"კალაძეს ჯერ სიჩქარეს არ ვურჩევ... ვფიქრობ, გახარია 2022 წლამდე არ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკაში, წლის ბოლომდე ბევრი ცვლილება გველის" - კვირის პალიტრა

"კალაძეს ჯერ სიჩქარეს არ ვურჩევ... ვფიქრობ, გახარია 2022 წლამდე არ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკაში, წლის ბოლომდე ბევრი ცვლილება გველის"

უკვე რამდენიმე თვეა, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ფონია, დეპუტატების პარტიიდან წასვლა, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლა და "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხი, რომელიც ჯერ ისევ გადაუწყვეტელია საზოგადოების განხილვის თემებია. ამ პრობლემების ფონზე, იმის თქმა, თუ როგორი პროგნოზი იქნება ქვეყანაში პოლიტიკისა თუ პანდემიის მხრივ, ცოტა რთულია. ამ და სხვა, ქვეყანაში აქტუალურ თემებზე სასაუბროდ ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს დავუკავშირდით.

- ბატონო მიხეილ, "ქართულ ოცნებაში" უთანხმოებაა, ჯერ ბიძინა ივანიშვილი წავიდა, შემდეგ გახარიამაც დატოვა თანამდებობა და ღარიბაშვილი დაბრუნდა, როგორია თქვენი პროგნოზი? - პარტიაში ჩანს დაძაბულობა, მით უმეტეს, ახლა დაბნელების ე.წ. დერეფანში შევდივართ. 26 მაისს გვაქვს მთვარის დაბნელება, 10 ივნისს გვაქვს მზის დაბნელება, ეს სერიოზული, რთული პერიოდია. ივნისის შუა რიცხვებიდან ივლისის შუა რიცხვებამდე უმძიმესი კოსმიური შტორმის პერიოდი დაიწყება, როდესაც დედამიწა უარყოფით ენერგოველში შევა და ცხადია, ეს იქნება პრობლემური პერიოდი ქვეყნისთვის და მთლიანი პოლიტიკისთვის. ამ პერიოდში დაძაბულობა გაძლიერდება ოპოზიციასა და პოზიციას შორის, ასევე - თვითონ ოპოზიციაშიც. არც არის გასაკვირი, რომ ღარიბაშვილის და კობახიძის ჯგუფები, გარკვეულწილად, დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კალაძესა და მის ჯგუფს შედარებით ჭკვიანური პოლიტიკა უჭირავთ, დაკვირვების პოზიციაში არიან, შეხედავენ, საით გადაიხრება სიტუაცია და ამის მიხედვით იმოქმედებენ. 10 ივნისის დაბნელება მოხდება ტყუპების ზოდიაქოში, ხოლო ტყუპები არის ჟურნალისტიკა, მასმედია და პიარჯგუფები, ამიტომ ეს ცვლილება შეეხება მედიასაც. შეიძლება ზოგიერთი მედიასაშუალება დაიხუროს, ზოგიერთი გაიხსნას, ზოგმა პოლიტიკური მიმართულება შეიცვალოს და ასე შემდეგ.

- გავრცელდა ხმები, რომ თბილისის მერი კახი კალაძე აპირებს "ქართულ ოცნებას" გაემიჯნოს, რას ფიქრობთ, მიიღებს კალაძე თბილისის მერობის არჩევნებში მონაწილეობას?

- გამორიცხული არაფერია, თუმცა მას ჯერ სიჩქარეს არ ვურჩევ, რადგან მისი ზოდიაქოს ნიშანი, გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი თევზებში გადავიდა და 28 ივლისამდე ჯობს არ იჩქაროს, კარგად დააკვირდეს რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ვინ შემოვა მის ცხოვრებაში. 28 ივლისს იუპიტერი უკან დაბრუნდება მერწყულში და შემდეგ 2022 წელს მთელი წელი ისევ თევზებში იქნება. ამიტომ ჯობს, კალაძე 28 ივლისამდე მხოლოდ დააკვირდეს, შეხედოს, საიდან წამოვა პოზიტიური პერსპექტივები და ამის მერე განსაზღვროს თავისი მომავალი.

- როგორ ფიქრობთ, ვინ იქნება შემდეგი თბილისის მერი?

- ძნელია ამის თქმა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის ხელში იქნება ხელისუფლება. თუ კობახიძის ჯგუფში იქნება, კობახიძის კადრი მოვა, თუ ღარიბაშვილის, მაშინ - ღარიბაშვილის კადრი, მაგრამ ფაქტია, ნელ-ნელა სიტუაცია და პოლარიზება იცვლება, ამიტომ შემდეგი არჩევანი საინტერესოდ წარიმართება. პოლიტიკაში შემოდის ლევან ვასაძეც, რომელიც იქნება მესამე ძალა და გახარიას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მომავალი არჩევნებისთვის, შემოვლენ სხვა, ახალი ძალები, რომლებიც ხალხის ხმებს მიიღებენ. არჩევნებში "ქართულ ოცნებას" გაუჭირდება გამარჯვება, ამ წლის ბოლომდე ბევრი ცვლილება გველის. დეკემბერში დაბნელებები იწყება და ისიც განსაზღვრავს ბევრ საკითხს.

- ლაპარაკობენ იმაზე, რომ გიორგი გახარია ახალი გუნდით დაბრუნდება პოლიტიკაში...

- სანამ გახარია პოლიტიკაში თავისი გუნდით დაბრუნდება, მას მოვთხოვდი, ისევე, როგორც ეკონომიკის მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, პასუხს იმ ხელმოწერაზე, რომელიც მათ აქვთ ნამახვანჰესის, ამ სადგურის აშენებასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე. ჯერ მოდი, პასუხი აგონ და გაგვაგებინოს, რას და რატომ მოაწერეს ხელი და შემდეგ ვილაპარაკოთ დანარჩენზე. ის პუნქტები, რომელიც იმ ხელშეკრულებაშია ჩადებული, არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. ეს არის დიდი დანაშაული და, თუ მათ არ ესმით, რა ჩაიდინეს, მაშინ შემიძლია პირდაპირ გამოვიწვიო დებატებში და ავუხსნა, რა დანაშაული უდევთ მხრებზე. არ მგონია, სურვილი ჰქონდეს რომელიმეს.

- ზოგადად, როდის არის გახარიასთვის შესაფერისი დრო ახალი საქმის დასაწყებად?

- ვფიქრობ, გახარია 2022 წლამდე არ უნდა გამოჩნდეს პოლიტიკაში. თვითონ პოლიტიკოსებმა არაფერი იციან, ისინი სპონტანურად მოქმედებენ. ასტროლოგიის გარეშე მათი მოქმედება იწვევს შეცდომებს და ამიტომ ეს ქვეყანა მთლიანად არის შეცდომა. როდესაც 26 მაისი დასახელდა დამოუკიდებლობის დღედ, ჩვენმა წინაპარმა მამებმა არ იცოდნენ ასტროლოგია, სხვა შემთხვევაში ისინი 26 მაისს არ გააფორმებდნენ საქართველოს დამუკიდებლობის დღედ.

- ბატონო მიხეილ, 26 მაისი საამისოდ ცუდი დრო იყო?

- საშინელი, ამაზე უარესი რა უნდა მოეფიქრებინათ?! ჯერ ერთი, გაფორმდა მაშინ, როდესაც მზე გადიდოდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს. ტყუპები არის გაორებული ზოდიაქოს ნიშანი, ამიტომ ყველაფერი გვაქვს ორი - ახალი წელი, ძველი წელი. ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა გვინდა, ხან ერთს ვედებით, ხან მეორეს. იმ დროს ცის კაბადონზე პლანეტების სრული კონფლიქტი იყო. რიცხვი 26 ნუმეროლოგიით ჯამში გვაძლევს 8-ს, რვა არის პლანეტა სატურნის მთავარი დამსჯელი და, ნუმეროლოგიის მიხედვით, უმძიმესი პლანეტის რიცხვი, რითიც ჩვენ დავიბედეთ დიდი წინაღობა, ბარიერები, პრობლემები და ასე შემდეგ. ამას ვიძახი გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, ყველა მთავრობაში, საჭიროა, ახალი, კარგი თარიღის მოძებნა, როგორც ეს თავის დროზე გააკეთეს ამერიკელებმა.

- და რომელია ეგეთი თარიღი?

- ეს რთული საკითხია, ყველა ასტროლოგი უნდა დავსხდეთ, უცხოელი ასტროლოგები მოვიწვიოთ, დეტალურად განვიხილოთ ყველა თარიღი და შევარჩიოთ ის დრო, რომელიც ქვეყნისთვის შესაფერისი იქნება.

- პოლიტიკას დავუბრუნდეთ, რამდენიმე კვირის წინ ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა და "ნაციონალური მოძრაობაც" დათანხმდა პარტლამენტში შესვლას, ამ თემაზე რას გვეტყვით...

