აბა, გამოიცანით, ვინ არის სააკაშვილის მთავარი მტერი? - კვირის პალიტრა

აბა, გამოიცანით, ვინ არის სააკაშვილის მთავარი მტერი?

აბა, გამოიცანით, ვინ არის სააკაშვილის მთავარი მტერი? თქვენ ფიქრობთ, ოქრუაშვილი? როგორ გეკადრებათ! ბურჯანაძე? ჰა ჰა! პუტინი? - არამც და არამც! სააკაშვილის ყველაზე დიდი მტერი არის სააკაშვილი. შეიძლება ხანდახან იფიქრო, ამ კაცს საკუთარი თავი ისე სძულს, როგორც არავინ სხვა.

ასე რომ არა, როგორ შეძლებდა ასე ხშირად მიეყენებინა ზიანი საკუთარი თავისთვის?! წინა კვირას ჰარაკირი ჩაიტარა, მაგრამ გადარჩა. ეტყობა, საოცრად სიცოცხლისუნარიანი ან ჯადოქარია. ასეთ რამეს რომ პოლიტიკოსი იტყვის და არაფერი დააკლდება, სხვა რა უნდა იფიქრო? მე სწორედ ბიზნესმენების დაჯილდოების ცერემონიაზე წამოსროლილ ფრაზაზე მოგახსენებთ, როდესაც სააკაშვილი იმ ადამიანებზე ლაპარაკობდა, ვინც გარკვეულ ადგილებში მიწის დამუშავებას ეწინააღმდეგება.

"არ მესმის, ტრაქტორისტი ამ დროს რატომ ამუხრუჭებს. თუ დაუწვება, გადაუაროს", - თქვა პრეზიდენტმა. მართალია, მერე თავადვე მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და დაამატა: "ბოდიშს ვიხდი, ეს არ გაიგონ ბუკვალურად, მაგრამ მათ დრო გადაუვლის, რადგან პროგრესის გაჩერება შეუძლებელია". როგორც ამბობენ, სიტყვა ჩიტივით არის: გამოფრინდება და უკან ვეღარ დააბრუნებ. ამის მოსმენის შემდეგ ძალიან დავიძაბე, რადგან თუ შეუძლია საპატიო სტუმრებით გაძეძგილ შეხვედრაზე, ტელეკამერების თანდასწრებით ასეთი რამე თქვას, წარმოვიდგინე, რას ამბობს დახურულ შეხვედრებზე თავის ოპონენტებზე, როდესაც თანაგუნდელთან თათბირობს.

ან რა ბრძანებების გაცემა შეუძლია საქმე საქმეზე თუ მიდგება. ეს წამოსროლილი ფრაზა იყო თუ მისი ბუნების გამოვლინება? ანუ, ასეთია ის? ჩვენი პრეზიდენტი მზადაა ყველას გადაუაროს, ვინც წინ გადაეღობება? რა დასკვნა უნდა გავაკეთოთ ამის შემდეგ? ასე მგონია, სააკაშვილი სტალინის ეპოქაში რომ დაბადებულიყო, საუცხოო ჩეკისტი იქნებოდა. განა მაშინაც ასე არ იძლეოდნენ ბრძანებებს - გადაუარეთ! და თუ ჩემი ეს დასკვნა გადაჭარბებულია, პრეზიდენტს უბრალოდ სისულელე წამოსცდა და მეტი არაფერი, მით უარესი მისთვის!.. პრინციპში მისთვის კი არა, ჩვენთვის, თორემ ის ისეთი სიცოცხლისუნარიანია...

