"ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში"

"თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები"

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტს მიმართავს, შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმის გატარებამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების არჩევაზე მორატორიუმის გამოცხადება უზრუნველყოს. კანონპროექტი ფრაქციამ პარლამენტში უკვე შეიტანა. "ლელოს" ლიდერების აზრით, მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს. რის საფუძველზე ითხოვენ "ლელოს" ლიდერები მორატორიუმს, რას ფიქრობენ ისინი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, იზიარებენ თუ არა პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის შენიშვნებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე გვესაუბრება:

- 26 მაისისთვის დანიშნულია მოსამართლეთა კონფერენცია, სადაც უნდა აირჩიონ იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრი. შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ ჯერ უნდა შეფასდეს სისტემის მდგომარეობა, შემდეგ უნდა გატარდეს რეფორმა და შემდგომ უკვე შევარჩიოთ სათანადო პირები. მმართველი გუნდი პროცესს უკუღმა ატრიალებს. ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, სანამ რეფორმირების შესახებ საკანონმდებლო დონეზე არ შევთანხმდებით, მანამდე შერჩევის პროცესი შეჩერდეს. თავს მოვიტყუებთ, თუ ვიტყვით, რომ დასრულდეს შერჩევა და მერე დაიწყოს რეფორმირება. 26 მაისს დანიშნული სხდომა უნდა გადაიდოს, სანამ რეფორმებზე არ ვიმსჯელებთ.

- მმართველმა გუნდმა უკვე უარი თქვა თქვენს მოწოდებაზე... - როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" არ სურს იუსტიციის საბჭოში ცვლილებები. ჩვენ მოწოდების, სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური ძალების მობილიზაციის გარდა, სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია. მინდა ყველა თქვენგანს ესმოდეს, რომ ლაპარაკია ჩვენი ქვეყნის მომავალზე. მოქმედი წევრების უფლებამოსილების გაგრძელება შესაძლებელია, თუმცა დროებით, სანამ ჩვენ საკანონმდებლო ცვლილებებს მივიღებთ. ახალი კანონმდებლობით არამოსამართლე წევრების არჩევის წესიც იქნება განსაზღვრული. იუსტიციის საბჭო ისეთი რეპუტაციების წევრებით უნდა გვყავდეს დაკომპლექტებული, რომლებზეც კლანის წევრების ზემოქმედება გამორიცხული იქნება.

- პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია "საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შესახებ" კანონპროექტს კრიტიკულად აფასებს. ერთი ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ეს ცვლილებები საპარლამენტო ოპოზიციასაც კი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. - არის საკითხები, რომელთა მოგვარებას შარლ მიშელის დოკუმენტი გვავალდებულებს, და არის საკითხები, რომლებიც ამ დოკუმენტში არ არის ასახული, მაგრამ ვფიქრობთ, ისინიც მნიშვნელოვანია. მედიაცია რას გულისხმობს? მოუსმინოს ერთ მხარესაც, მეორესაც და შემოგვთავაზოს კომპრომისული ვარიანტი. ჩვენ ბევრი რამ გვსურდა, მაგრამ ყველაფერი ვერ აისახა დოკუმენტში.

ჩვენ და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს სურდათ საარჩევნო ბლოკები დაშვებული ყოფილიყო, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" პრინციპული უარი თქვა. მან ჩვენი სხვა ბევრი მოთხოვნაც უარყო.

არის საკითხები, რაც არც ჩვენ დაგვიყენებია, არც მმართველ გუნდს, მაგრამ მოდერატორმა შემოგვთავაზა. გარდა ამისა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. კანონპროექტში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასაზუსტებელი.

- როგორ წარმოგიდგენიათ, ეს საარჩევნო ცვლილებები იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულიად ახალი ტიპის თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს? - თუ მოვახერხებთ ყველა იმ ცვლილებას, რაზეც დღეს ვსაუბრობთ, და ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, ოპოზიციას ნამდვილად გაგვიჩნდება შანსი. თუმცა გარანტირებული არაფერია. ბრძოლაა საჭირო.

უპირველესად ისეთი კანონპროექტის დამტკიცებისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც სრულად დაეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას. მეორე ეტაპია ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ნაბიჯების სწორად გადადგმა.

- რას გულისხმობთ? - ვგულისხმობ კვალიფიციური წევრების შერჩევას და დანიშვნას ცესკოში. 3500 უბანია და ყველა უბანზე უნდა დაინიშნოს 8 ოპოზიციონერი წევრი. ძალიან ბევრი კვალიფიციური წევრია შესარჩევი საოლქო და საუბნო კომისიებში. ძალიან კარგია, რომ ცესკოში 10 ახალი წევრი იქნება. თუმცა ჩვენი სურვილი იქნებოდა, იმ პირებს, რომლებიც ახლა არიან ცესკოში, მათ შორის თავმჯდომარეს, იგივე პროცესი გაევლოთ, რაც არის გაწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში ახალი წევრების არჩევის შესახებ. რატომღაც ითვლება, რომ ასეთი მოთხოვნა შესაძლოა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდეს. ამიტომ ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ახალი წევრების არჩევაზე, ოპოზიციის წევრების დანიშვნაზე და ეს უკვე იძლევა უმრავლესობას ცესკოში, ვგულისხმობ ახალ წევრებს. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ოპოზიციურმა პარტიებმა დროულად უნდა შეარჩიონ კანდიდატურები საოლქო კომისიებში, რათა იქ 8 წარმომადგენელი გვყავდეს. იგივე ითქმის საუბნოზეც.

თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები.

- შთაბეჭდილება რჩება, რომ თამარ ჟვანიას პოსტიდან წასვლა თქვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის. - ადმინისტრაცია ხომ მისი მუშაობის შედეგით ფასდება? თუ ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ეს იყო ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნები, ეს ხომ მძიმე შეფასებაა?! ამაზე უარესი მხოლოდ ის იქნებოდა, დასავლელ პარტნიორებს ეს არჩევნები არალეგიტიმურად რომ ჩაეთვალათ. ჩემი აზრით, იმ პირმა, ვისი ჩატარებული არჩევნებიც ასე მძიმედ შეფასდა, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

- თვითმმართველობის არჩევნების მოსაგებად მხოლოდ გაუმჯობესებული საარჩევნო კოდექსი არ კმარა. როგორია თქვენი ბრძოლის სტრატეგია, დამოუკიდებლად აპირებთ მარათონში ჩართვას, მესამე პოლიტიკური ცენტრის იდეას იზიარებთ თუ ოპოზიციონერ კოლეგებთან სხვა ტიპის თანამშრომლობას აპირებთ? - უნდა დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ვნახოთ, საბოლოოდ ვინ შემოდის და ვინ რჩება გარეთ, რათა ამის მიხედვით დავგეგმოთ ჩვენი სტრატეგია და ვისთან რა ტიპის კოორდინაცია გვექნება.

- "ლელო" თბილისის მერობის კანდიდატს დამოუკიდებლად წარადგენს თუ დანარჩენ ოპოზიციასთან შეათანხმებს? - ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება.

ხათუნა ბახტურიძე