"სანამ საშინაო პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, მტერს ჩვენზე მანიპულირების მექანიზმი სულ ექნება" - კვირის პალიტრა

"სანამ საშინაო პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, მტერს ჩვენზე მანიპულირების მექანიზმი სულ ექნება"

საქართველოში პოლიტიკური პროცესები, მისი გავლენა საზოგადოებაზე და საერთაშორისო საზოგადოებრიობის განწყობები - ეს არის საკითხები, რომლებზეც პოლიტოლოგი, თსუ-ის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე გვესაუბრა:

- საქართველოში საშინაო და საგარეო პოლიტიკა ყოველთვის ერთმანეთთან კავშირში იყო, ამიტომ საშინაო პრიორიტეტებსაც ისეთივე დალაგება უნდა, როგორიც საგარეოს. წლებია, ყველა მთავრობის დროს, საქართველოში დაბალი შემოსავალი და უმუშევრობის მაღალი დონე პრობლემაა, მაგრამ ვინც მუშაობს, არც მას აქვთ შრომის ღირსეული პირობები... ამდენი წელია დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მსგავს საკითხებში უკვე მნიშვნელოვანი ძვრები უნდა გვქონდეს, თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყნის პოლიტიკის განმსაზღვრელი სწორედ ეკონომიკა და სოციალური ფონია.

წლებია რუსეთიდან მომავალი საფრთხეც უცვლელია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული, ის მთელი შავი ზღვის რეგიონს უქმნის საფრთხეს. პუტინი ხან რუსულ სამყაროს გვიწოდებს, ხან თავის საზღვრებში მოქცეულ რესპუბლიკას. ამის შემადგენელი ნაწილი იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, 2014 წელს კი რუსეთ-უკრაინის ომი, ყირიმის ანექსია. ამას წინათ უკრაინის მისადგომებთან ასი ათასზე მეტი სამხედრო განალაგა, შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო ძალები შეიყვანა. გამოვიყვანეთო, ამბობენ, მაგრამ მხოლოდ 3 ათასი გამოიყვანეს, დანარჩენი ადგილზეა, რაც პირდაპირი მუქარაა. ამიტომ საქართველოსაც და უკრაინასაც, სიფრთხილე და სიდინჯე მართებს. თუმცა, სანამ საშინაო პრობლემებს ვერ მოვაგვარებთ, მტერს ჩვენზე მანიპულირების მექანიზმი სულ ექნება. რაც შეეხება რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, ასე თუ ისე ვუმკლავდებით, კრემლს მიზნის მიღწევის შესაძლებლობას არ ვაძლევთ, თუმცა საფრთხე საფრთხედ რჩება. ქართული პოლიტიკის უმწიფრობაზე მიანიშნებს ის, რომ ეკონომიკურ რეფორმებს ვერ ვატარებთ. ნახევარ წელზე მეტია იმაზე ძიძგილაობენ, მელია ციხეში უნდა იყოს თუ არა.

ბოლო არჩევნების შემდგომ საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებამ დაგვანახა, რომ მეტს ითხოვენ ჩვენგან, ვიდრე მანამდე. თუ ვამბობთ, რომ დასავლური ოჯახის წევრობა გვსურს, კიდევ ერთი პოლიტიკური კრიზისი არ უნდა დავუშვათ, არც ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნა და შემდეგ სპეკულაციები. განცხადება, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა გვსურს, საქმითაც უნდა დავამტკიცოთ. საქართველოს შეიარაღებული ძალები უკვე კარგა ხანია ნატოს სტანდარტებს აკმაყოფილებს, დემოკრატიის ხარისხში კი პრობლემები გვაქვს... ოპოზიციის ნაწილი შევიდა პარლამენტში, სხვები ისევ ყოყმანობენ. მესმის, რომ მმართველ გუნდს არ ენდობიან, თუნდაც იმაში, გააუმჯობესებს თუ არა საარჩევნო გარემოს, მაგრამ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით ეს საკითხი მით უფრო არ მოგვარდება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას `ოცნება~ კიდეც რომ დათანხმდეს, საარჩევნო სისტემა და კომისია უნდა შეიცვალოს. ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს უკეთეს რეალობას. თუმცა ყველაფერს პოლიტიკოსებს ნუ გადავაბრალებთ, თავადაც უფრო აქტიური უნდა იყოს არა მარტო პოლიტიკურ, სოციალურ პროცესებშიც. ახლა ქვეყანაში არ არის ისეთი სავალალო ვითარება, როგორიც 2003 წელს იყო, როდესაც შეუმდგარი სახელმწიფო ვიყავით. ახლა რევოლუციური სიტუაცია არ არის, მაგრამ უკეთესი, უფრო სტაბილური ქვეყანა გვჭირდება, თავბრუდამხვევი განცხადებები კი არა, რეალური ქმედებები. ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი ქუჩაში გამოსვლა. ახლა ასეთი მოცემულობა გვაქვს - იმ პარტიებმა, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდებიან, შესაძლოა შექმნან კოალიციები და შედეგად მივიღოთ კოალიციური მთავრობა. გარდა ამისა, უნდა ისწავლონ დიალოგი, რადგან პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება, არადა, ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს დათმობა წაგება ჰგონია, გამარჯვება კი მეტოქის დამარცხება. ისე კი,A სანამ `ნაციონალური მოძრაობა~ სრული შემადგენლობით არ შევა პარლამენტში, კრიზისი არ ამოიწურება, რადგან გარეთ დარჩენილებს ყოველთვის ექნებათ მისი გამწვავების მექანიზმი. ტრაგედია არც მათი შეუსვლელობა იქნება, თუმცა კონსტიტუციური ცვლილებების დროს პარლამენტი დაბლოკილი იქნება.

- ამდენთვიანი პოლიტიკური კრიზისით რა შთაბეჭდილებას ვტოვებთ საერთაშორისო საზოგადოებრიობის თვალში? - მათ ძალიან არ მოსწონთ რაც საქართველოში ხდება, რადგან შემდგარი დემოკრატიული საზოგადოებისგან ელიან, რომ კომპრომისის პოვნას შეძლებს. ახლა სამხრეთ კავკასიაში შეცვლილი რეალობაა და მათ უფრო მეტად სჭირდებათ სტაბილური საქართველო. ჩვენც გვაწყობს ქვეყანაში სტაბილურობა. სამივე ქვეყანას ესმის, რომ სახიფათო მეზობელი გვყავს რუსეთის სახით, მაგრამ აზერბაიჯანსა და სომხეთს, სხვანაირი რეალობა აქვთ - ერთი მათგანის უკან თურქეთი დგას, მეორეს კი რუსეთი არ ეშვება. ამიტომ, როცა დასავლეთის სიკეთეებზე ვსაუბრობთ, უნდა დავანახოთ ყველა მხარეს, რომ ჩვენზე უკვე აისახა ეს დემოკრატიული ხარისხის, ეკონომიკური რეფორმებისა და სხვა სახით... საქართველო ათწლეულების განმავლობაში თამაშობდა სამშვიდობო შუამავლის როლს. ჩვენ არა გვაქვს ისეთი გავლენა, როგორიც უფრო ძლიერ მოთამაშეებს, რუსეთს, ამერიკას, თურქეთს, მაგრამ მნიშვნელოვანია ქვეყანამ მკაცრი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს.