"ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მანიაკური შიშით არიან შეპყრობილნი, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილს ეხება" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მანიაკური შიშით არიან შეპყრობილნი, როცა საქმე მიხეილ სააკაშვილს ეხება"

"სხვებივით "ქართული ოცნების" მეხოტბეებად არ ვიქცევით და რეფორმას ჩაწიკწიკებულს არ ვუწოდებთ"

დასავლელი პარტნიორები "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლას ურჩევენ. საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია "ნაციონალური მოძრაობა" ჩართული იყოს საარჩევნო და სასამართლო რეფორმებთან დაკავშირებულ დისკუსიებში და მონაწილეობდეს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებაში. რატომ არ იღებს "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შესვლა-არშესვლის შესახებ გადაწყვეტილებას და რა ტიპის დაპირისპირებაა გუნდში, ამის გარკვევა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერთან, თინა ბოკუჩავასთან საუბრისას ვცადეთ:

- მეც ვიზიარებ ელჩის მოსაზრებას - მთავარი ოპოზიციური პარტია აუცილებლად უნდა იყოს პარლამენტში თუნდაც იმისთვის, რომ გავატაროთ ის რეფორმები, რომლებიც შარლს მიშელის დოკუმენტში ჩაიდო. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც მთავარი ოპოზიციური ძალა მიიღებს, დიდწილად განსაზღვრავს მთლიანად ოპოზიციის ეფექტიანობას.

იმედია, მალე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა ასევე მივესალმები ნიკა მელიას გადაწყვეტილებას, რომ რაც შეიძლება მეტ ჯგუფთან ჰქონდეს კონსულტაცია, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ფუჭი აღმოჩნდა ზოგიერთის მოლოდინი, რომ პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილებას კიევში მიიღებდნენ. რა თქმა უნდა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ნიკა მელიას კონსულტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად ესმის, რა არის მიხეილ სააკაშვილის ელექტორალური წონა.

ამიტომ არიან ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" მანიაკური შიშით შეპყრობილი, როცა საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს. თავად მიხეილ სააკაშვილიც მომხრეა, რაც შეიძლება ფართო კონსულტაციების საფუძველზე იქნეს გადაწყვეტილება მიღებული. ნიკამ გაიარა კონსულტაცია როგორც მიხეილ სააკაშვილთან, ასევე ხელმომწერ პარტიებთან, არახელმომწერ პარტიებთან, უამრავ აქტივისტსა და სამოქალაქო ჯგუფთან.

თუ ელისაშვილის იმედად დარჩა ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო ცვლილებებზე (რაზეც ჩვენ გადაბმულად ორი დღეა ვმუშაობთ და უამრავი შენიშვნა გვაქვს) ამბობს, რომ იდეალური და ჩაწიკწიკებულია, რა თქმა უნდა, ვერ გაატარებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ინტერესს საკანონმდებლო ორგანოში.

- ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ "ნაციონალები" საჯაროდ არ აღიარებენ, თუმცა პირად საუბარში ხშირად აღნიშნავენ, რომ საარჩევნო რეფორმა ძალიან მოსწონთ. - ეს უტიფარი ტყუილია. ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული 5 შეხვედრა გაიმართა და ყველა შეხვედრაზე დავაფიქსირეთ ჩვენი კრიტიკული მოსაზრებები. ამ შეხვედრებს ესწრებოდა ბატონი ლევან იოსელიანი და თავისი ყურით ისმენდა "ნაციონალური მოძრაობის" აზრს. ჩვენ კრიტიკული მოსაზრება გვქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ. რიგ საკითხებზე შარლ მიშელის დოკუმენტი ნამდვილად იძლევა ჩარჩო-ინსტრუქციას, თუმცა არის საკითხები, რაც დოკუმენტში დაკონკრეტებული არ არის და შესაბამისად, ეს საკითხები კანონმდებლობით უნდა განსაზღვრულიყო. მაგალითად, ე.წ. პროფესიონალებს, სინამდვილეში კი "ქართული ოცნების" წევრებს, ჩაანაცვლებენ თუ არა პროფესიონალი კადრებით; როგორ დაკომპლექტდება ცესკოს წევრების შესარჩევი კომისია, რა უფლებამოსილება ექნება ე.წ. საკონსულტაციო ჯგუფს და კიდევ მთელ რიგ სხვა საკითხებზე გვაქვს კრიტიკული შენიშვნები. ამ დოკუმენტის ფარგლებშიც გაცილებით უკეთესი საარჩევნო ცვლილებებია შესაძლებელი, ვიდრე იმ ვერსიით, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს და რომელიც უკვე გაიგზავნა ვენეციის კომისიაში შენიშვნებისთვის.

"ნაციონალური მოძრაობა", სავარაუდოდ სხვა პარტიებთან კოორდინაციით, აპირებს საკუთარი ხედვა გაუგზავნოს ვენეციის კომისიას, რათა რეალურად მივიღოთ ფუნდამენტური ცვლილებები და ნებისმიერი მომავალი არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

აუცილებლად ვიბრძოლებთ უკეთესი შედეგის მისაღწევად, სხვებივით "ქართული ოცნების" მეხოტბეებად არ ვიქცევით და რეფორმას ჩაწიკწიკებულს არ ვუწოდებთ.

- ფაქტია, რომ თქვენც ბევრი თქვენი თანაგუნდელის პარლამენტში შესვლა სწორ გადაწყვეტილებად მიგაჩნიათ. როგორია თქვენგან განსხვავებული პოზიციის მქონე "ნაციონალი" ლიდერების არგუმენტები? - მათი არგუმენტების ინტერპრეტაცია და გახმაურება არასწორად მიმაჩნია. რაც შეეხება ჩემს არგუმენტებს, ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. ასევე ვფიქრობ, ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში გაუკაფა გზა, ამ შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს. თავიდან უნდა ავირიდოთ შიდაოპოზიციური დაპირისპირება, რაც გარდაუვალია, თუ "ნაციონალური მოძრაობა" არ შევა პარლამენტში.

- ხომ არ არის შესაძლებელი ამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის გამო თავად "ნაციონალურ მოძრაობაშიც" მოხდეს დაპირისპირება? - ეს ბიძინა ივანიშვილის ოცნებაა. ის ახლა ხავსს ეჭიდება, ერთადერთ იმედად ოპოზიციის შესაძლო განხეთქილება აქვს. დარწმუნებული ვარ, არათუ "ნაციონალურ მოძრაობაში", არამედ რეალურ ოპოზიციაში არ მოხდება განხეთქილება.

ჩვენ აუცილებლად გამოვნახავთ თანამშრომლობის რესურსს, რათა კოორდინაციითა და თანამშრომლობით მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებამდე.

- არარეალურ ოპოზიციად ვის მიიჩნევთ? - ბატონ ალეკო ელისაშვილს!

- გაქვთ იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც თქვენ ამბობთ, რეალური ოპოზიცია თქვენი მერობის კანდიდატს დაუჭერს მხარს და კანდიდატურად ისევ განიხილება თუ არა ნიკა მელია? - გამარჯვების ფორმულა ერთიანობაშია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს უმრავლესობა, ყველა საკუთარ არგუმენტს წარმოადგენს და კოლეგიალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყნის ინტერესზე იქნება ორიენტირებული.

- ვისთან არ ითანამშრომლებთ? - ფსევდოოპოზიცია ალეკო ელისაშვილთან!

ხათუნა ბახტურიძე