"ავიამეკობრე" ლუკაშენკო - ჩასაძირად განწირული გემის კაპიტანი? - კვირის პალიტრა

"ავიამეკობრე" ლუკაშენკო - ჩასაძირად განწირული გემის კაპიტანი?

"ლუკაშენკოსა და დასავლეთს შორის დიალოგის განახლების შანსი ახლა მინიმალურია, რაც მას უფრო დამოკიდებულს ხდის კრემლზე"

მადა ჭამაში მოდისო და, ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი მედიასაშუალებების დახურვით აღარ კმაყოფილდება - გასულ კვირას ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო ტერორიზმშიც სცადა ბედი და ეფექტიანადაც - ბელორუსულმა ავიაგამანადგურებელმა აიძულა Ryanair-ის რეისი, რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა, მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო. იძულებითი დაშვების შემდეგ დაუყოვნებლივ დააკავეს მგზავრი რომან პროტასევიჩი, ოპოზიციური არხის, Telegram Nexta-ს დამფუძნებელი და ყოფილი რედაქტორი.

სანამ დასავლეთი სანქციების ახალ რაუნდს განიხილავს, უპასუხო რჩება მთავარი კითხვა: რას გეგმავს ლუკაშენკო? რატომ არის იგი ასე მოწადინებული, უფრო დაამძიმოს სიტუაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში აქტიური პროტესტი შეწყდა და მისი რეჟიმის სიცოცხლისუნარიანობა, უახლოეს მომავალში მაინც, საეჭვო აღარ არის? ამ კითხვებით GISP-მა მარია ავდეევას, ევროპის ექსპერტთა ასოციაციის კვლევის დირექტორს მიმართა.

- "პროტასევიჩის ინციდენტი" უკვე შეფასდა სახელმწიფო ტერორად. ამის ფონზე მოსალოდნელია თუ არა, რომ დასავლეთი ლუკაშენკოზე ოდესმე გულს მოიბრუნებს და მას ლეგიტიმურ პოლიტიკურ ფიგურად აღიქვამს?

- 2020 წელს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილმა დანაშაულებმა ლუკაშენკოსა და დასავლეთის ისედაც წყალშემდგარი დიალოგი უფრო საეჭვო გახადა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ადრე ლუკაშენკოს, ფაქტობრივად, პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მკვლელობაც კი შეარჩინეს და მასთან საუბარს აგრძელებდნენ. და მაინც, საერთაშორისო რეისით მიმავალი თვითმფრინავის გატაცება, ალბათ, ყველა ზღვარს სცდება - დასავლეთისთვის ამაზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი იქნებოდა. ერთადერთი, ვინც ამ ინციდენტით იხეირა, რუსეთია - ლუკაშენკოსა და დასავლეთს შორის დიალოგის განახლების შანსი ახლა მინიმალურია, რაც მას უფრო დამოკიდებულს ხდის კრემლზე.

კიდევ ერთი რამ, რაც პროტასევიჩის ინციდენტმა დაგვანახა, არის ლუკაშენკოს რეჟიმის საბოლოო ტრანსფორმაცია - ადრე აქ იყო ადგილი სისტემური ლიბერალებისთვისაც, ახლა ძალაუფლება მთლიანად "სილოვიკებმა" ჩაიგდეს ხელში, მათ კი ჰაერივით სჭირდებათ გარე მტრის ხატი, რათა საკუთარი არსებობის აუცილებლობა გამოკვეთონ. ეს ხანმოკლე ტაქტიკაა, რომელიც რეჟიმის აღსასრულის დასაწყისზე მიანიშნებს. ლუკაშენკოს აგებული პოლიტიკური სისტემა თვითგანადგურების ფაზაში შედის.

