თორნიკე შარაშენიძე­: "გახარია არასოდეს ყოფილა "ოცნების" გულანთებული წევრი"
თორნიკე შარაშენიძე­: "გახარია არასოდეს ყოფილა "ოცნების" გულანთებული წევრი"
ფოტო:თორნიკე შარაშენიძე
"გახარია თუ თავს გამოიჩენს ხელისუფლების საქმიანი კრიტიკით და მისი ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასა და ხალხს შორის ხიდის ჩატეხა იყო"

"მეგობრებო, უმძიმესი კოგნიტური კრიზისი გვაქვს! მაშ, ასე, უპრორუსულესი "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ნატო ჩხეიძე უპროდასავლურესი "ნაცმოძრაობის" მეხუთე ნომრად გავიდა და მერე "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის მცველად (გრაალის მცველად) იქცა. კაგებეშნიკი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის ელჩმა აქო. "ნამოხვანი", რომელმაც რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს, ერთნაირად დაიცვეს პროდასავლურმა ოპოზიციამ და კრემლის
მონა "ქართულმა ოცნებამ". რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცერ გახარიას გუნდში ნატოში ყოფილი ელჩი შევიდა, რამე თუ გამომრჩა დაამატეთ", - ამგვარი პოსტით გამოეხმაურა საკუთარ "ფეისბუკის" გვერდზე ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ბოლოდროინდელ მოვლენებს ქვეყანაში.

მისი "ფეისბუკის" გვერდზე კიდევ ერთი საინტერესო სტატუსი მოვიძიეთ: "1980-იანი წლების ბოლოს წამოვიდა ყველაფრისათვის "ეროვნულის" დარქმევის
მანია და ასე გაჩნდა ეროვნული სტადიონი... იყო მცდელობა ცირკისათვის დაერქმიათ ეროვნული ცირკი, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადაიფიქრეს. ჰოდა, აი, ეროვნული ცირკი მახსენდება მე პირადად ამ ყველაფერს რომ ვუყურებ", - წერს ანალიტიკოსი. სახელდობრ, რა უქმნის ცირკის შთაბეჭდილებას, რას ფიქრობს "ნამოხვანჰესის" საწინააღმდეგო მოძრაობაზე, არის თუ არა ქვეყანაში სოციალური ამბოხების წინა პირობა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე თორნიკე შარაშენიძე­ უფრო ვრცლად გევსაუბრება:

- ჩემი სტატუსით კოგნიტური კრიზისის შესახებ შეთქმულების თეორიებს დავცინი, რომ თითქოს ყველგან რუსეთის აგენტები არიან, ყველა საპროტესტო აქციის უკან რუსეთი დგას და ა.შ. ბოლოდროინდელი ძალიან ბევრი პრობლემის რეალური არსი ასე მარტივად ასახსნელი არ არის.

- გასაგებია, ადვილი არ არის, ამიტომ "ნამოხვანჰესის" პრობლემით დავიწყოთ. სამთავრობო ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ "ხეობის მცველების" აქციას შესაძლოა დაინტერესებული ძალები აფინანსებდნენ, თუმცა მოვისმინეთ სხვა ვერსიებიც, რომ აქციის უკან "ნაციონალები" დგანან. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესის რეალურ სურათს?
- ჰესების მშენებლობას პროტესტი ახლავს არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპის არაერთ ქვეყანაშიც. ეს ბუნებრივიც არის, იცვლება ბუნებრივი ლანდშაფტი და ეს ბევრს აღელვებს.
თუ ცივილიზებულ ევროპაში აშინებს ხალხს ეს საკითხი, რა გასაკვირია, რომ ნაკლებად ცივილიზებულ საზოგადოებას უფრო აშინებდეს და პროტესტი ჰქონდეს?! პროტესტი, ალბათ, იმითაც არის განპირობებული, რომ სახელმწიფოსა და ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა თავის დროზე შესაბამისად არ იმუშავეს და საჭიროდ არ ჩათვალეს მოსახლეობისთვის ახსნა, რომ ჰესი ქუთაისს არ დაძირავს და ყველა სტანდარტის დაცვით შენდება.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ყველა სტანდარტის დაცვით შენდება?
- ვიცნობ ამ საქმის პროფესიონალებს და ვენდობი მათ, როდესაც ამბობენ, რომ კონტრაქტი წაკითხული აქვთ და ყველაფერი წესრიგშია. ამასთან, არა მგონია, ასეთი რეპუტაციის მქონე კომპანია ამხელა პროექტს სტანდარტების დაცვის გარეშე ახორციელებდეს. ან
სად გინახავთ, ჩვენს ქვეყანაში ჩამონგრეული ჰესი?! ვფიქრობ, ამ პროტესტის უკან ვიღაც დგას. არ მჯერა, რომ ღარიბი ხალხი ან ემიგრანტები ურიცხავდნენ ფულს აქციის ორგანიზატორებს.

