"რაც ერთხელ შეძლო ეროვნულმა მოძრაობამ, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ?" - კვირის პალიტრა

"რაც ერთხელ შეძლო ეროვნულმა მოძრაობამ, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ?"

"ხელისუფლებას საზოგადოების მოთხოვნის უგულებელყოფა ძალიან ძვირად დაუჯდება"

"ეროვნული ფორუმი" თავის დროზე ხელისუფლებასთან ორი ხელით ბრძოლას გვპირდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვხედავთ. ხომ არ თქვა "ფორუმმა" ბრძოლის დაპირებულ ფორმაზე უარი, ამის შესახებ რეზო შავიშვილს ვკითხეთ:

- ბატონო რეზო, სად არის აქციები და თქვენი დაპირებული ორი ხელით ბრძოლა?

- ჯერ მოლაპარაკება უნდა დასრულდეს. უნდა მივიღოთ ოფიციალური "არა", ამას ველოდებით. უარი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს ოქმით და ხელთ გვექნება დოკუმენტი, რომლითაც ხელისუფლება საჯაროდ ეტყვის ქართველ საზოგადოებას და უცხოელ პარტნიორებს, დემოკრატიული არჩევნები არც ჩამიტარებია და არც ჩავატარებო. ზოგიერთი გვეუბნება,  არ იცით, რომ სააკაშვილი საარჩევნო გარემოს არ დათმობსო. როგორ არ ვიცით, მაგრამ ჩვენ კი არ უნდა ვიძახოთ, თავად უნდა თქვას და ხელიც უნდა მოაწეროს დოკუმენტს. ამას რომ ვერ აკეთებს, ამიტომ არის გაჭედილი.

"არ მინდას" ვერ ამბობს და დროს აჭიანურებს, მაგრამ ვადა შეზღუდულია. ხელისუფლების ხელმოწერილი ოქმით გადაწყვეტილია, რომ პრინციპული საკითხები საარჩევნო თემაზე მაისის ბოლომდე უნდა გადაწყდეს. თუ ხელისუფლება უარზე იქნება, დაიწყება მასზე ზეწოლის სხვა მეთოდების გამოყენება. ასეთი მეთოდების დიდი არსენალი არსებობს, მათ შორის - მასობრივი აქციებიც. თუ როგორ შეიძლება ამით მიზნის მიღწევა, შემიძლია გავახსენო ქართველ საზოგადოებას, რომ ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მას მერე მოვიდა, რაც ჩათვალა, რომ საარჩევნო გარემოსთვის უნდა ებრძოლა.

მოლაპარაკება მიმდინარეობდა გუმბარიძესა და მთავრობასთან, პარალელურად კი აქციები იმართებოდა. ამ მოლაპარაკებას მოჰყვა სამტრედიის გადაკეტვა, შიმშილობა და ბოლოს დათმო ხელისუფლებამ. გამსახურდიამ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით მიაღწია საარჩევნო კანონის შეცვლას. გუმბარიძემ შექმნა კომისია, რომლის თავმჯდომარეც თვითონ იყო, მოადგილედ კი ლევან ალექსიძე ჰყავდა. ზვიად გამსახურდია, ირაკლი მელაშვილი, თედო პაატაშვილი, ვახო ხმალაძე, ირაკლი შენგელაია და მე ვიყავით კომისიაში, შევათანხმეთ საკითხები, მაგრამ შეუთანხმებელი დაგვრჩა დეპუტატების რაოდენობა.

ჩვენ ვითხოვდით, რომ უზენაეს საბჭოში 201 დეპუტატი ყოფილიყო, მაგრამ მთავრობამ რატომღაც 301 გამოაცხადა. ჩვენ გვინდოდა მხოლოდ პროპორციული არჩევნები, ხელისუფლებას კი - მხოლოდ მაჟორიტარული. ბოლოს გადაწყდა, რომ პროპორციული სიით გასულები და მაჟორიტარები თანაბრად იქნებოდნენ წარმოდგენილი. სესია, რომელზეც საარჩევნო კოდექსი უნდა მიეღოთ, ზვიად გამსახურდიას გამოსვლით დაიწყო. სესიის პირდაპირი რეპორტაჟი ტელევიზიით მიდიოდა. ზვიადი ძალიან კარგად გამოვიდა, ახლა მთელი საქართველო გიყურებთ და თქვენი გადასაწყვეტია ეს საკითხი.

