"სოზარი ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ასეთი ტყუილის თქმა დასჭირდა" - კვირის პალიტრა

"სოზარი ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ასეთი ტყუილის თქმა დასჭირდა"

"მიუხედავად რევოლუციების დაანონსებისა, არა მგონია, დესტაბილიზაცია დაიწყოს ქვეყანაში"

"დღეს სააკაშვილია პრობლემა"

"ქართული პარტიის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა"ალიანსი საქართველოსათვის" 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს რუსეთთან გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის ირაკლი ალასანიასთან მიუნხენში შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა, მას წინ უძღოდა შეხვედრები, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. სუბარის თქმით, "ალიანსი" რუსეთთან დაფინანსების თაობაზე მართავდა მოლაპარაკებას და სხვა რამის მოლოდინიც ჰქონდა (რისი გაშიფვრაც სუბარმა საჭიროდ არ ჩათვალა). სოზარ სუბარის ბრალდების ადრესატს, ირაკლი ალასანიას, პარიზში დავუკავშირდით:

- არ დაგიმალავთ, გული მწყდება, რომ სოზარი ისეთ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, ასეთი ტყუილის თქმა დასჭირდა. დაფინანსებაზე კი არა, ლავროვთან შიდაქართულ პოლიტიკაზეც არ მისაუბრია, რადგან არ მიმაჩნია სწორად მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელთან შენი ქვეყნის შინაურ საქმეზე ლაპარაკი. ჩვენ საუბარი გვქონდა ქართულ-რუსული ურთიერთობის ჩიხიდან გამოყვანაზე, იმაზე, რომ რუსეთს აუცილებლად მოუწევს ვალდებულებების შესრულება და ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა. ბუნებრივია, გვქონდა საუბარი  კეთილმეზობლობის აღდგენაზეც. მე ამ შეხვედრაზე საქართველოს წარმოვადგენდი და არა ოპოზიციას.

რამდენიმე დღის წინ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მერკელის მთავარ მრჩეველთან შეხვედრაზეც და პარიზშიც ვისაუბრე რუსეთთან ურთიერთობის აღდგენაზე. დარწმუნებული ვარ, რომ პოსტსააკაშვილისეულ პერიოდში გერმანიის ხელშეწყობით საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი განახლდება.

- როგორც სუბარმა განაცხადა, ლავროვთან თქვენს შეხვედრას წინ კიდევ რამდენიმე სხვა შეხვედრა უძღოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა კი 45 წუთს გაგრძელდა.

-  ერთ საათს გაგრძელდა და მას წინ  მოსამზადებელი შეხვედრები არ უსწრებდა, რადგან პირადად ვიცნობ ლავროვს, მასთან ურთიერთობა მქონია დიპლომატიური სამსახურის დროს. ცოტა სასაცილოც არის იფიქრო, რომ გერმანელებმა მიუნხენის კონფერენცია იმიტომ ჩაატარეს, ლავროვი-ალასანიას შეხვედრა მოემზადებინათ. ვწუხვარ, რომ სოზარს ასეთი ტყუილის თქმა უწევს. ალბათ, მეც არ გავაკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ არ აღმოჩენილიყო გამოუვალ მდგომარეობაში.

- სოზარ სუბარმა ერთხელ თქვა, ირაკლი ალასანიას ერთი გადაბრუნებული სიტყვა ვერ ვათქმევინე სააკაშვილსა და უგულავაზეო.

- ახალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში ერთმანეთის ძაგებით ვერ დავამკვიდრებთ. მე ხელისუფლებას ვაკრიტიკებ კონკრეტული საკითხების, დემოკრატიის დეფიციტის გამო. ჩემთვის მიუღებელია პირადი შეურაცხყოფის მიყენება. უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგე მოსისხლე მტერი არ არის.

- ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩოსთან აქცია ჩატარდება და დასძინა, თუ რუსეთმა ტერიტორიები წაგვართვა, ამერიკამ წაგვართვა თავისუფლებაო.

