"რა ვუთხრა ბავშვს, ლამაზ, გმირულ წარსულზე ვუამბო და დღევანდელი საქართველო შევაზიზღო?" - კვირის პალიტრა

"რა ვუთხრა ბავშვს, ლამაზ, გმირულ წარსულზე ვუამბო და დღევანდელი საქართველო შევაზიზღო?"

"მე ფული ნაშოვნი მაქვს და ამ ფულს დავხარჯავ საქართველოს სასიკეთოდ"

"გპირდებით, ძალიან მოკლე ხანში გავუშვებთ ამ ხელისუფლებას"

"ჩვენ არ დავჯერდებით ამ არანორმალური ხალხის ხელისუფლებიდან მხოლოდ წასვლას"

"მერწმუნეთ, პოლიტიკაში მატერიალური კეთილდღეობისათვის არ მივსულვარ. პირიქით, შეიძლება დავზარალდე კიდეც. ქვეყანას ხსნა უნდა და თუ დღეს არ გადავწყვეტთ მის სწორად სავალ გეზს, ხვალ გვიან იქნება", - განაცხადა "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კოტე გოგელიამ, რომელმაც "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:

- ბატონო კოტე, თბილისში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი, ბიზნესმენი გოგელია "ქართული პარტიის" ერთ-ერთი დამფინანსებელი და ლიდერი გახდაო.

- დღეს არ გავმხდარვარ "ქართული პარტიის" წევრი, მე ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ.

- როდესაც "ქართულ პარტიასთან" ერთად გამოჩნდით, კიდევ ერთხელ ითქვა, ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული შემოვიდაო.

- როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, მე გამომიყვანონ დამფინანსებლად. "ქართულ პარტიას" აქვს დაფინანსების თავისი წყარო და ეს არც ერთი ქვეყნის მთავრობასთან არ არის დაკავშირებული. მე გაცილებით სხვა როლი მაქვს პარტიაში, ვიდრე დაფინანსებაა.

- ცნობილია, რომ რუსეთში ნებისმიერ სფეროს ეფ-ეს-ბე აკონტროლებს და, ალბათ, ამიტომაც ითქვა, ეფ-ეს-ბესთან  კავშირის გარეშე ვერც გოგელია ააწყობდა ბიზნესსო.

- საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ შექმნა ასეთი მოდელი, ასეთი ბიზნესგარემო, და რატომღაც მიაჩნია, რომ ყველგან, მათ შორის - რუსეთშიც, ასეა.

რუსეთი დიდი ქვეყანაა. თუნდაც მოინდომოს, მთავრობა ვერ შეძლებს ასეთი პოლიტიკის გატარებას. საერთოდ, მსხვილი კაპიტალით ყველგან ინტერესდებიან. როცა ბიზნესმენს იმდენი ფინანსური რესურსი აქვს, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედების საშუალება ეძლევა, მისით სახელმწიფოც დაინტერესდება ხოლმე. რუსეთი პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სამ მიმართულებას: გაზისა და ნავთობის მოპოვებას და ელექტროენერგეტიკას. ამ სფეროებს მთავრობა მართლაც აკონტროლებს.

რუსეთში საქართველოდან 900 ათასი კაცია ჩასული და ბევრ მათგანს ფული აქვს ნაშოვნი. როგორ გგონიათ, ყველა აგენტია? ეს ხომ ავადმყოფური მიდგომაა. რაც შეეხება ჩემს კაპიტალს: შემოსავლის 90% არის ინგლისური, გერმანული და შვეიცარიული კომპანიებიდან. ასე რომ, ეფ-ეს-ბესთან ჩემი კავშირი შავ პიარზე გათვლილი ტყუილია.

- რა ამბიციები გაქვთ პოლიტიკაში?

- ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვიდრე ამას გადავწყვეტდი. მართალია, ყველაფრით უზრუნველყოფილი ვარ, მაგრამ ის, რომ ადამიანს მატერიალური პრობლემა არა აქვს, ყველაფერს არ ნიშნავს.

ჩემი ექვსი წლის ბიჭი ხშირად მეკითხება საქართველოზე. მე მას ქართულ ლექსებს ვუკითხავ, ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა ილაპარაკოს ქართულად. მასაც უნდა, რაც შეიძლება მეტი იცოდეს საქართველოზე. აი, აქ კი დილემის წინაშე ვდგები - რა ვუთხრა ბავშვს, ლამაზ, გმირულ წარსულზე ვუამბო და დღევანდელი საქართველო შევაზიზღო? არ მინდა ჩემს ქვეყანაში, ჩემი შვილის სამშობლოში, ამორალური მდგომარეობა იყოს!