უცნაური განცხადებების კვირა

საერთოდ, გასული კვირა უცნაური განცხადებების კვირა იყო. ჯერ იყო და ქვეყნის მთავარმა დიპლომატმა რუსეთის პრეზიდენტს ჯამბაზი უწოდა; მერე ლევან გაჩეჩილაძემ თქვა, ერთად ჩავუხტეთ, მუხრან ბატონს არ ვიტყვი, ჩათლახების ბატონსო, ოქრუაშვილმა კი დაამატა: "თუ აპირებთ, სააკაშვილის რეჟიმს საფლავში ჩაჰყვეთ, პირობას გაძლევთ, არავის არ დაგინდობთ". საინტერესოა, რას უნდა მოელოდეს ქართველი ხალხი, როდესაც ასეთი პოლიტიკოსები ჰყავს?

როდესაც არის ორი დაპირისპირებული ძალა, რომლებიც ასე ლაპარაკობენ? როდესაც პრეზიდენტი ამბობს, თუ ტრაქტორისტს ვინმე წინ უწვება, უნდა გადაუაროსო, ხოლო მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ არავის დაინდობს, ვინც სააკაშვილთან იქნება, ამ დროს კი უკვე სხვა ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ორი ოპოზიციონერი ერთმანეთს რუსეთთან ფარულ კავშირში ადანაშაულებს, მერე ერთი მეორეს ნაძირალას უწოდებს, ვფიქრობ, არ ვიქნები პათეტიკური, თუ ვიტყვი, რომ წინა კვირას ნამდვილად მომინდა ამ ქვეყნიდან გაქცევა.

KvirisPalitra.Geვერონიკა, კბილები და გალაკტიონი

ადრე, როდესაც ბარის დახლზე მოცეკვავე ვერა ქობალიას ფოტო გავრცელდა, ბუნებრივია, არავინ დაინტერესებულა, როგორი კბილები ჰქონდა. ალბათ, არც ბიზნესმენების დაჯილდოების შემდეგ დაფიქრდებოდა ვინმე ამ საკითხზე, რომ არა პრეზიდენტი. მაშინ, როდესაც ყველა ვერას ვარცხნილობას განიხილავდა, პრეზიდენტმა მინისტრის კბილებზე დაიწყო ლაპარაკი. "მე თავიდანვე ვაფრთხილებდი ყველას, არ მოტყუებულიყვნენ ვერა ქობალიას სანდომიანი გარეგნობით, რადგან კბილები იმაზე დიდი აქვს, ვიდრე დელფინს, რომელსაც პრეზიდენტმა ხახაში თავი ჩაუყო, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებდა", - ბრძანა სააკაშვილმა.

ანუ, ვერონიკა ის არ არის, ვინც გგონიათო? გამოდის, ვერა ქობალია "საბედისწერო ქალი" ყოფილა. ლამაზი ქალის ტყავში დამალული მტაცებელი, ბასრი კბილებით. ამის შემდეგ იგი კიდევ მეტად დაემსგავსა გალაკტიონის ერთი ლექსის გმირს, რომელთანაც აქამდე მხოლოდ სახელი აერთიანებდა. ხომ გახსოვთ ის ლექსი, ახალგაზრდა დენდი ბათუმის ნავსადგურში მომხიბლავ ვერონიკას რომ გადაეყრება: "რა წრის იყო - იკითხავდა ვინა? ვადარებდი ვერონეზეს ნახატს, - სადმე ძვირფასს გადავკრავდი ღვინოს, თუ ხელგაშლით ვთამაშობდი ქაღალდს". მოკლედ "დენდი" მშვენიერ ბანოვანთან ერთობა, თუმცა ვერონიკა სინამდვილეში სულ სხვანაირია:

"შემდეგ იყო პეტროგრადის ხანა... ვერონიკა მე ვიცანი გვიან, რომ იჭექა და ამღვრეულ ბოლში  მკერდში, გულთან გამიარა ტყვიამ და დავეცი სისხლიანი თოვლში... ან კი როგორ? სხვა სახელიც ერქვა ვერონიკას, ხელთ თოფი რომ ეპყრა.  ქარხანაში უწოდებდნენ თურმე: გაბედული კალუგელი ვერკა".

იმედია, ჩვენი ვერონიკას კბილების გამოჩენა აქ ასე სამწუხაროდ არავისთვის დასრულდება.