"ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა" - კვირის პალიტრა

"ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა"

"ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება იმის გამო, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას", - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ერთობლივ სტატიაში - "საქართველოს მომავალი ევროპულია" - რომელიც "ევრონიუსმა" გამოაქვეყნა.

"2021 წლის დასაწყისში საქართველო პოლიტიკური ჩიხში აღმოჩნდა. ლატენტურმა პოლარიზაციამ მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირა. ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ფასილიტატორობის მიუხედავად, დაძაბულობა პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა.

იმ გამოწვევის გამო, რომლის წინაშეც რეგიონის სტაბილურობა 2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამო აღმოჩნდა, აუცილებელი გახდა საქართველოს დემოკრატიისა და სტაბილურობის კონსოლიდაცია. საქართველოს პრეზიდენტის სრული მხარდაჭერით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შესთავაზა ევროკავშირს შუამავლობა პოლიტიკურ დიალოგში, რომელიც 1 მარტს შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის დროს ხელახლა დაიწყო.

ჩვენ, საქართველოს პრეზიდენტს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა კმაყოფილება იმის გამო, რომ მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა მიაღწიეს და ხელი მოაწერეს შეთანხმებას. ამ ხელშეკრულებით სრულდება კრიზისი, რომელსაც შესაძლოა ხელი შეეშალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიღწეული დემოკრატიული წინსვლისთვის და შეესუსტებინა საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე. დიალოგის, ლიდერობისა და კომპრომისის საშუალებით, ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გვერდზე გადადეს უთანხმოება ქვეყნის სასიკეთოდ. ეს გაკეთდა ჭეშმარიტად ევროპული სულისკვეთებით, რამაც აღადგინა საქართველოს, როგორც რეგიონის წამყვანი დემოკრატიის, იმიჯი. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, საჭიროა კონსტრუქციული პოლიტიკური ჩართულობის შენარჩუნება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ეს შეთანხმება საქართველოს, მისი ხალხისა და ევროკავშირის გამარჯვებაა,"- აღნიშნულია სტატიაში.