დღევანდელ ხელისუფალთ ეზიზღებათ წარმატებული, ავტორიტეტიანი ადამიანები, იმიტომ, რომ მათ ფონზე ისინი არარაობად მოჩანან.

ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, შორიდან ვუყურო ამათ უსაქციელობას. დიდხანს ვაკვირდებოდი პროცესებს, მეგონა, ჩემი ჩართვა არ გახდებოდა საჭირო, მაგრამ დავინახე, რომ ბევრს აღარ შერჩა რეალური ბრძოლის რესურსი და ეს ნაბიჯი გადავდგი, რათა დავხმარებოდი "ქართული პარტიის" ლიდერებს. გასული წლის ზაფხულში ლევან გაჩეჩილაძე დამიკავშირდა, რომელიც ჩემი ახლობელია, მისი მეშვეობით რამდენიმე ხანში ეროსი კიწმარიშვილი და კოკა გუნცაძე გავიცანი.

ეროსიმ ირაკლი ოქრუაშვილი გამაცნო, ხოლო ირაკლიმ - სოზარ სუბარი. მოკლე დროში ჩემთვის ერთ დროს სრულიად უცნობ ადამიანებთან ჩამომიყალიბდა ისეთი ურთიერთობა, რომ გარკვეულწილად მედიატორიც კი გავხდი მათ ურთიერთობაში, ამხელა ნდობამ დამატებითი სტიმული მომცა, რომ ეს საქმე აუცილებლად ბოლომდეა მისაყვანი.

ორიოდე სიტყვას ოპოზიციურ სპექტრზეც გეტყვით. ბევრისთვის პოლიტიკა ბიზნესია. ამ ადამიანებს თავიანთი ქვეყანა არ უყვართ, სამშობლოს სიყვარულით არაფერს აკეთებენ. მათ მხოლოდ ფული უნდათ. მათგან ბევრი ხელმოცარულია. ვერც ერთ საქმეში ვერ ივარგა, პოლიტიკაში წასვლა, პოლიტიკით ფულის შოვნა გადაწყვიტა. ჩვენ შორის ეგ განსხვავებაც არის - მე ფული ნაშოვნი მაქვს და ამ ფულს იქით დავხარჯავ საქართველოს სასიკეთოდ.

- როგორც კი პოლიტიკაში გამოჩნდით, გაგიხსენეს ვერის საძმოს წევრობა. ითქვა, ტილიკასა და ზარალასთან დაპირისპირების გამო წავიდა საქართველოდანო.

- ესეც მორიგი ტყუილია. არასდროს ვყოფილვარ არც ვერის და არც სხვა საძმოს წევრი. ჰკითხონ ვერის საძმოს. ეს თემა ჩემთვის ისეთივე სასაცილოა, როგორც ერთმა ქალბატონმა რომ დაწერა, კოტე გოგელიას კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა კავშირი, თბილისის ომის შემდეგ ნავთობბაზაში მივიდა სამუშაოდ და ყველაფერი გაყიდაო. ერთი მითხრან, რა უნდა გამეყიდა იმ დაცარიელებული და გაძარცული ნავთობბაზიდან?

ამ ერთხელ ვუპასუხებ ამგვარ უსაფუძვლო ბრალდებებს და ამით დავამთავრებ. თავის მართლებას არ ვაპირებ.

ერთ მაგალითს მოვიყვან: ჟურნალისტი წერს, რომ ყველაფერი გადაამოწმა და მკითხველს უამბობს, როგორ დამეხმარა რუსეთში ვინმე ფოცხვერია, რომელიც შემდეგში მოსაკლავად დამდევდა და მისი შიშით რუსეთშიც ვეღარ ჩავდიოდი.

ის კაცი, ვისაც ჟურნალისტი გულისხმობს, ჩემი სიძეა და ცხოვრობს თბილისში. რა გამოდის, საკუთარი დის ქმარი დამდევს მოსაკლავად? ასეთ სისულელეებს როდემდე ვუსმინო! მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დაბადებული არ ვიყავი, შეიძლება კენედის მკვლელობაც დამაბრალონ.

