იაგო ხვიჩია: "ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ სახალხო დამცველს!" - კვირის პალიტრა

იაგო ხვიჩია: "ჩვენ არ ვიმსახურებთ ასეთ სახალხო დამცველს!"

"გახარიასთან კითხვები მაქვს, თუმცა დაველოდოთ, შემოვიდეს ეს კაცი პოლიტიკაში ნორმალურად"

"არჩევითი მოსამართლეებისა და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება გვჭირდება. დანარჩენი კოსმეტიკური ცვლილებებია", - ამბობს "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთების სრულად გაზიარებით შესაძლოა მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესებულიყო, თუმცა რეალური გარდატეხისთვის მაინც სხვა ცვლილებებია საჭირო. "სასამართლო რეფორმის სხვა მიმართულებას ვემხრობი, ვიდრე ამ დოკუმენტშია მითითებული. ნაკლებად მჯერა კოსმეტიკური რეფორმების, რაც სასამართლოში რამდენჯერმე გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტში ეს ყველაფერი კეთილი სურვილებით არის ნაკარნახევი, და რწმენით, რომ სასამართლოს შეიძლება რაიმე ეშველოს, ვთვლი, რომ სხვა გზით უნდა წავიდეთ - ამ პროცესში მოქალაქეები უნდა ჩავრთოთ. ამისთვის გვჭირდება არჩევითი მოსამართლეებისა და არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება. მჯერა, რომ ამით რეალურ გარდატეხას მოვახდენთ", - ამბობს იაგო ხვიჩია, რომელიც "გირჩის" ახალ ინიციატივებსა და ძველ პრობლემებზე გვესაუბრება:

- "ქართული ოცნება" ამბობს, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც მიშელის დოკუმენტში საკანონმდებლო ნაწილზე წერია, ცოტაღა დაგვრჩა და, იმასაც მოვრჩებითო. ესე იგი, "ოცნების" განმარტებით, ცვლილებების უმეტესობა მიღებულიც არის და აღსრულებულიც. სინამდვილეში სასამართლოში გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ.

- მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ მალე კონკრეტულ პირებს ბოდიშის მოხდა მოუწევთ იმის გამო, რომ მოსამართლეებს კლანის წევრებად მოიხსენიებდნენ... - მე მოსამართლეებს კლანის წევრებს არ ვუწოდებ, მაგრამ ის, რომ სასამართლო ცენტრალიზებულად იმართება და მმართველი პარტია სასამართლოში მისთვის სასურველ შედეგს აღწევს, თუნდაც პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების თვალსაზრისით, ხომ ცხადია?!

ამ სასამართლოს მეც ვყავარ გასამართლებული და კარგად ვიცი, რასთანაც გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება თქვა, რომ სასამართლო სისტემაში რამე შეიცვალა. ჩვენ არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და არც ახლა გვაქვს.

- როგორ ფიქრობთ, თქვენი ინიციატივა არჩევითი მოსამართლეებისა და შერიფების თაობაზე საკანონმდებლო სახეს მიიღებს? - არჩევით მოსამართლეებზეც და არჩევით შერიფებზეც აუცილებლად შევიტანთ კანონპროექტს პარლამენტში. სულ შვიდი საკითხის შესახებ ვამზადებთ ცვლილებათა პაკეტს, რათა საშემოდგომო სესიისთვის წარვადგინოთ. ამ თემებზე ოპოზიციონერ კოლეგებს წინასაარჩევნო პერიოდში შევუთანხმდით და იმედია, მხარს დაგვიჭერენ.

- როგორც მახსოვს, ამ შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი განათლებასაც ეხება. - დიახ, განათლება ერთ-ერთი პირველი საკითხია და ეხება კერძო სკოლების გათავისუფლებას სახელმწიფო რეგულირებისგან.

- სკანდალურად შეფასდა ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებები ბავშვთა კოდექსის შესახებ. სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და მოითხოვა ბავშვთა უფლებებისა და არასრულწლოვანებზე ძალადობის შესახებ განცხადებები პარლამენტის წევრის "ეთიკის კოდექსის" საფუძველზე განეხილათ... თქვენც მიიჩნევთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსი არასწორია? - სახალხო დამცველმა რაღაც დაგმო მაშინ, როდესაც კონტექსტი სრულად არ ჰქონდა მოსმენილი. მან მოისმინა გადაცემის ანონსი, რომელიც ეთერში ჯერ კიდევ არ იყო გასული. ეს იგივეა, ფილმი გააკრიტიკო მხოლოდ იმის მიხედვით, რაც ერთწუთიან რეკლამაში ნახე. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, არ ვიმსახურებთ ასეთი კლასის სახალხო დამცველს! ისევე როგორც სხვა ყველაფერი ამ ქვეყანაში პროფანაცია გახდა, ასეთივე პროფანაციაა სახალხო დამცველის ინსტიტუტიც. რაც შეეხება საკითხს, აქვთ თუ არა ბავშვებს უფლებები, ბავშვებიც, ქალებიც, მამაკაცებიც, ქართველები და არაქართველები, ქერები, შავგვრემანები ადამიანები არიან. ადამიანებს აქვთ უფლებები.

