"ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება" - კვირის პალიტრა

"ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება"

"ვერ ჩავთვლი ვერც ალასანიას და ვერც მის პარტიას პრორუსულად. იმ პარტიას კი, რომელიც მას უტევს, მაგრამ აშშ-ზე უარს ამბობს და ნატოს აკრიტიკებს, ვერ დავარქმევ პროდასავლურს"

"2003 წელს ერთი ეპოქა დასრულდა და მეორე დაიწყო. არც ხელისუფლება და არც საზოგადოება არ დაუშვებს ქვეყნის უკან შემოტრიალებას", - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ოპოზიციის დაანონსებული რევოლუციის საპასუხოდ.

რევოლუციამდე "ქართული პარტია" აშშ-ის საელჩოსთან აპირებს აქციის გამართვას და მოთხოვნას, რომ აშშ-მა ხელისუფლების მხარდაჭერა შეწყვიტოს. "რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, ამერიკამ კი თავისუფლება", - ასე ფიქრობენ "ქართულ პარტიაში" და სწორედ ამ განცხადების შეფასებით დავიწყეთ საუბარი გიგი წერეთელთან:

- ჩემთვის მიუღებელია ასეთი განცხადებები. აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ინტენსიურად, ყველაზე რთულ მომენტებში ცდილობს საქართველოს დაეხმაროს და მის მოდერნიზაციას შეუწყოს ხელი. სრულიად უსაფუძვლოა, ამერიკას დავაბრალოთ თავისუფლების დაკარგვა, რადგან აშშ სწორედ თავისუფლების დამკვიდრებას უწყობს ხელს. სწორედ რუსეთი გვართმევს ტერიტორიებთან ერთად თავისუფლებასაც. რუსეთი ებრძვის საქართველოს სუვერენიტეტსა და ხალხის თავისუფლებას.

- ოპოზიციის აზრით, აშშ საქართველოს კი არა, ხელისუფლებას უჭერს მხარს?

- ასეთი იდეოლოგია ჩემთვის მიუღებელი რომ არის, იმიტომ არიან ეს ადამიანები სხვა მხარეს, როდესაც ანტიამერიკული განწყობა გაქვს და რუსეთში ხედავ დასაყრდენს, ეს არის პრორუსულობა. დასაძრახი არ არის, თუ ვინმეს ჩრდილოეთის, დასავლეთის ან აღმოსავლეთისკენ გაურბის თვალი, ერთი ცუდი ამბავი რომ არ ახლდეს ამ ყველაფერს: - რუსეთი რომ არ იყოს ოკუპანტი და მუდმივად არ ცდილობდეს საქართველოს დაკნინებას, მისი სუვერენიტეტის შელახვასა და ეკონომიკურ განვითარებაში ხელის შეშლას. რუსეთს ვერ წარმოუდგენია დამოუკიდებელი საქართველო და კარგად მცხოვრები ქართველი ხალხი მის უნებართვოდ.

- მინდა გკითხოთ ალასანიაზე, რომელსაც სოზარ სუბარმა ბრალი დასდო, სერგეი ლავროვს დაფინანსების მიღების მიზნით შეხვდაო.

- ამ განცხადებისა და ტელეკომპანიის ეთერში სუბარისა და უსუფაშვილის დაპირისპირების შესახებ საზღვარგარეთ ყოფნისას გავიგე. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, პოლიტიკური გარემო მეტად დაიძაბება და პარტიებს შორის დაპირისპირებაც გამძაფრდება. ალბათ, განსაკუთრებით აგრესიული ის პარტიები იქნებიან, რომელთაც ნაკლები ელექტორატი ჰყავთ. მხარდაჭერის ნაკლებობის გამო გადადიან პირად შეურაცხყოფაზე. ალბათ, კიდევ ბევრი მძიმე ბრალდების მოსმენა მოგვიწევს, რომელთაგან ბევრი შესაძლოა აბსოლუტურად მოკლებული იყოს საფუძველს. იმის გამო, რომ ვინმე ვინმეს შეხვდა კონფერენციაზე, პოლიტიკური ორიენტაცია უნდა შეიცვალოს? არა მგონია, ალასანიასა და ლავროვს პირისპირ შეხვედრა და დიდი საუბრები გაემართათ.

- ითქვა, რომ მათ 45-წუთიანი შეხვედრა ჰქონდათ.

- თუ ასე იყო, ალასანიაც იტყოდა. თუმცა მაინც ვერ ჩავთვლი ვერც ალასანიას და ვერც მის პარტიას პრორუსულად. იმ პარტიას კი, რომელიც მას უტევს, მაგრამ აშშ-ზე უარს ამბობს და ნატოს აკრიტიკებს, ვერ დავარქმევ პროდასავლურს. ასეთი ბრალდებები მაგონებს ქართულ ანდაზას, გაღმით შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო. ამას აჯობებს  გავიგოთ, რას აპირებენ ეს პარტიები "ქარბორბალების" მოწყობის შემდგომ, რას გააკეთებენ. ჯობს ამაზე იფიქრონ, ვიდრე ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და რევოლუციაზე.