არ დაგვავიწყდეს, რომ პარტიული კუთვნილების მიუხედავად, საქართველოს შვილები ვართ, აბა, თქვენ იცითო და ტაში დაუკრეს. წარმოგიდგენიათ, ეს მოხდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში. დაიწყო საარჩევნო კოდექსზე კენჭისყრა და როდესაც პარლამენტის წევრთა რაოდენობაზე მიდგა საქმე (ჩვენ ვითხოვდით 201 დეპუტატს, ხელისუფლება - 301-ს), გუმბარიძემ იკითხა, ვინმეს ალტერნატივა ხომ არ აქვსო. ვიღაცამ 250 დეპუტატი მოითხოვა და ეს ვარიანტი გავიდა. რაოდენობა ჩვენთვის არ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ რამდენიმე ისეთ მუხლზე წამოაყენეს ალტერნატივა, მთელი კანონი ინგრეოდა და ხელახლა დასაწერი ხდებოდა.

აჰა, ანგრევენ, არაო, - თქვა ზვიადმა და ზემოდან დასძახა დარბაზს, მე თქვენ გიჩვენებთ სეირსო. გამსახურდიამ თქვა, მე გარეთ გავდივარო. გარეთ ათიათასკაციანი აქცია მიმდინარეობდა, მაგრამ ზვიადის შეძახილისა და ტელევიზიის გათიშვის შემდეგ მომიტინგეებმა საბჭოს შენობას ალყა შემოარტყეს. ხალხთან გავედით და ვთხოვეთ, გვაცალეთ, არის მოგების შანსი და არ შემოიჭრათ-მეთქი.

ირაკლი შენგელაიამ უთხრა დეპუტატებს, რომ ჩვენი უკმაყოფილება შეთანხმებული ვარიანტების დარღვევამ გამოიწვია. ამიტომაც, რაც შეთანხმებული გვქონდა, იმას ვუყაროთ კენჭიო. ჩატარდა კენჭისყრა და, პრაქტიკულად, საარჩევნო კოდექსის ჩვენი ვარიანტი გავიდა. აი, ასე გადაწყვიტა ხალხმა საარჩევნო გარემოს ბედი კომუნისტების დროს. ეს მაგალითი იმისთვის გავიხსენე, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, თუ ხალხს დავარწმუნებთ, გამოგვყვება.

ეს ამბავი მაინც არჩევნებით დასრულდება ან ამ ხელისუფლების პირობებში, ან უმისოდ. თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს დათმობს, "ნაცმოძრაობის" ერთი ნაწილი, ალბათ,  მოხვდება პარლამენტში, მაგრამ თუ პროცესები რევოლუციური გზით წავიდა, "ნაცმოძრაობას" არავითარი შანსი აღარ ექნება. როგორ გგონიათ, ხელისუფლებამ თუ უარი გვითხრა, სახლში წავალთ და წამოვწვებით შერცხვენილ-დამარცხებულები? ასეთ რამეს "ფორუმი" არასოდეს გააკეთებს!

- ბურჯანაძემ "სახალხო კრებისაგან" თქვენს დისტანცირებას შუა ბრძოლაში მიტოვება უწოდა.

- "სახალხო კრება" ქართველი ხალხის სულისკვეთების გამომხატველია და არ შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკური პარტიების კონკურენციის არენად. "სახალხო კრებაში" პროცესები პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტით რომ წარმართულიყო, ის პოლიტიკური პარტიების კონკურენციის არენად გადაიქცეოდა. როდესაც ნინო ბურჯანაძე დაუპირისპირდა "ქართულ პარტიას", ჩვენ ვერც ერთის მხარეს ვერ დავიკავებდით, ამიტომ ვთქვით, რომ ვითარების გარკვევამდე შევიჩერებდით უფლებამოსილებას.

- როგორც ნინო ბურჯანაძე ამბობს, მიუნხენის აეროპორტში უკვე გაირკვა ურთიერთობა.

- ეს მათ შორის გაირკვა, მაგრამ ჩვენთან არა. თუ გაირკვა, რატომ გრძელდება ერთმანეთის შეურაცხყოფა. საერთო-სახალხო მოძრაობა, რასაც "სახალხო კრება" წარმოადგენს, ხელშეუხებელი უნდა იყოს და არის ხელშეუხებელი? არ აკრიტიკებენ? ოპოზიციურმა პარტიებმა როგორმე ის მაინც მოვახერხოთ, რომ ტალახი არ ვესროლოთ ერთმანეთს.

თუ ხელისუფლება საარჩევნო გარემოს არ დათმობს, ქუჩაში გამოვალთ და რისთვის უნდა გვესროლოს? იმისთვის, რომ ვამბობთ, ამომრჩეველი ზუსტად დაგვათვლევინე-თქო? რაც ერთხელ შეძლო ეროვნულმა მოძრაობამ, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? ისტორიის მაგალითების გათვალისწინება მართებს ხელისუფლებას. საზოგადოების მოთხოვნის უგულებელყოფა ძალიან ძვირად დაუჯდება.