- Tut.by-ს დახურვა, პროტასევიჩის დაპატიმრება... - ლუკაშენკო ამას საკუთარ გამარჯვებებად მიიჩნევს, მაგრამ ბრძოლების მოგება ომში გამარჯვებას არ ნიშნავს. მოუგებს თუ არა ომს ლუკაშენკო საკუთარ სახელმწიფოს? - მან ომი გააჩაღა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და ჯერჯერობით ამ ომს აგებს. მისი მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, მცირდება სივრცე პოლიტიკური მანევრებისათვის. ბელორუსი ხალხის თვალში ის უკვე აღარ არის ერთ-ერთი მათგანი. შეიძლება თვითონ პირიქით ფიქრობს და თავს იმით იმშვიდებს, რომ ფართომასშტაბიანი პროტესტები შეწყდა, რომ მოწინააღმდეგეები ციხეში გამოკეტა, რომ მოახერხა და საკუთარი ერი დააშინა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ხალხის ნდობას ვეღარ დაიბრუნებს. ეს ხიდი, დიდი ხანია, დაიწვა და რაც დრო გავა, თითოეული ასეთი "გამარჯვება" მას საბოლოო დაცემასთან უფრო მიაახლოებს.

- მისი ბოლო დადგენილების მიხედვით, საგანგებო სიტუაციაში პრეზიდენტის ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის ნაცვლად უსაფრთხოების საბჭოს გადაეცემა. რა არის მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი? - ეს "ისტორიული დადგენილება, როგორც თავად უწოდებს, სხვა არაფერია, თუ არა სამხედრო ხუნტის სცენარი. ეს ბელორუსებს ეუბნება: რაც უნდა ჰქნათ, ვერაფერს გააწყობთ, არაფერი შეიცვლება. თუ მე აღარ ვიქნები, სამხედროები მართავენ ქვეყანას. მას სურს დაგვანახოს სურათი, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი რეჟიმი თავს დაცულად გრძნობს. ეს ასევე არის დამზღვევი მექანიზმი - თუ საქმე ცუდად წაუვა, არ სურს მთელი მისი ძალაუფლება და ბერკეტები ერთ ადამიანს ჩაუვარდეს ხელში, ის ასე ვერავის ენდობა. საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან, ეს კიდევ ერთი რევერანსია კრემლის მიმართ - დასავლეთთან კეკლუცობის დრო დამთავრდა და საბოლოოდ თქვენს გვერდით ვარო.

- ათწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ლუკაშენკოს სურდა ბელორუსის პრეზიდენტობა მემკვიდრეობითად ექცია - ტახტი ოჯახშივე დარჩენილიყო. ამჟამინდელი მოვლენების ფონზე საბოლოოდ გამოირიცხა თუ არა ასეთი სცენარი? - შეიძლება ეს სცენარი თაროზე შემოდეს, მაგრამ არა მგონია, მასზე საბოლოოდ ჩაექნიათ ხელი. ლუკაშენკოს აფიქრებს, რა მოუვა მის ოჯახს, შვილებს, თუ იგი პრეზიდენტი აღარ იქნება. მისი ოჯახის წევრები იმ დამიანთა მცირერიცხოვან ჯგუფს განეკუთვნებიან, რომლებიც ლუკაშენკოს არ "გაყიდიან, თუ ამის შანსი მიეცათ. ასე რომ, თუ რუსეთი სათანადო გარანტიებს არ მისცემს, მოუწევს, საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე თვითონვე იზრუნოს. რაც შეეხება საპრეზიდენტო ძალაუფლების შვილისთვის გადაცემას, ვფიქრობ, ის ისევ ვერ ელევა ამ იდეას, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ფავორიტი ვაჟიშვილი ნიკოლაი, რომელსაც "ტახტის მემკვიდრედ" ზრდიდა, ჯერ ძალიან პატარაა. ფაქტია, რომ "ლუკაშენკოს სამეფო სახლს" განსაცდელი უფრო ადრე დაატყდა თავს, ვიდრე თვითონ ვარაუდობდა.

- განვიხილოთ ე.წ. ლუკაშენკოს "მკვლელობის" მცდელობაც. ვინ დაიჯერებს, რომ დასავლეთმა ლუკაშენკოს მკვლელობა შეუკვეთა? - ლუკაშენკოს და პუტინის მომხრეეებს, ძირითადად, სჯერათ, რასაც ეს ორი ეუბნება, განსაკუთრებით - ხანდაზმულ მოსახლეობას, რომელთა მთავარი საინფორმაციო წყარო სახელმწიფო სატელევიზიო არხებია. კიდევ ერთი რამ, რასაც ლუკაშენკომ ამ ფარსით მიაღწია, არის საზოგადოების ყურადღების რეალური პრობლემებიდან მსგავს თემებზე გადატანა და თავისთავად ცხადია, რუსეთი მადლიერია კიდევ ერთი ბერკეტისათვის, რომელსაც კრემლი ანტიდასავლური პროპაგანდისთვის გამოიყენებს.

- კუთხეში მიმწყვდეული მტაცებელი, როგორც ამბობენ, ყველაზე საშიშია. რა არის ყველაზე სახიფათო სვლა, რომელიც გამოსავლის გარეშე დარჩენილმა ლუკაშენკომ შეიძლება გამოიყენოს? - ბელარუსი ხალხი საფრთხეშია. რასაც ახლა ვხედავთ, ყველაფერი მიანიშნებს, რომ სიტუაცია უფრო დამძიმდება. ამჟამად ლუკაშენკოს 15 ჟურნალისტი ჰყავს გამოკეტილი ციხეში პოლიტიკური ბრალდებებით და არ გამიკვირდება, თუ ხვალ მათი რაოდენობა 150-მდე გაიზრდება. ლუკაშენკო უკან არ დაიხევს. ის ხედავს დასავლეთის რეაქციას, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს მისაღები რისკია.

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გაჟონა ჩანაწერმა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბელორუსი მაღალჩინოსნები სრული სერიოზულობით განიხილავდნენ კვაზი-საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის იდეას ოპოზიციის "არასანდო" წარმომადგენლებისთვის. პროტასევიჩის დაპატიმრების შემდეგ ეს სცენარი არც ისეთი წარმოუდგენელი ჩანს, როგორც ადრე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ლუკაშენკო არასოდეს მალავდა სიმპათიებს საბჭოთა კავშირისადმი და, ალბათ, ბევრ სხვაზე უკეთაც იცნობს სტალინის მეთოდებს.

- საფიქრებელია, რომ მას მოუწევს მოსკოვისთვის რაღაცების დათმობა. შეიძლება თუ არა ერთ-ერთ ასეთ დათმობად ყირიმისა და აფხაზეთ-ცხინვალის აღიარება იქცეს? - ამის ალბათობა დიდია. კრემლს ლუკაშენკო გამუდმებული ზეწოლის ქვეშ ჰყავს, რათა ეს ნაბიჯი გადაადგმევინოს. დასავლეთთან ურთიერთობისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს არ სურს უკრაინასა და საქართველოსთან ხიდების საბოლოოდ დაწვა. მან უამრავი ძალისხმევა გაიღო, რომ მინსკი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისათვის მოლაპარაკებების მაგიდად ქცეულიყო და გაუჭირდება, მედიატორის სკამს, რომელზეც ასე კომფორტულად იჯდა ათწლეულების განმავლობაში, ადვილად შეელიოს.

ამის გარდა, უკრაინა რჩება ბელორუსის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკონომიკურ პარტნიორად და თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, მოუწევს, კიევის სანქციებიც იწვნიოს, რაც მას დასავლეთის სანქციებზე მეტად დააზარალებს. უკრაინასა და ბელორუსს ათასკილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს და ასეთი მეზობლის გადამტერება ლუკაშენკოს ინტერესებს არ შეესაბამება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ ეს მაინც მოხდება - თუმცა მეეჭვება, ასეთ აღიარებას საერთაშორისო პოლიტიკური წონა ჰქონდეს - ეს უფრო განამტკიცებს ლუკაშენკოს, როგორც დიქტატორის იმიჯს.

ინტერვიუ მომზადდა "საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის" პროექტის ფარგლებში

ვაჟა თავბერიძე