- ვინ შეიძლება იდგეს პროტესტის უკან?
- მე მაქვს ვერსია, რომ მას ხელისუფლებაში მფარველობს ვიღაც.

- ხელისუფლება საკუთარ თავს უქმნის პრობლემას?
- ფაქტია, რომ გუნდში განხეთქილებაა და ერთმანეთს უქმნიან პრობლემებს. შეთქმულების თეორიას რუსული ფულის შესახებ არ ვიზიარებ. თუმცა ერთი რამ ცხადია, საქართველოში ჰესების გაჩერება რუსეთს აძლევს ხელს.

- გაირკვა, რომ ელექტროენერგიის დიდ ნაწილს აზერბაიჯანიდან, შემდეგ კი თურქეთიდან ვყიდულობთ, რუსეთიდან ძალიან ცოტას ვყიდულობთ.
- სინამდვილეში ცოტა სულაც არ არის. გარდა ამისა, თუ ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზრდება და ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთიდან მოგვიწევს იმპორტის გაზრდა. ამიტომ ჯობს ჩვენი ელექტროენერგია გვქონდეს და არავისგან ვყიდულობდეთ.
მდიდარ ევროპულ ქვეყნებში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში, 80%-ზეა ასული ჰიდრორესურსების ათვისების მაჩვენებელი. ღარიბ საქართველოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰიდრორესურსი არ გამოიყენოს?

90-იან წლებში ჰესების არარსებობასა და უშუქობას ტყეების მასობრივი გაჩეხა მოჰყვა. რა უფრო აზიანებს ბუნებას, ტყეების გაჩეხა თუ ერთი ჰესის აშენება? იმ რთულ პერიოდში "ხუდონჰესი" სანახევროდ ავაშენეთ და მივატოვეთ სამარცხვინო ისტერიკის გამო. რის გამო ატეხეს ისტერიკა? რა უნდა გაეფუჭებინა ათ რუსულ ოჯახს საქართველოში?

იცით, დღეს კიდევ რა მიკვირს? კორუფციაზე იმ ხალხის საუბარი, რომლებმაც საკუთარი მიწები უკვე მიჰყიდეს "ენკას". კორუფციულია თუ არა პროექტი, რა იცვლება იმ მოსახლეობისთვის, რომლებმაც საკუთარი კარ-მიდამო სარფიანად გაყიდეს?! არ ვიცი, ბევრი რამ გაურკვეველია.

- გასაგებია, თუმცა "ნამოხვანჰესი" არ არის ერთადერთი, რასაც დღეს მოსახლეობა აპროტესტებს, არის თუ არა ქვეყანაში სოციალური ამბოხის ნიშნები?
- სოციალური ამბოხის რა მოგახსენოთ, მაგრამ ქვეყანაში ნამდვილად არის სტრესული გარემო, რაშიც მედიასაც წვლილი მიუძღვის, ამიტომ აღელვებული ადამიანები ხშირად გამოდიან გარეთ.

- საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების შემდეგ პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე დაიწყებდა მუშაობას. შეთანხმება შედგა, ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, თუმცა ქვეყანაში მთავარი დავის საგანი ისევ პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოებაა. ახლა ამნისტიის კანონპროექტი გახდა საჯილდაო ქვა. როდის ან როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა მოჯადოებული წრიდან?
- ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს აკლია თანამიმდევრობა და სახელმწიფოებრივად აზროვნება, არც ერთ ხელისუფლებას არ უმუშავია ისეთ გრძელვადიან სტრატეგიაზე, როგორიც თუნდაც განათლებაა. შედეგიც შესაბამისი გვაქვს.
ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც დღემდე იყო ხელისუფლებაში, ცდილობდა ისეთი სტრატეგია აერჩია და ისეთი პროექტები განეხორციელებინა, რომლებიც შედეგს უცებ მოუტანდა და საარჩევნოდ ამომრჩეველთან სათქმელი ექნებოდა.

- ხელისუფლებას ამჯერადაც აქვს იმედი, რომ ადგილობრივ არჩევნებს მოიგებს. თეა წულუკიანმა პირდაპირ თქვა, ბრძოლაში, რომელიც ოქტომბერში გაიმართება, "ქართულ ოცნებას" ბეჭებზე ვერავინ დასცემსო. თქვენი ვერსიით, შეძლებს თუ არა ოპოზიცია "ქართული ოცნების" ბეჭებზე დაცემას?
- ადგილობრივ არჩევნებზე ხელისუფლებას ყოველთვის აქვს უპირატესობა. ამომრჩეველმა იცის, რომ ამ არჩევნებით ხელისუფლება არ იცვლება და საქმეს არ ირთულებს. ხელისუფლებაც ჩვეულებრივ იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს. აქედან გამომდინარე, "ქართული ოცნება" თუ არ გაგიჟდა და თავი არ აიფეთქა, მოგების შანსი აქვს.