არ შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვებს სხვა უფლებები აქვთ, ქალებს სხვა, მამაკაცებს სხვა, ელჯიბიტი თემს სხვა და ეს უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი საზოგადოების სხვადასხვა ფენის ნეომარქსისტულ დაყოფას ჰგავს, რათა ისინი ერთმანეთს დააპირისპირონ. ვახომ თქვა, რომ არანაირი ცალკე აღებული უფლება არა აქვთ ბავშვებს, უფლებები აქვთ ადამიანებს და ბავშვები არიან ადამიანები. შესაბამისად, მათ იგივე უფლებები აქვთ.

- თქვენი ინიციატივები და განცხადებები რატომ ხდება სკანდალის მიზეზი, საზოგადოება ვერ აღიქვამს სწორად თუ თქვენ ცდილობთ ყურადღების მიქცევას? - ყველაფერს ერთად დაუმატეთ ისიც, რომ ჩვენ სპეციფიკური ადამიანები ვართ და ვცდილობთ არ ვითამაშოთ პოლიტიკოსობანა. როგორიც ვიყავით პოლიტიკაში მოსვლამდე, სპეციალობის და ადეკვატურობის გათვალისწინებით, დღესაც იგივე ადამიანები ვართ. ქართულ პოლიტიკაში ჩვეულებრივი ადამიანები და ჩვეულებრივი კითხვები უცნაურობად ითვლება. მე არა მგონია, რომ ეს ჩემი ბრალია. პირიქით, ჩემი კოლეგები მიმაჩნია უცნაურებად, მგონი, ისინი საუბრობენ უცნაურად.

- ჟურნალისტების კითხვები არ გეჩვენებათ უცნაურად?

- ზოგჯერ კი, მაგრამ მიყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და ძალიან ვერთობი მათი უცნაური კითხვებით. ხშირად ვჩხუბობთ, მაგრამ მერე ვრიგდებით. ამასობაში ისინიც სწავლობენ ჩემს ხასიათს.

- ასევე უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებული ვითარება. ეს იყო კანონპროექტი, რომლის გამოც არათუ ხელისუფლება და ოპოზიცია, ოპოზიციური პარტიებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დღეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ამნისტია აღარავის აინტერესებს. მეტიც, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ვერ ხვდება, ორ კანონპროექტს შორის რა არსებითი განსხვავებაა? - ამ კანონპროექტებში არსებითი განსხვავება ნამდვილად არის ორ ნაწილში: ოპოზიციის კანონპროექტი ეხება მხოლოდ სამი პოლიციელის გათავისუფლებას, მეორეში პოლიციელების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთი კანონპროექტი არ ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობას, მეორე ითვალისწინებს, რაც არასწორია - ჩვენ ხომ რეალურად არც ვიცით, სულ რამდენი დაზარალებულია, არ ვიცით, ვინ არის კონკრეტული პირის დამზარალებელი. მეორე არსებითი სხვაობა ის არის, რომ მმართველი გუნდის კანონპროექტში ამნისტიისთვის საჭიროა შესაწყალებელი პირის თანხმობა, ოპოზიციის კანონპროექტში კი არა.

- რა იქნება, თუ ხელისუფლების ინიცირებული კანონპროექტი დამტკიცდება, შესაბამისად, ნიკა მელია უარს იტყვის შეწყალებაზე და ისევ ციხეში აღმოჩნდება? - ესეც აბსურდი იქნება. ჯერ ერთი, ბრალდებულს არც ციხეში ჩაჯდომას ეკითხებიან და არც ციხიდან გამოშვებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მელიას ისევ ციხეში მიბრუნება შარლ მიშელის დოკუმენტის სრული უგულებელყოფა იქნება.

- პოლიტიკურ სპექტრს უკვე ოფიციალურად შეემატა ახალი პოლიტიკური პარტია, გახარიას "საქართველოსთვის". რას იტყვით მასზე? - მას კარგად არ ვიცნობ, მისი თანაგუნდელებიც ჯერ მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე გავიცანი. შესაბამისად, ჩამოყალიბებული შეხედულება ჯერ არა მაქვს. მე მისი კრიტიკოსი ვიყავი და ახლაც ვარ 20 ივნისის გამო. საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად მეც მაქვს კითხვები. დაველოდოთ, შემოვიდეს ეს კაცი პოლიტიკაში ნორმალურად.

ხათუნა ბახტურიძე