- 21 მაისს "სახალხო კრება" ქუდზე კაცს უხმობს.

- პოლიტიკურ პარტიას მაშინ სჭირდება რევოლუციაზე ლაპარაკი, როდესაც შესათავაზებელი არაფერი აქვს საზოგადოებისთვის. თუ გამოვლენ, მოვისმენთ რა სურვილები აქვთ, მაგრამ წამგებიანია მიდგომა, მე ხელისუფლებაში მინდა ყოფნა, შენ უნდა წახვიდე და მე მოვიდეო. იშვიათად ნახავთ მსოფლიოში მაგალითს, რომ მხოლოდ ამის გამო დაეჭიროს ხალხს ვინმესთვის მხარი. როდესაც ცვლილებაზე ლაპარაკობ, ხალხს უნდა დაანახო, უკეთესს რას მოუტან.

ბევრი სვამს კითხვას, რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ვინ უნდა შეცვალოს? როდესაც პოლიტიკურ ძალას ცვლილება რევოლუციით, სამოქალაქო დაპირისპირებით უნდა და ლამის სისხლის ღვრაზე ლაპარაკობს, ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალიან მძიმე არგუმენტები უნდა ჰქონდეს. რევოლუცია რომ მოხდეს, ქვეყანაში მძიმე მდგომარეობა უნდა იყოს. საქართველოში კი დღეს არ არის ამგვარი ვითარება.

ყველა შედარებით პოპულარული და არარადიკალური პარტია აცხადებს, რომ საქართველოში თუ იქნება ცვლილება, მხოლოდ არჩევნების გზით. ეს მოუტანს ქვეყანას უკეთეს მომავალს და არ დააბრუნებს გაუგებარ ვითარებაში, სადაც შეიძლება ადამიანების ერთმა ჯგუფმა იგრძნოს თავი კარგად, მოსახლეობა კი უმძიმეს პირობებში აღმოჩნდეს.

- "რვიანში" შემავალი ოპოზიციური ჯგუფიც აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საარჩევნო გარემოს შეცვლა და არ გამორიცხავენ ამის გამო აქციების გამართვას.

- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება მარტივი პროცესი არ არის. ხელისუფლება მზად არის ამ საკითხზე იმსჯელოს ნებისმიერ ფორმატში - ინდივიდუალურადაც და ჯგუფურადაც. თუ მოლაპარაკებამ ჯერ ვერ მოიტანა სასურველი შედეგი, არა ხელისუფლების მიზეზით. მივიდეთ შეთანხმებამდე, რომ საქართველოში პროცესები განვითარდეს ევოლუციურად და არა ქაოსურად, რევოლუციურად.

- თქვენი პოლიტიკური ძალაც რევოლუციით მოვიდა ხელისუფლებაში. შალვა ნათელაშვილმა თქვა თქვენზე, ინდიელივით შევარდა პარლამენტშიო.

- მეც მოვისმინე და არ მწყენია, ინდიელები სამართლიანი ხალხია, ბრძოლაც იციან და მგონი, შალვასგანაც მეტ პატივისცემას იმსახურებენ. ისე კი, პარლამენტში არ შევვარდნილვარ, შევედი როგორც კანონიერი წევრი. ახლაც დავდივარ პარლამენტში, ვმუშაობ და ამაში ვიღებ ხელფასს. ზოგიერთისაგან განსხვავებით იმის ფუფუნება არა მაქვს, პარლამენტში არ ვიარო და ისე ავიღო ხელფასი.

მართლაც ხშირად გვეუბნებიან, თქვენ რომ მოახდინეთ რევოლუცია, ჩვენც უნდა მოვახდინოთო. რაც მაშინ მოხდა, წინ უძღოდა საზოგადოების უკიდურესი უკმაყოფილება, ცარიელი ბიუჯეტი, უშუქობა და უგზოობა, წლობით გაუცემელი პენსიები და ხელფასები, დანაშაულები, კორუფცია, საერთაშორისო ასპარეზზე გაფუჭებული ურთიერთობა და გაყალბებული არჩევნები. ასეთი რამ საქართველოში აღარ მოხდება.

- ანუ, თქვენი აზრით, მაისი მშვიდობიანი იქნება?

- მაისი კარგი, თბილი თვეა, ირგვლივ მეტი სილამაზეა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს. რევოლუციისთვის განწყობილმა პოლიტიკოსებმა მიმოიხედონ და შესაძლოა, დაუცხრეთ დაპირისპირების სურვილი. ისედაც არ არის იოლი ცხოვრება. ადამიანებს უამრავი ყოველდღიური საზრუნავი აქვთ, მათთვის სტაბილურობაა მთავარი და არა რომელიმე ლიდერის თანამდებობაზე შემოსასკუპებლად ქუჩაში დგომა.