"ქვეყნის საქმე გვაქვს და ვის სცალია "ნაციონალების" კიწიკოწისთვის?!" - კვირის პალიტრა

"ქვეყნის საქმე გვაქვს და ვის სცალია "ნაციონალების" კიწიკოწისთვის?!"

"ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონის რეგისტრაციით არჩევნების გაყალბების გამო ბოდიში მოიხადა"

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის შეჩერებას, "ლელოს" ლიდერებთან ერთად, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებიც ითხოვენ. გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს არალეგიტიმური, უკანონო პროცესია, რომელიც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას და იმედოვნებს, რომ "ქართული ოცნება" დროულად "მოეგება გონს", წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მკაცრ მოქმედებებს და მათ შორის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის საპროტესტო აქციებს აანონსებს. უფრო ვრცლად აქციაზე, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე გვესაუბრება:

- "ქართული ოცნება" მზაკვრულად გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით აირჩიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რაც ეწინააღმდეგება 19 აპრილის შარლ მიშელის შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეწინააღმდეგება იმ ფუნდამენტურ მართლმსაჯულების რეფორმას, რომელიც შეთანხმების დოკუმენტით უნდა გატარდეს საქართველოში. უფრო მეტიც, მესამე პუნქტის მესამე ქვეპუნქტი პირდაპირ ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა სწორედ ამ დოკუმენტის შესაბამისად უნდა გატარდეს.

მედიატორებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდათ ყველა ხელმომწერ მხარესთან, "ქართული ოცნების" ჩათვლით. ისინიც მიიჩნევენ, რომ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა და განისაზღვროს ახალი პროცედურა.

მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს და სასამართლოს კლანს - თქვენ შეიძლება გსურთ ჩაფარცხოთ ეს საკითხი, მაგრამ არ გამოვა. ეს დანიშვნები იქნება არალეგიტიმური და უკანონო. ამიტომ მოგიწოდებთ, შეაჩეროთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა, ისევე როგორც შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას, რომელმაც ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, მოგვიწევს უფრო მკაცრ ზომებს მივმართოთ.

- ცოტა ხნის წინ თქვით, რომ პარლამენტში დაარეგისტრირებდით საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, ნასამართლევი პირი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის რექტორი არ უნდა იყოს. - ამ ინიციატივის პარლამენტში დაყენება სტუდენტებმა მთხოვეს. როგორ შეიძლება ოთხჯერ ნასამართლევი პირი უნივერსიტეტის რექტორი იყოს?! ნორმალური ხელისუფლება რომ გვყავდეს, ამას საკანონმდებლო ინიციატივა არც უნდა სჭირდებოდეს. სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს პროფესორ-მასწავლებლები უნდა ირჩევდნენ და არა განათლების მინისტრი ან პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

- ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პირდაპირ თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია ფორმალური არ არის და მას ოპოზიციის ჩართულობა სჭირდება. თუმცა თქვენ, ისევე როგორ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი სხვა პარტიის ლიდერები, უარს ამბობთ კომისიაში მუშაობაზე. - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც გამოვიძიებთ და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ყველაფერს აქვს თავისი დრო.

- მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ კომისიაში მუშაობა იმიტომ არ გინდათ, რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები არ გაქვთ. - რა თქმა უნდა, გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია "ქართულ ოცნებას" არ მივცეთ საშუალება არიოს საკანონმდებლო პროცესი. ახლა საარჩევნო კოდექსზე ვმუშაობთ, მისაღები გვაქვს ცვლილებები თვითმმართველობის ორგანულ კანონში, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება, შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ვფიქრობ, მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონის რეგისტრაციით არჩევნების გაყალბების გამო ბოდიში მოიხადა.

- არადა, მმართველი გუნდის ლიდერები თქვენგან ითხოვენ ბოდიში მოუხადოთ თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების ცრუბრალდებისა და ბულინგის გამო. - ჩვენ არავისთან არაფერი გვაქვს საბოდიშო. თამარ ჟვანიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. თუმცა, თუ არ დატოვებს, არც ეს არის ტრაგედია, საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების გამო გაყალბების მექანიზმი მაინც აღარ ექნება.

- "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების აზრით, საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები მათი დამსახურებაა. - ეს ცვლილებები ოპოზიციის ერთობილივი ბრძოლის დამსახურებაა. "ნაციონალური მოძრაობის" პრობლემა ის არის, რომ ამ სამყაროში მხოლოდ საკუთარ პარტიას ხედავს. მე ისიც მიკვირს, რატომ არ შემოდიან პარლამენტში და ამ გამარჯვებას ჩვენთან ერთად რატომ არ იზიარებენ? ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ოპოზიცია სრულფასოვნად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. ამასობაში "ქართული ოცნება" აქეთ იუსტიციის საბჭოზე რაღაც-რაღაცებს ცდილობს, იქით კანონპროექტებს აპარებს. ყოველდღე რამდენიმე დეპუტატი ვზივართ და გავდივართ ყველა კანონს, რომ "ოცნებამ" არაფერი გააპაროს. უნდა დავასრულოთ ეს დავა. დროულად შეუერთდნენ შეთანხმებას. ეს სასიკეთო იქნება ქვეყნისთვისაც და მათთვისაც, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენი დასავლური რეპუტაციისთვის.

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი და რეგიონული განვითარების კომიტეტს გასვლითი სხდომა გვქონდა. სხდომას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. რაც მოვისმინე, ის არის, რომ არ არსებობს განვითარების სტრატეგია. მე და ხათუნა სამნიძემ შევძელით რამდენიმე საინტერესო საკითხზე შეთანხმება, რომლებიც ბათუმისა და აჭარის მოსახლეობამ დამაბარა. ერთ-ერთი პრობლემა თამბაქოს მწარმოებლებისთვის საგადასახადო ბიუროკრატიაა. შევთანხმდით, რომ უახლოეს ვადაში შევიმუშავებთ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელ გეგმას. მეორე პრობლემაა გზა, რომელიც გადათხრილია, მუშაობა ძალიან ნელა მიმდინარეობს. მესამე - მიწის რეგისტრაცია. პრობლემა აქვთ ტაქსის მძღოლებსაც. აჭარაში ტაქსების ბაზარზე გამოჩნდა კომპანია, რომელიც მათ ბიზნესის წართმევას უპირებს. თორნიკე რიჟვაძემ პირობა დადო, რომ ასეთი რამ არ მოხდება. რეგიონული განვითარება უმნიშვნელოვანესია. ამიტომაც ვაპირებ რეგიონებში ჩასვლას. აი, ამდენი საქმე გვაქვს და ვის სცალია "ნაციონალების" კიწიკოწისთვის?!

ხათუნა ბახტურიძე