ვიმეორებ: ეს არის ჩემი ბოლო პასუხი ასეთ აბსურდულ თემებზე. რაც ჩემ შესახებ ქართულ პრესაში გამოქვეყნდა, მტკნარი სიცრუეა და მეტი არაფერი. ამ ტყუილის სათავე, ვფიქრობ, ის არის, რომ მთავრობას ეშინია დამოუკიდებელი ადამიანების, ისეთების, ვისზეც გავლენას ვერ მოახდენს.

სხვათა შორის, საკუთარ თავზე მითები შექმნეს, მაგრები ვართო. რვა თვეა პარტიაში ვარ და ამტკიცებენ, ერთი თვის წინ შევიდაო. ესეც ვერ გაურკვევიათ. ვითომ ისმენენ, ვითომ ყველაფერი იციან! სინამდვილეში ყველაფერს იგონებენ, ცრუპენტელები არიან. აი, ეს არის ჩემი პასუხი.

- "მაესტროს" 25%-იანი წილის თქვენი მეუღლისთვის, მაკა ასათიანისთვის გადაცემასაც ფორმალობად მიიჩნევენ. ამბობენ, რეალური მფლობელი კოტე გოგელიააო. რით დაგაინტერესათ "მაესტრომ" და რა თანხა გადაიხადეთ?

- ჩემს მეუღლეს გულწრფელად სურს დაეხმაროს "მაესტროს", თავისუფლების კუნძულს ქართულ მედიასივრცეში. თუ ვინმე ამაში დანაშაულს ხედავს, საკუთარ ფსიქიკას მიხედოს.

მაკა ასათიანმა ეს წილი თავისი უახლოესი ნათესავისაგან შეიძინა და ეს გააკეთა მხოლოდ იმისთვის, რომ "მაესტრო" გადარჩეს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს მისი შევიწროება, რომ ტელეკომპანიას არ ჰქონდეს ფინანსური პრობლემები. ჩვენ ამ საკითხზე მოვითათბირეთ და მიმაჩნია, რომ მაკამ სწორი ნაბიჯი გადადგა. ლაპარაკი იმაზე, თითქოს ჩვენ ვაკონტროლებთ "მაესტროს", უსაფუძვლო ჭორია. თავად დაფიქრდით, 25%-ის მფლობელმა როგორ უნდა გააკონტროლოს 100%-იანი კაპიტალი? შეძენილ წილში გადახდილია ზუსტად ის თანხა, რომელიც დაფიქსირებულია საჯარო რეესტრში - 300.000 ლარი.

პოლიტიკაში წასვლა კიდევ იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდა ჩემს ქვეყანას ყოველთვის ჰყავდეს ვიღაც დირექტორი, რომელიც უკარნახებს, მარცხნივ წავიდეს თუ მარჯვნივ. ჩვენ ყველასთან უნდა ვიმეგობროთ. რუსეთთან არ უნდა გვქონდეს ისეთი დამოკიდებულება, დღეს რომ გვაქვს, არც ამერიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ასეთი. რუსეთს პერმანენტულად აგინებენ, ამერიკელები კი, რაც უნდა გააკეთონ, ყოველთვის კარგები და მართლები არიან. არ შეიძლება ასე ცხოვრება. საქართველოს მომავალი ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ. არც რუსებისა და არც ამერიკელების საქმე არ არის, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია! საქართველოში თუ ვინმე თავისუფალ აზრს გამოთქვამს ამერიკაზე ან რუსეთზე, მაშინვე ან ერთი მხარე დაეტაკება, ან მეორე, ეს როგორ გაბედაო.

რა გაბედა, სიმართლე არ თქვა? 2008 წელს ლევან გაჩეჩილაძეს არ წაართვეს მოგებული არჩევნები? ამერიკამ არ დაუჭირა მხარი იმას, ვისაც არ გაუმარჯვია?

მე უდიდესი მადლიერებით ვარ გამსჭვალული ამერიკის მიმართ, რომლის მატერიალური და მორალური დახმარების გარეშე ჩემს ქვეყანას უკიდურესად გაუჭირდებოდა, მაგრამ არ შემიძლია ესეც არ ვთქვა: ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი, ბატონი ბუში, არ უნდა აჩქარებულიყო, სააკაშვილისთვის გამარჯვება დროზე ადრე არ უნდა მიელოცა.

