"ჩვენი გუბერნატორი კორუმპირებულია და დამსჯელი რაზმიც ჰყავს" - კვირის პალიტრა

"ჩვენი გუბერნატორი კორუმპირებულია და დამსჯელი რაზმიც ჰყავს"

XXI საუკუნეში პიარი წარმატებისა და წინსვლის საწინდარია, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ საქმეც კეთდება. არც ის არის ახალი ამბავი, რომ წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის პიარკამპანია მოსახლეობასთან განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენაზეა ორიენტირებული.პრობლემა ის არის, რომ პიარდაპირებები იქ მთავრდება, სადაც ტელეკადრები წყდება, კადრების მიღმა კი, რეალობა ხშირად სასტიკია.

84 წლის ეთერ ცხადაიას წინასაარჩევნოდ თავად პრეზიდენტი დაუდგა "ადვოკატად" და მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, თავად ეთერ ცხადაია გვიამბობს:

- ბიზნესის წამოწყება მინდოდა. 2008 წელს ბატონ პრეზიდენტს  წერილი მივწერე და ჩემი განზრახვა გავანდე. წინასაარჩევნო პერიოდში პრეზიდენტი სამეგრელოში ჩამოვიდა. ხალხთან შეხვედრისას უთქვამს, ერთმა ზუგდიდელმა ქალმა ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მომწერა, სასწრაფოდ მიხედეთო. პრეზიდენტმა მაშინდელი ეკონომიკის მინისტრ ეკატერინე შარაშენიძეს დაავალა ხელი შეეწყო ჩემთვის.

წარვადგინე ბიზნესგეგმა (სოფელ რუხში მეფრინველეობის ფერმის აშენება), რომელიც ძალიან მოეწონათ, პრეზიდენტის ინიციატივით იაფი კრედიტის პროგრამაში ჩამსვეს და ფულიც გამომიყვეს. ბიზნესგეგმა მოვამზადე, სადაც დეტალურად ჩამოვწერე, რა უნდა გამეკეთებინა. მეფრინველეობის ფერმა 500.000 ლარი ჯდებოდა.

KvirisPalitra.Geპრეზიდენტის დავალების შემდეგ, ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გამომიგზავნა სამინისტროს წარმომადგენლები. მოვილაპარაკეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა და როგორ, მაგრამ მითხრეს: ამდენი თანხის მოცემა ჯერ არ შეგვიძლია, ჯერჯერობით 180.000 იკმარე, დანარჩენს მოგვიანებით დაგიმატებთო. ამ თანხით მხოლოდ ათი კაცის დასაქმება შეიძლება-მეთქი. არა, ორმოცდაათი კაცი უნდა დაასაქმო, შენ დაიწყე და შუა გზაში არ დაგტოვებთო.

180.000 ლარით ვიყიდე თერთმეტი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, ავაშენე 1200კვმ-იანი მეფრინველეობის ფერმა,  30კვმ-იანი დამხმარე ნაგებობა, შევიძინე ტრანსფორმატორი, 1000 მეტრი კაბელი, 45000-კვერცხიანი ინკუბატორი, გავთხარე ჭა, ვიყიდე სამტონიანი წყლის ავზი, ავტომანქანა "ფორდი", შემოვღობეთ შენობა-ნაგებობები, მაგრამ წარმოება ვერ ავამუშავე, რადგან გალიები, წიწილები და საკვები არ გვქონდა. დაპირებული თანხისთვის ეკონომიკის სამინისტროს ისევ მივმართე, მაგრამ ამასობაში ეკატერინე შარაშენიძე სხვაგან გადაიყვანეს, პოლოლიკაშვილმა კი ამ საქმისა არაფერი ვიციო.

ოცდახუთი წერილი გავგზავნე სამინისტროში, თერთმეტი - მთავრობის კანცელარიაში, ოცდაცამეტი - პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ბოლოს ეკონომიკის სამინისტროში მივედი, ან დაპირებული თანხა მომეცით, ან ჩაიბარეთ, რაც გავაკეთე-მეთქი. როგორ ჩავიბაროთ თქვენი კერძო საკუთრებაო. რომ არაფერი გამომივიდა, გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან მივედი და ვთხოვე, ეცნობებინა პრეზიდენტისთვის ყველაფერი. გუბერნატორმა მითხრა, ფული რომ მოგცეს, მაშინ სად იყავი, მაშინ რატომ არ მოხვედი ჩემთანო?

- არ ჰკითხეთ, რატომ უნდა მისულიყავით?

- არა, ისედაც ვიცი, რატომაც უნდა მივსულიყავი, წილში უნდა ჩამესვა, ან ფული მიმეცა.

ჩვენი გუბერნატორი  კორუმპირებულია. დამსჯელი რაზმიც ჰყავს და ხალხი ბუზად ეჩვენება. თუ ვინმე ხმის ამოღებას გაბედავს, უსწორდება.