- ოპოზიციის მიერ ერთიანი სტრატეგიის შემუშავების შემთხვევაშიც?
- ოპოზიცია ვერ მოახერხებს ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას. ხომ ხედავთ, ყველა წვრილმანზე ხოცავენ ერთმანეთს.

- როგორ გგონიათ, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ველზე გამოჩენა არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას თუ შეცვლის?
- ვფიქრობ, შეცვლის, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ყურადღების ცენტრში ვერ მოექცეოდა.

- ფიქრობთ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის გულსაც მოიგებს?
- ეს კი ნამდვილად გაუჭირდება. თუმცა არსებობს ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველიც, რომელსაც გახარია მიაჩნია კარგ მენეჯერად.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, კარგი მენეჯერია?
- ცუდი არ არის.

- გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე თქვა, რომ არასდროს არავის პროექტი არ ყოფილა. ოპოზიციონერ ლიდერებს გახარიას გულწრფელობის არ სჯერათ.
- ვნახოთ, თუ თავს გამოიჩენს ხელისუფლების საქმიანი კრიტიკით და მისი ქმედებებიც შესაბამისი იქნება, მაშინ დავიჯერებ, რომ მისი ხელისუფლებიდან წამოსვლის მიზეზი პარტიასა და ხალხს შორის ხიდის ჩატეხა იყო. რაც შეეხება ოპოზიციონერ ლიდერებს, როგორც მახსოვს, ძალიან გახარებული იყვნენ, პრემიერის პოსტი რომ დატოვა, ამბობდნენ, ივანიშვილს ეგ დაამარცხებსო, ახლა რა შეიცვალა?

- თუ ის ამბობს, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა და წარსულშიც ასე იყო, როგორ დაშორდა მისი პარტია ხალხს, როდესაც გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები პირი ოფიციალურად ის იყო?
- მე რაც ვიცი, ის არასდროს იყო ახლო ურთიერთობაში პარტიის სხვა ლიდერებთან, არც "ოცნების" გულანთებული წევრი ყოფილა. ის გახლდათ მენეჯერი, რომელიც საკმაოდ გვიან შეუერთდა "ქართულ ოცნებას".

- პიროვნული სიახლოვე აუცილებელია იმისთვის, რომ პრემიერს თავისი უფლება-მოვალეობა შეესრულებინა? თუ რომელიმე ჩინოვნიკის გადაწყვეტილებები არ მოსწონდა, შესაბამის ზომებს რატომ არ იღებდა? მაგალითად, რატომ დატოვა თავად პოსტი და არ გადააყენა გომელაური მაშინ, როდესაც ნიკა მელიას აყვანის ოპერაცია იგეგმებოდა?
- გომელაურს და მსგავს ჩინოვნიკებს ვინც ნიშნავს და ხსნის, ხომ მოგეხსენებათ?

- ესე იგი, ვერ ყოფილა გახარია დამოუკიდებელი. როგორ წარმოგიდგენიათ, შეასრულებს გიორგი გახარია პარტიის პრეზენტაციაზე გაცემულ დაპირებას და ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს? გავიგებთ ოდესმე ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება?
- მგონი, 20 ივნისის ამბავი უთავბოლობის ბრალია.
ჩემი აზრით, ერთმა პოლიციელმა გაისროლა, მერე სხვებიც აჰყვნენ და ამან გამოიწვია სრული ქაოსი. ჩემს ვერსიას ადასტურებს ოპოზიციონერების მონათხრობი, რომ გახარია რაციაში გამწარებული ყვიროდა, ვინ გასცა სროლის ბრძანებაო. თუ ვინ გასცა ბრძანება, ამაზე დამაჯერებელი პასუხი დღემდე არ არსებობს. შესაბამისად, ასეთი ბრძანების გამცემი უბრალოდ არ არსებობს!
ისე, მართლაც ვის უნდა გაეცა ბრძანება, ხალხს დამიზნებით, თვალებში ესროლეთო.

- თუმცა გახარიამ აიღო პასუხისმგებლობა.
- შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და აბა, რა უნდა ექნა, არაორგანიზებულობის გამო დაგვემართა ყველაფერიო, ხომ ვერ იტყოდა?!

- ოდესმე შეძლებს კი ამის თქმას?
- წესით, ოდესმე უნდა თქვას. ახლაც შეუძლია თქვას, აღარც შინაგან საქმეთა მინისტრია და აღარც პრემიერი, პასუხს ვეღარავინ მოსთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ წამოაძახებენ.

ხათუნა ბახტურიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები