"ეს კაცი უტიფრად და უპასუხისმგებლოდ დაბრუნდა პოლიტიკაში" - კვირის პალიტრა

"ეს კაცი უტიფრად და უპასუხისმგებლოდ დაბრუნდა პოლიტიკაში"

"ჩვენ ამნეზია კი არა გვაქვს, კარგად გვახსოვს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც გახარია იყო "ოცნების" ვარსკვლავბიჭუნა, უფასურდებოდა ლარი, ნახევრდებოდა ინვესტიციები, ძლიერდებოდა სასამართლოს კლანი, კრიმინალი, ყველა უბედურება მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა. არადა, ისე ილაპარაკა, თითქოს ყველაფერი ამ ბოლო სამ თვეში, მას შემდეგ გაფუჭდა, რაც პრემიერის პოსტი დატოვა, მანამდე ქვეყანას უცხოპლანეტელები მართავდნენ"

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელმა" და რესპუბლიკელებმა ბრიტანეთის ელჩსა და თავდაცვის ატაშესთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. "სტრატეგია აღმაშენებლის" ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმების შესრულების მექანიზმები იყო. შეხვედრაზე არჩევნებისთვის მზადების საკითხიც განიხილეს. როგორია "სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო სამზადისი, ითანამშრომლებენ თუ არა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდთან, "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე გვესაუბრება:

- ნაყოფიერი იყო ჩვენი გუნდის შეხვედრა ბრიტანეთის ელჩსა და სამხედრო ატაშესთან. საუბარი შეეხო როგორც პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ასევე იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს სასამართლო სისტემაში, ამნისტიის კანონს და საზოგადოდ, დემოკრატიის განვითარებას. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზეც, როგორიც საქართველო-ნატოს ურთიერთობაა...

- გახარიას პოლიტიკურ ველზე შემოსვლას როგორ აფასებთ? - გახარიამ პარტიის პრეზენტაციაზე ისე ისაუბრა, თითქოს პირველი ნაბიჯები გადადგა პოლიტიკაში, თითქოს სხვა იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. ჩვენ ამნეზია კი არა გვაქვს, კარგად გვახსოვს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც გახარია იყო "ოცნების" ვარსკვლავბიჭუნა, უფასურდებოდა ლარი, ნახევრდებოდა ინვესტიციები, ძლიერდებოდა სასამართლოს კლანი, კრიმინალი, ყველა უბედურება მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს მოხდა. არადა, ისე ილაპარაკა, თითქოს ყველაფერი ამ ბოლო სამ თვეში, მას შემდეგ გაფუჭდა, რაც პრემიერის პოსტი დატოვა, მანამდე ქვეყანას უცხოპლანეტელები მართავდნენ.

- რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის გახარიას განაცხადი, რომ გადადგა მაშინ, როდესაც ერთ კონკრეტულ მომენტში, პოლიტიკურმა პარტიამ მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა? - ჩვენ რასაც მთელი 9 წელია ვლაპარაკობთ, იმას გახარია თუ ახლა მიხვდა, ვერ ყოფილა კარგი პოლიტიკოსი. მით უმეტეს, თავად იყო ქვეყნის პირველი პირი.

ის მაინც თქვას, როდის დაშორდა პარტია ხალხის ინტერესებს, ბოლო ერთ თვეში, ერთ კვირაში თუ ერთ დღეში? ეს ჩვეულებრივი სიყალბე და თვალებში ნაცრის შეყრის ცდაა. თავად არ უხელმძღვანელა არჩევნების გაყალბებას, თავად არ ჩართო საქმეში კრიმინალები? მან არ თქვა, ქართულ ჯიგრულ პონტში ყველაფერი მოსულაო? თავად არ თქვა, მე გავეცი თვალების დათხრის ბრძანებაო? თუ ამ ყველაფერში მისი ხელი არ ურევია, გადაწყვეტილებებს სხვა იღებდა და თავად იბრალებდა, მაშინ ესეც თქვას.

- მან თქვა, რომ დროთა განმავლობაში ყველა კითხვას გასცემს პასუხს. - როდესაც პოლიტიკაში ახალი ამპლუით შემოდიხარ, ჯერ ძველ საქმეებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უნდა გასცე პასუხი. თუ რამეზე უნდოდა პასუხის გაცემა, ამას ამ სამი თვის განმავლობაში გააკეთებდა. რამდენიმე თვეში არჩევნები მოდის, როდისღა უნდა თქვას სიმართლე? ისიც თქვა, ჩემს ყველა ნაბიჯზე პასუხისმგებლობას ვიღებო. კი მაგრამ, რაში გამოიხატება ეს? არც ერთ პოსტზე არ იყო წარმატებული, ვერც ერთი რეფორმა ვერ გაატარა, პირიქით, რასაც ხელი მოჰკიდა, ყველაფერი გააფუჭა. ეს კაცი უტიფრად და უპასუხისმგებლოდ დაბრუნდა პოლიტიკაში.

- ესე იგი, მის გუნდთან თანამშრომლობას ისევ გამორიცხავთ? - დიახ, "სტრატეგია აღმაშენებლის" სახელით გიორგი გახარიას გუნდთან თანამშრომლობას სრულად გამოვრიცხავ.

ხათუნა ბახტურიძე