ჩვენ არ დავჯერდებით ამ არანორმალური ხალხის ხელისუფლებიდან მხოლოდ წასვლას. მთავარი ის არის, რა იქნება ხვალ, რა იქნება მათ შემდეგ. გპირდებით, რომ მთელ ჩემს გამოცდილებასა და უდიდეს საქმიან კონტაქტებს ქვეყნის კეთილდღეობას მოვახმარ.

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი და ბეცი უნდა იყოს ხელისუფალი, ქვეყნის გაძლიერებას არ მოახმაროს. სამ-ოთხ წელიწადში საქართველოში უმუშევარი არ გვეყოლება, ცხოვრების დონე კი ევროპულ სტანდარტებზე ბევრად მაღალი იქნება.

საამისოდ ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა საჭირო. დღევანდელი ხელისუფლება გაკოტრებულია და უნდა წავიდეს. ვინც მოვა, მან ეკონომიკის ასაღორძინებლად ყველა რესურსი უნდა აამოქმედოს. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მეზობელი რეგიონების უმდიდრესი ენერგორესურსები გონივრული პოლიტიკის წყალობით ხალხის სასიკეთოდ „იმუშავებს. მე ვიცი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, საამისო გამოცდილება მაქვს.

მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ბიზნესმენების ხელში დღეს 75 მილიარდი დოლარია აკუმულირებული. ამ კაპიტალის მფლობელებს ძალიან უყვართ სამშობლო და უნდათ მონაწილეობა მის აღორძინებაში. მათ მოფერება, წახალისება სჭირდება, ხელისუფლებას კი ეზიზღება მდიდარი და წარმატებული ხალხი. ესენი ბოლშევიკების ნაშიერები არიან.

ეკონომიკა ამ ხელისუფლებისთვის გაუგებარი რამ არის. არ უნდათ, ხალხმა ფული იშოვოს, ეშინიათ საშუალო ფენის, მდიდარი ადამიანების. შედეგსაც ნათლად ვხედავთ: პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირა მოსახლეობის კეთილდღეობა, 73% უმუშევარია. ხელისუფლებამ ბოლომდე გატეხა წელში ქართველი კაცი, ფუნქცია დაუკარგა.

საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გაყიდვა უნდოდათ. მე შევთავაზე ზურაბ ჟვანიას, ათწლიანი იჯარით გადმომეცით, რამდენადაც ყიდით, იმდენს გადაგიხდით და ვადის გასვლის შემდეგ დაგიბრუნებთ-მეთქი. უარი მივიღე. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობასთან საქმე აღარ მქონია.

აშკარაა დანაშაულებრივი მიდგომები ქვეყნის სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებისადმი.

- გვიამბეთ მეუღლეზე, შვილებზეც, სად და როგორ ცხოვრობთ, ვისთან მეგობრობთ.

- მგონი, ყველამ ყველაფერი იცის, ახალს ვერაფერს გეტყვით. ძირითადად, შვეიცარიაში ვცხოვრობ. მოდი, ეს ვიკმაროთ, პირადი ცხოვრება ტაბუდადებული დარჩეს. უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს.

დავფიქრდეთ ქვეყნის ბედზე, დავინახოთ, რომ ბევრი რამ შესაცვლელია.

როდემდე უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების უზნეობა, როდემდე უნდა განაგებდეს ხალხის ბედს გაქცეული „მთავარსარდალი, ჯერ საკუთარი ხალხი საზარბაზნე ხორცად რომ აქცია და მერე პირად დაცვას ამოფარებული მიწაზე ეგდო შეშინებული. აგერ ახლა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრობლემებზე მოლაპარაკებისას, რუსეთმა შესთავაზა ჩვენს ხელისუფლებას, ქართული პროდუქციისთვის ბაზარს გავხსნითო. ბევრი ჩვენი თანამემამულე ამოისუნთქავდა, ეკონომიკასაც სასიკეთო იმპულსები შეემატებოდა. ამ კაცთმოძულეებმა უარი უთხრეს, თქვენთვის პროდუქტი არ გვაქვსო.

ერთი რამ მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს: თუ გვექნება ნდობის მანდატი, გპირდებით, ძალიან მოკლე ხანში, ბევრად მალე, ვიდრე წარმოგიდგენიათ, გავუშვებთ ამ ხელისუფლებას და წარმატებით დავამთავრებთ დაწყებულ საქმეს.

- მაქედან საუბარი ადვილია, თავად როდის ჩამოხვალთ საქართველოში?

- მალე, ძალიან მალე.