"ღმერთმა ქნას, ასლანს საყელოში ჩაავლონ ხელი და ჩამოიყვანონ საქართველოში" - კვირის პალიტრა

"ღმერთმა ქნას, ასლანს საყელოში ჩაავლონ ხელი და ჩამოიყვანონ საქართველოში"

"ვარშალომიძე თავისი უფროსის მორჩილია, ასლანა კი კბილებიდან ოფლს ადენდა შევარდნაძეს"

ბათუმის ყოფილ პრეფექტსა და შემდგომში ასლან აბაშიძის პირად პატიმარს, თენგიზ ასანიძეს თავისუფლება "ვარდების რევოლუციამ" მოუტანა. "საქართველოს პრეზიდენტმა მითხრა, გამომადგებიო. ველოდებოდი, რომ საჯარო სამსახურში დავჭირდებოდი, მაგრამ მხოლოდ ოცდახუთი დღე ვიყავი "ცვეტში" (სანამ ასლანი გაიქცეოდა). ორი თვე დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს წევრი გახლდით.

პრეზიდენტმა გვითხრა, საბჭოს წევრების ნაწილი აჭარის უზენაეს საბჭოში შევა, ნაწილი კი ჩინოვნიკებად წამოვლენ თბილისშიო და მხოლოდ მე არ შემისრულა დანაპირები. ვიღაცამ უთხრა, ეს კაცი ხელისუფლებაში არ უნდა იყოსო", - მითხრა რამდენიმე წლის წინ თენგიზ ასანიძემ. რა ხდება დღეს აჭარაში, სადაც ხშირად ჩადის პრეზიდენტი, ამის გასაგებად თენგიზ ასანიძეს ბათუმში დავუკავშირდით:

- დღეს მამის სახლს ვუვლი მახინჯაურში. ბათუმში უძრავი ქონება მაქვს გაქირავებული. არც სახელმწიფო სამსახურში ვარ და არც ხელისუფლებასთან მაქვს კავშირი. ალბათ, ასაკის გამო არ მოიძებნა ჩემთვის ადგილი.

- ციხიდან რამდენიმე საათის გამოსული იყავით, როდესაც პრეზიდენტის მისაღებში გნახეთ. მაშინ სააკაშვილის ფავორიტი იყავით.

- მზიანი დღეები რომ იყო, მაშინ მნახეთ პრეზიდენტთან.

- ერთხელ მითხარით, რევოლუციურ ტრიუმვირატს არ ჰქონდა ჩემს საკითხზე ერთსულოვნებაო. ვინ გაგიფუჭათ პრეზიდენტთან ურთიერთობა?

- ციხიდან ჩემი გამოსვლის შემდეგ ამოძრავდნენ ის პირები, რომელთაც ეშინოდათ, თუ ეს კაცი პოლიტიკური ძალაუფლებით აღიჭურვა და ხელისუფლებაში მოვიდა, სამაგიეროს გადაუხდის ყველას, ვისი ხელიც ურევია მის უკანონოდ დაპატიმრებაშიო. თერთმეტი წელი არ შეწყვეტილა ბრალდებები. ის პირები, რომელთაც არაერთი ბოროტება დამატეხეს თავს, ასლანთან ერთად არ გაქცეულან, საქართველოში დარჩნენ.

დარწმუნებული ვარ, ზურაბ ჟვანიასთან მიიტანეს ენა, აჭარაში მაგის თანამდებობაზე დანიშვნა საშიშია, ასანიძეების ოჯახი ძლიერია და ასლანი მოგონილია, სეპარატიზმი ამათ ხელში ნახეთო. რომელ სეპარატიზმზეა ლაპარაკი? ვინც მიცნობს, იცის, რომ საქართველო ჩემთვის მამის ფუძეზე უფრო ძვირფასია. იმიტომ, რომ ჩემი შვილები მიყვარს და მათი სამყოფელია ეს ქვეყანა. ჟვანიას გვერდით პოლიტიკურ არენაზე ბევრი ბათუმელი იყო და ვიცი, ვისაც მიუწვდებოდა ხელი ჩემზე ელაპარაკა.

