"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში თუ არ შემოვა, ქვეყანა არ დაიქცევა" - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში თუ არ შემოვა, ქვეყანა არ დაიქცევა"

"ნაციონალების" ბოიკოტი ნამდვილად ვერ დააბრკოლებს რეფორმებს"

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შესახებ პროექტის შინაარსზე შეთანხმდნენ. კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ცესკოს წევრთა რაოდენობა - 11-ის ნაცვლად ცესკოს არა უმეტეს 17 წევრი ეყოლება. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად იქნება ცესკოს წევრი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა მისი წევრობის შეწყვეტასაც იწვევს და ა.შ. კანონპროექტის ხარვეზებსა და სიკეთეებზე "მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი გვესაუბრება:

- ჩვენ პრაქტიკულად ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე შევთანხმდით, რაც არჩევნებისადმი ნდობის აღდგენას უკავშირდებოდა: თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, გადათვლის აუცილებლობაზე, პარიტეტით ყველა პარტიისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ყოლის უფლების მინიჭება, ასევე საოლქოსა და საუბნოში წევრების ყოლის უფლებაზე, დაუბალანსებელი ოქმების შემთხვევაში გადათვლის მექანიზმების შემოღებაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვასა და დაჯარიმებაზე... იდეალური არაფერია, მაგრამ ამ ცვლილებების შემდეგ არჩევნების გაყალბება ძალიან რთული იქნება.

- ოპოზიციის ნაწილის აზრით, საარჩევნო უბნებზე ბიომეტრიული ვერიფიკაციის გარეშე კარუსელებს ვერ მოვერევით. როგორც კახა კუკავა ამბობს, "ოცნებას" მინიმუმ, 200000-300000 ხმა ჯიბეში აქვს ყალბი პირადობის მოწმობებით. მისი ვერსიით, შემოწმება მხოლოდ ბიომეტრიული მოწმობების შემოწმებით არის შესაძლებელი. კუკავა ლაპარაკობს ასევე მაჟორიტარულ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერის დაწესებაზე და ამბობს, რომ თუ საკრებულოს მაჟორიტარებზე 50%-იანი ბარიერი არ დაწესდება, "ოცნება" არჩევნებს 10%-იანი ფორით დაიწყებს. - ტექნიკურ ნაწილზე ცალკე ჯგუფი მუშაობს. ყველა ღონისძიება იქნება გატარებული, რომელიც დაცვას უზრუნველყოფს, იქნება ეს თითის ანაბეჭდი თუ სახის ამომცნობი. გარწმუნებთ, საკითხი ისე გადაწყდება, რომ კარუსელის დატრიალებას ვერავინ შეძლებს.

- ოპოზიციის ნაწილი იმასაც ამბობს, რომ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ხელს შეუშლის ოპოზიციის გაერთიანებას და ამასთან პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შანსს წაართმევს. - უკეთესი იქნება, თუ პატარა პოლიტიკური პარტიები ინდივიდუალურად იმუშავებენ, გაძლიერდებიან და დამოუკიდებლად შეძლებენ ოპონირებას. გასაგებია, რომ დღეს ორი პოლიტიკური პარტიის გარდა ყველა სუსტია, მაგრამ მათი გაძლიერებისთვის თუ დღეს არ დავიწყეთ მუშაობა, ხვალ ძალიან გვიანი იქნება. ყოველთვის იქნება ცდუნება, რომ ვიღაცასთან გაერთიანდნენ, შეიკრან და ა.შ.

- რას ეხებოდა ბრიუსელში თქვენი ვიზიტი? - ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ევროპელი პარტნიორები მოხარული არიან, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა და ამბობენ, რომ დააკვირდებიან, როგორ მოხდება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაცია. მოლოდინი აქვთ, რომ დავიწყებთ სასამართლოს ფუნდამენტურ რეფორმას... ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტში ოპოზიციის როლის გაზრდა. 2024 წლისთვის დაგეგმილ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ზურგს უნდა უმაგრებდეს ოპოზიციის მონაწილეობით დემოკრატიული პროცესები. სხვაგვარად "ქართული ოცნების" მიღებულ კანონებს ინკლუზიურ დემოკრატიულ პოლიტიკად ვერ განიხილავენ.

- როგორია მათი პოზიცია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ჯერ კიდევ არ არის ყველა მანდატიანი ოპოზიციონერის, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ხელმოწერა? - შარლ მიშელის დოკუმენტი მხოლოდ მასში ჩაწერილი პუნქტების გამო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ იმითაც, რომ დოკუმენტი უზრუნველყოფს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის თანამშრომლობას. დღეს ჩვენ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, და მმართველმა გუნდმა უკვე შევძელით ერთობლივად შეთანხმება "საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ" პროექტის შინაარსზე. იმედია, ხვალ სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებიან და ჩანაწერებზეც შევთანხმდებით.

- ამისთვის არის თუ არა აუცილებელი, რომ პარლამენტში შემოვიდეს "ნაციონალური მოძრაობა" და საერთოდ, "საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ" პროექტზე მსჯელობა იქნებოდა თუ არა უფრო საინტერესო, "ნაციონალებსაც" რომ მიეღოთ მონაწილეობა? - მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მაინც ერთი პოლიტიკური სუბიექტია, პოლიტიკური სუბიექტების უმრავლესობა კი უკვე წარმოდგენილია პარლამენტში. რაც მთავარია, საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობა უკვე არის. ასე რომ, თუ არ შემოვლენ, ქვეყანა არ დაიქცევა. მათი ბოიკოტი ნამდვილად ვერ დააბრკოლებს რეფორმებს. თუმცა მათივე განცხადებები მეტყველებს, რომ პარლამენტში შემოსვლა უკვე გადაწყვეტილი აქვთ.

ხათუნა ბახტურიძე