტიკისთვის და ამხელა ტრიბუნაზე ყოფნის შესაძლებლობა ექნებოდათ. მაგრამ ხელოვნურად შეიქმნა პოლიტიკური კრიზისი და ამას ხელი შეუწყო "ქართულმა ოცნებამ" თავისი სულელური ნაბიჯებით, მელიას დაჭერით, არასწორი მოლაპარაკებებით. მიჩნდებოდა ეჭვი, ხომ არ მართავს ამ პროცესებს სააკაშვილი, რათა დაანახოს კარგად ყველას, რომ ის ფლობს ბერკეტებს ოპოზიციის მართვის, რომ ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები. ნამდვილად განმიმტკიცდა ეს ეჭვი მას შემდეგ, რაც სტრასბურგში შევიდა საჩივარი "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ". 9 წელია, არ შეუტანია და ეს ნაბიჯი გადადგა ახლა, როგორ გგონიათ, გადადგამს ასეთ ნაბიჯს, თუ მას გარანტიები არ აქვს მიღებული ვიღაცისგან? ბოლომდე მართავს თავის პოლიტიკურ ძალას, რომელიც მართლა მისია და ყველა ხმა, რაც აიღეს "ნაციონალებმა", პირადად მიშა სააკაშვილის მხარდამჭერია. შესაბამისად, მიდის ვაჭრობა ახლა სააკაშვილთან. ახლა გაივლიან კონსულტაციებს, რა მავნებლობის ჩადენა შეუძლიათ ერის და ბერის წინაშე, მერე ჩამოვლენ და ააგორებენ, ალბათ, ახალ ტალღას.

პარლამენტში ისინი ყველა ვარიანში შევლენ, აბა, სად ჯანდაბაში წავლენ. ოღონდ ჯერ სტრასბურგის და მიშას თემებს გაივლიან. მერე ხუთი კომიტეტიდან 3 კომიტეტს წაიღებენ და თანამდებობებს მიიღებენ. სამაგიეროდ, ხომ ხედავთ, რა სიბინძურეები ხდება დღეს. სამსახურებიდან უშვებენ იმათ, ვინც არ არის მათი მომხრე და გახარიას უჭერს მხარს. არადა, 2012-13 წლებში, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში, "ნაციონალებს" ხელს ვერ ჰკიდებდნენ, არ შეიძლება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სამსახურებიდან გაშვებაო. ახლა, თურმე, შეიძლება, იმიტომ, რომ გახარიას უჭერენ მხარს. ეს ყველაფერი იხარშება "ქართული ოცნების" რამდენეიმე უტვინოს თავში, სამაგიეროდ, მიშას მომხრეებს არ უშვებდნენ. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს შერცხვენილი, რომ ისევე, როგორც "ნაცმოძრაობამ", აღარასოდეს გაივლოს თავში, რომ თუნდაც პატარა ნიშა დაიკავოს ქართულ პოლიტიკაში. ნიკა მელია არ დაუჭერიათ მაშინ, როდესაც ბრალდებულმა სამაჯური მოიხსნა და ქვეყნის დამხობის მცდელობა ჰქონდა და შემდეგ კრებითი მდინარაძეების მოფიქრებული იყო მისი დაკავება. საბოლოო ჯამში, იქამდე მიგვიყვანა ამან, რომ ნიკანორ მელია გახდა ქართული სახელმწიფოს საპირწონე და გაიმარჯვა ნიკანორ მელიამ შალ მიშელის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ჩვენ სახელმწიფოზე, სუვერენიტეტზე ვთქვით უარი და საკითხი გადავწყვიტეთ მელიას და მკვლელი ჟორიკა რურუას სასარგებლოდ. ვხვდებით რასთან გვაქვს საქმე?

მერწმუნეთ, "ქართული ოცნება" ვერ გადალახავს 43-პროცენტიან ბარიერს, ეს გამორიცხულია და მას მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება და იქაც პირწმინდად წააგებენ. მართლა ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე "ქართულ ოცნებას" დავუპირისპირებოდი, იმდენად დიდ იმედთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული 2011- 2012 წლები. იმდენად დიდი ბედნიერება იყო ბიძინას პოლიტიკაში მოსვლა, ჩვენი ერთად გამარჯვება და, საბოლოოდ, ყველაფერი ძალიან ცუდად დაგვირგვინდა. გული ძალიან მწყდება, რომ ეს ადამიანი აიძულეს, პოლიტიკიდან წასულიყო და გული მწყდება, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო იმით, რომ ამათ დაუტოვა თავისი შექმნილი პირმშო, "ქართული ოცნება".

(სპეციალურად საიტისთვის)