როგორც კი მშენებლობა დავიწყე, ობიექტზე რამდენიმე კაცი მოვიდა (მუშებს უთხრეს, სამმართველოდან ვართო) და უბრძანეს, შეწყვიტეთ მშენებლობა. ეს უკვე გაფრთხილება იყო, მაგრამ 2008 წელს პრეზიდენტი ჩამოვიდა ზუგდიდში რეესტრის შენობის გახსნაზე და მაშინ მოვახერხე მასთან შეხვედრა. ვუთხარი, მეშინია, არ ჩამძირონ-მეთქი. ნუ გეშინია, მე ვიქნები შენი ადვოკატიო.

- ვის უნდა ჩაეძირეთ?

- ჩვენი გუბერნატორი მარტვილელია, იქ არის მეფრინველეობის ფერმა. ან მისია, ან წილში ზის და კონკურენტი რაღად უნდოდა?

მალე პრეზიდენტი ზუგდიდში ისევ ჩამოვიდა. შეხვედრა მინდოდა, მაგრამ ვინ მიგიშვა? გუბერნატორის ხელის ბიჭებმა გამიტაცეს. ორი ახალგაზრდა მომიახლოვდა, ვიცით, ქალბატონო, პრეზიდენტთან რომ გინდათ შეხვედრა, ადმინისტრაციაში მიდის და იქ შეგახვედრებთო. ჩამსვეს თეთრ "ნივაში" (IHI 316) და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმიყვანეს, აქ დაელოდეო, მაგრამ პრეზიდენტი არ მოსულა.

მეორე დღეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შევიტანე განცხადება, მაგრამ რამდენიმე დღეში სამმართველოდან მოვიდნენ, ასეთი მანქანა რეგისტრირებული არ არისო. რა თქმა უნდა, მომატყუეს, რადგან ის "ნივა" კიდევ რამდენჯერმე დავინახე ქუჩაში.  2010 წლის 30 ნოემბერს პრეზიდენტი ისევ ჩამოვიდა ანაკლიაში. ვიფიქრე, იქნებ აქ მაინც მოვახერხო შეხვედრა-მეთქი, მაგრამ ისევ გუბერნატორის  ბიჭები მომადგნენ. ხელები გადამიგრიხეს და ისე ჩამტენეს "მერსედესში", ოთხი თვე ვერ ვამოძრავებდი ხელს, ძვალი მქონდა გაბზარული. იმ "მერსედესის" ნომერიც დავიმახსოვრე, შინდისფერი იყო, სახელმწიფო ნომრით CBA-100. არც ამისთვის უგია ვინმეს პასუხი.

ჩვენი რაიონის დეპუტატსაც მივმართე დახმარებისთვის, მაგრამ მითხრა, შენ რომ მეხი დაგეცეს, მერე ვინ გადაიხდის თანხასო? კი მაგრამ 180.000 ისე მომცეს, მეხის დაცემაზე არ უფიქრიათ და ახლა დამეცემა? თუ დამპირდნენ, რაღას მიმატოვეს ან რაღას მთხოვდნენ 50 კაცის დასაქმებას?

ჩვენ დავუკავშირდით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას:

- ავტომანქანების ნომრები, რომელსაც ეს ქალბატონი ასახელებს, არც ჩემს სამსახურზეა რეგისტრირებული და არც ასეთი მარკისა და ნომრის მქონე ავტომობილი არ ჰყავს არც ერთ ჩემს თანამშრომელს.

- თქვენ გითქვამთ, 180.000 ლარი რომ მოგცეს, მაშინ სად იყავიო?

- ასეთ რამეს რომ აკეთებს ადამიანი, ყველაფერი დათვლილი უნდა ჰქონდეს. ჩემთან რომ მოდის, მე რაში უნდა დავეხმარო? იაფი კრედიტის გამცემი ორგანოს ხელმძღვანელი ვარ?

- ქალბატონი ეთერის თქმით, ეს იმას ნიშნავდა, წილში რატომ არ ჩამსვიო?

- გჯერათ ხომ მისი ფანტაზიების? ქალს ამხელა ფანტაზია აქვს, წარმოიდგინეთ, 180.000 მოითხოვა და მე რა შუაში ვარ(?!)

- ეს ფანტაზია დაფინანსდა. საკვირველიც ის არის, თუ მასU ბიზნესგეგმა არ ჰქონდა, ამხელა კრედიტი როგორ მისცეს?

- ის, ვინც ეს ქალბატონი დააფინანსა, ჩემთან ანგარიშვალდებული ნამდვილად არ არის და მასზე პასუხს მე ნუ მომთხოვთ.

რამდენიმე დღე უშედეგოდ ვცდილობდით დავკავშირებოდით  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის უფროს თეა ბოლქვაძეს. მხოლოდ და მხოლოდ იმის გარკვევა შევძელით, რომ ეს პროგრამა 3 წელია შეწყვეტილია(?!).