- ზურაბ ჟვანიას გარემოცვაში ედვარდ სურმანიძე და ზურაბ ნოღაიდელი იყვნენ აჭარიდან.

- არ მინდა ედვარდ სურმანიძეზე ლაპარაკი. მას ისედაც ბევრჯერ გადაუჭირეს შოლტი, საშინლად გაიმეტეს. სურმანიძეს არც ჰქონია ჩემს ამბებთან კავშირი. ის ჩემი დაჭერის შემდეგ ამოტივტივდა ასლანის გარემოცვაში. მხოლოდ ის შეიძლებოდა, სურმანიძის მეშვეობით ვინმე ჩემს წინააღმდეგ განწყობილი პირი დაჰკავშირებოდა ზურაბ ჟვანიას. ნოღაიდელს კი საფუძველი არ ჰქონია, დამპირისპირებოდა, რადგან თვითონ იყო აბაშიძისაგან დევნილი.

მიუხედავად ამისა, თვალში მაინც არ მოვდიოდი. ეს განსაკუთრებით მაშინ გამოხატა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად საკომპენსაციო თანხა მოვითხოვე... ზურაბ ნოღაიდელს რომ ვკითხე, თანხას როდის მომცემთ-მეთქი, მიპასუხა, სასამართლოს კიდევ სხვა გადაწყვეტილებებით 47 მილიონი გვაქვს გადასახადელი, როდესაც შენი რიგი მოვა, გადაგიხდითო. მერე თავის მეგობრებთან უთქვამს, სამუდამო პატიმრობისათვის განწირული კაცი ციხიდან გამოვიყვანეთ და რა უმადურიაო. მერე მას ის ხალხიც წაეშველა, ვინც მმტრობდა და ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის ეშინოდა.

- ალბათ, ამის მერე თანამდებობაზე თქვენი დანიშვნა ზურაბ ჟვანიამაც გადაიფიქრა?

- აბსოლუტურად სწორად გაიგეთ ჩემი ნათქვამი. იმ პირებს, რომლებიც მებრძოდნენ, ასლანის ბანაკში ყოფნით ჰქონდათ ქონება და ცხადია, ჩემი გათავისუფლება დააფრთხობდათ, აჭარაში ჩადენილ ცოდვებს ასანიძე ცხვირში ძმრად ამოგვადენსო. როდესაც დაინახეს, რომ აჭარაში სიტუაციას არ ვაკონტროლებდი, მაშინღა ამოისუნთქეს, რადგან საშიში აღარ ვიყავი.

როგორც უდაბნოში მყოფი ოცნებობს წყალზე, ისე ვოცნებობ იმდენ ხანს ვიცოცხლო, რომ მოვესწრო ასლან აბაშიძის დაპატიმრებას. ღმერთმა ქნას, ისე მოგვარდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რომ ასლანს საყელოში ჩაავლონ ხელი და ჩამოიყვანონ საქართველოში. ნახოს, როგორია ციხეში ყოფნა და ბადრაგის ბრძანებების შესრულება.

- პრესაში გავრცელდა ასლან აბაშიძის ფოტო, რომელზეც ძაღლს ეფერება. ცუდად არ უნდა ცხოვრობდეს რუსეთში.

- ცუდად რატომ იცხოვრებს? რუსეთის იმპერიის ინტერესების გამტარებელი კაცი იყო და ლამის ჩეჩნების ახლანდელი პრეზიდენტის მსგავსად წარმოედგინათ ასლანი, გამბედავი და მაგარიაო. ასეთების დაფასება იციან იმპერიებმა.

- ასლან აბაშიძეზე კიდევ გეცოდინებათ რამე.

- მისი ცხოვრებით არ დავინტერესებულვარ. სხვის ნათქვამს თუ მოვკრავ ყურს. ამას წინათ მკითხეს, გაიგე, ასლანას შვილები რომ არ ელაპარაკებიანო? გამიკვირდა. მაგათი არსებობა და სახელი თუ იცის ვინმემ, ასლანის დამსახურებაა და რა აქვთ მამაზე სამდურავი-მეთქი.

- ამბობენ, ცოლი მოიყვანაო და შეიძლება ამის გამო.