- რა უნდა ვთქვა, კიდევ ერთი სპექტაკლია, ჩვენი პოლიტიკური სამყარო თეატრია. "ნაციონალური მოძრაობა" მანდ კი არა, ციხეში უნდა იჯდეს. სინამდვილეში კი ეხვეწებიან არა - ციხეში, არამედ - პარლამენტში შესვლას. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, სანამ "ნაციონალური მოძრაობა" იარსებებს, ქვეყანა ვერ დალაგდება და ვერ აშენდება. თუ თქვენ გინდათ გაუთავებელი კონფლიქტი, არეულობა და ქვეყნის განუვითარებლობა, "ნაციონალური მოძრაობა" ისე უნდა იყოს, როგორც არის. სანამ არ გაუქმდება მთელი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, იქამდე ქვეყანა წინ ვერ წავა.

- თქვენი გათვლებით, როგორ პოლიტიკურ პროგნოზს უნდა ველოდოთ წლის ბოლოსთვის, დამშვიდდება სიტუაცია?

- არა, სიტუაცია ვერ დამშვიდდება, რადგან ჩვენ ვებრძვით პანდემიას, რომელმაც, ფაქტობრივად, გააჩერა ეკონომიკა, მოიმატა ფასებმა, ქვეყანა ისედაც საშინელ მდგომარეობაში იყო, ამ ხალხს კიდევ ეს უნდოდა? როდესაც უნიათო მთავრობა გყავს და კიდევ პანდემიას აწესებ, ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის უპატივცემულობაა.

- კორონავირუსს კვლავ ვებრძვით, თუმცა, საბედნიეროდ, ვაქცინაცია დაიწყო, თქვენ თუ აპირებთ აცრას?

- არ ვთვლი, რომ საბედნიეროდ, ვაქცინაცია ქვეყნის საუბედუროდ დაიწყო. მინდა გთხოვოთ, გამოფხიზლდეთ და იაზროვნოთ, ნუ აყვებით მასმედიისა და ჩვენი დიდი სამეულის ნასროლ ფრაზეოლოგიას. პაატა იმნაძე თავის სტუდენტებს გასაგები ენით ასწავლიდა, იმისთვის რომ ვაქცინა იყოს სრულყოფილი, საჭიროა 5-დან 7 წლამდე, ახლა ნახევარ წელიწადში შეიქმნა ვაქცინები, რომლებიც სრულიად ეწინააღმდეგება ყველა სახის სამედიცინო მტკიცებებს.

გვაჩვენონ საქართველოსა და "ფაიზერს" შორის დადებული ხელშეკრულება. გვაინტერესებს, რა დევს "ფაიზერის" ხელშეკრულებაში. გვითხრეს, რომ საიდუმლო ინფორმაციაა, რატომ არის საიდუმლო, რატომ მალავენ? რადგან ბაზარი თავის თავზე ვერ აიღებს იმას, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს. ყველა იმ ჯგუფმა, რომელმაც ვაქცინა შექმნა, არ აწარმოა დაკვირვება, თუ როგორ მოქმედებს ვაქცინა უშვილობაზე, ონკოლოგიურ დაავადებებსა და მუტაგენურ პროცესებზე ორგანიზმში. ამის გარეშე თქვენ გინდათ ვაქცინა ჩაიტაროთ?

არავის მოუთხოვია საქართველოში პანდემიის გამოცხადება, პანდემია მსოფლიოს 25-მა წამყვანმა ქვეყანამ გამოაცხადა, საქართველი მათ სიაში არ შედიოდა, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებმა ძალიან მოინდომეს, რომ ჩვენც იქ ვყოფილიყავით. ალბათ, რაღაც სარგებელი ნახეს, ქვეყანა მიიყვანეს ეკონომიკურ კატასტროფამდე. დღეს ქვეყანა დაშლის პირას არის მისული. მე არ ვაპირებ აცრას, ამ უაზრო სპექტაკლში მონაწილეობას არ მივიღებ. ამაში მონაწილეობას მიიღებენ ისინი, ვისაც არ ესმით, რა სპექატაკლია და ვისი დადგმულია.

- ბოლოს გკითხავთ, როგორც ცნობილი გახდა, აპირებენ "კორონავირუსის" საწინააღმდეგო მედიკამენტების შექმნას, ეს აზრი თუ მოგწონთ?

- ეს რა ვირუსია, გამოითხოვეთ ინფორმაცია. მაგალითად, აიღეთ ღორის გრიპი, იცით, დღეში რამდენი სიკვდილიანობა იყო მაშინ? ამაზე ორჯერ მეტი, მაგრამ ვინმე რამეს გეუბნებოდათ? ტელევიზორში კუბოებს გაჩვენებდნენ? ამ აფსურდში რატომ მივიღო მონაწილეობა.

(სპეციალურად საიტისთვის)