- ქართველი საზოგადოება თავად შეაფასებს ამ განცხადებას.

- თქვენი აზრით, რა მიზანი აქვს ამ აქციის ჩატარებას?

- აქციის პოლიტიკური ორგანიზატორები ერთგულებას ამით უმტკიცებენ რუსეთს.  თუმც დარწმუნებული ვარ თავად რუსეთი არ სთხოვს ამას. ეს არის ორგანიზატორების ერთგულების ფიცის თავისებური ვარიანტი, მაგრამ ქართველი საზოგადოება ამით არ მოტყუვდება, რადგან კარგად არჩევს მტერ-მოყვარეს.

- 21 მაისს "სახალხო კრება" ხალხს უხმობს.

- რევოლუციების, არასტაბილურობითა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლა წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ქართული სახელმწიფოებრიობა ამით არ გაძლიერდება. "თავისუფალ დემოკრატებს" პარტნიორებთან ერთად სწორი გზა გვაქვს არჩეული -  შეიცვალოს საარჩევნო გარემო და არჩევნებით შეიცვალოს ხელისუფლება. თუმც, კარგად მესმის მათიც, რომლებიც ავტორიტარულ რეჟიმს ვერ ეგუებიან. გასაგებია ზოგიერთის მოუთმენლობაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს პროგრესისკენ სვლა მხოლოდ მშვიდობიან და დემოკრატიულ არჩევნებზე გადის. მიუხედავად რევოლუციების დაანონსებისა, არა მგონია, დესტაბილიზაცია დაიწყოს ქვეყანაში, რადგან ასეთ ჯგუფებს საზოგადოება მხარს არ უჭერს.

- ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებმაც რომ ვერ მოიტანა შედეგი?

- როდესაც მოლაპარაკება ჩიხში შედის, მხარეები მეტ ნაბიჯს დგამენ შეთანხმებისკენ. დარწმუნებული ვარ, ამ ჩიხური ვითარებიდან გამოვალთ, იმიტომ, რომ საარჩევნო გარემოს შეცვლა ყველას, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესშიც შედის. "ნაციონალური მოძრაობის" გონიერ წევრებსაც უნდათ ახალი პოლიტიკური რეალობა, ახალი პოლიტიკური სივრცე, მაგრამ სააკაშვილი ამ ყველაფრის შემაფერხებელია და ამიტომაც მოახდინა ზეწოლა საერთაშორისო თანამეგობრობამ კონკრეტულად სააკაშვილზე. დღეს სააკაშვილია პრობლემა. თუ მაისში შეთანხმება არ შედგა, მოვლენები რადიკალიზაციისაკენ წავა. საზოგადოება, რომელსაც ეკეტება პოლიტიკური ცვლილების სივრცე (როგორც აფრიკის ქვეყნებში), დაპირისპირებას მიმართავს.

- მიიღებთ ხელისუფლების წინადადებას ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე?

- პოლიტიკურ ვაჭრობაში რომ არ გვინდა მონაწილეობა, ამიტომაც ვართ რვა პარტია ერთად. პროცესი ჩიხში სააკაშვილის გამო შევიდა. როდესაც დაინახა, რომ გაჩნდა საარჩევნო გარემოს ისე შეცვლის შესაძლებლობა, რომლითაც გარანტირებული არ ექნებოდა უმრავლესობა პარლამენტში, საქმეში ჩაერია. პრემიერმინისტრობისთვის გარანტირებული უმრავლესობა სჭირდება. ორჯერ სცადეს "რვიანი" გავეხლიჩეთ, მაგრამ ვერ მოახერხეს. ჩვენ არ ვაპირებთ ფასადურ ცვლილებებზე დათანხმებას და ინდივიდუალურ ვაჭრობას. დარწმუნებული ვარ, 2012 წელს არჩევნებით შეიცვლება სააკაშვილი და საქართველოში დაიწყება მრავალპარტიული, დემოკრატიული მმართველობა.