- ეგ ჭორიც გამიგია, მაგრამ არ ვიცი, მართალია თუ არა. არ მიყვარს მტერზე ქილიკი. ისე, ამბობენ, ასლან აბაშიძეც უმძრახად იყო მამასთანო. მამამისი რომ გარდაიცვალა, დედას დაკრძალვაზე არ უშვებდაო. ახლა მისი ამბავი რომ გავიგე, გამეცინა, ბუნებაში როგორ სწორდება ყველაფერი-მეთქი.

- პრეზიდენტი ბათუმში ხშირად ჩამოდის და არ გიცდიათ შეხვედრა?

- ვეღარ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა. პრეზიდენტი ხშირად ლაპარაკობს ღირსებაზე, მართლაც არაფერია ღირსებაზე ფასეული და არ ვკადრულობ, წინ გადავუდგე ან შორიდან დავუძახო.

ამ ხელისუფლების დროს აჭარის სახელმწიფო ქონება იმაზე ათჯერ ძვირად გასხვისდა, რაც წინა ხელისუფლების დროს საქართველოში. თბილისის ცენტრში 3 ათასი კვადრატული მეტრი შენობა თუ 2 მილიონად გაიყიდა, ბათუმში იგივე ფართობი 12 მილიონად ფასობს.

- ვინ ყიდულობს?

- კაპიტალს ეროვნება არა აქვს. შიში, უცხოელზე თუ გაიყიდება უძრავი ქონება, ჩვენი ხალხისთვის აჭარაში ადგილი არ დარჩებაო, უსაფუძვლოა.

- ამბობენ, ნახევარი აჭარა თურქებმა იყიდესო.

- როგორც ვიცი, ყველაზე მეტი ყაზახებმა იყიდეს. ვიცი, რომ ძველი კვარტალების ყიდვა არაბებსაც უნდოდათ. რაც მეტი ინვესტიცია ჩაიდება, უკეთესი არ არის?

- ვარშალომიძეზე ზოგი ამბობს, პატარა ასლანიაო.

- ვარშალომიძე თავისი უფროსის მორჩილია, ასლანა კი კბილებიდან ოფლს ადენდა შევარდნაძეს. გამორიცხულია, ლევან ვარშალომიძემ პრობლემა შეუქმნას პრეზიდენტს.

- ვიცი, რომ ბათუმში მეჩეთის მშენებლობას აპროტესტებდა ოპოზიცია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

- ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების აღდგენა ყველაფრად მიღირს. უსაფუძვლოა შიში, რომ მეჩეთების აღდგენით აჭარაში ისლამი აღორძინდება, ეს არ მოხდება, თუნდაც მუჰამედი გაცოცხლდეს და მექაც ბათუმში გადმოიტანონ.

- 21 მაისისთვის "სახალხო კრება"  აჭარაშიც აპირებს წინააღმდეგობის მოძრაობის დაწყებას.

- აქციის გამართვაში საგანგაშო არაფერია. შეიძლება მეც მივიდე, რადგან აქციების დამსახურებაა, რომ ხელისუფლება მუდმივად რაღაცას აკეთებს, ძალადობით კი ხელისუფლების შეცვლა დაუშვებლად მიმაჩნია. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეროვნულ საქმეს აკეთებს და ვინც დაუპირისპირდება, მის წინაშე უკან არ დაიხევს. ამას უსათუოდ მოჰყვება სისხლის ღვრა. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო ვინმემ რამე სცადოს. პოლიცია ძალასაც იხმარს და იარაღსაც გამოიყენებს. 65 წლის ვარ და დამეჯერება. დარწმუნებული ვარ, რევოლუციამდე საქმე არ მივა.

- ამბობენ, აჭარაში ნუდისტური პლაჟი მოეწყობაო, ამაზე რას ფიქრობთ?

- ამ ჭორების ერთადერთი დანიშნულება იმის ჩვენებაა, თითქოს ხელისუფლება მაქსიმალურად არაეროვნულია. ყველაზე დიდი ეროვნულობა სახელმწიფოს კარგად მოწყობა და კანონის საყოველთაობაა. ქართველი ხალხი ტოლერანტულია და რადიკალიზმი მისთვის არ არის დამახასიათებელი.