"იყო სა­ქარ­თვე­ლო­სი, გახ­და რუ­სე­თის. ეს შე­უქ­ცე­ვა­დი მო­მენ­ტია" - რას ამბობდა ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს - კვირის პალიტრა

"იყო სა­ქარ­თვე­ლო­სი, გახ­და რუ­სე­თის. ეს შე­უქ­ცე­ვა­დი მო­მენ­ტია" - რას ამბობდა ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს

ამ ცოტა ხნის წინ ქართული პოლიტიკის კარი პოეტმა და ბიზნესმენმა, ახლა კი უკვე მოძრაობა "ერთობა, რაობა იმედის" დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ შეაღო. რამდენიმე დრის წინ კი, მისი მოსკოვური ვოიაჟი ქართული მედიასაშუალებების განხილვის თემა გახდა. ბელგიურ რესტორანში კრემლის ერთ-ერთ პროპაგანდისტ ალექსანდრე დუგინთან ლევან ვასაძის პირისპირ შეხვედრა "მთავარმა არხმა" ექსკლუზიურად გადაიღო, კადრში ისიც ჩანს, რომ ვახშმის თანხა ქართველმა ახალპოლიტიკოსმა გადაიხადა.

გადავწყვიტეთ გაგვეხსენებინა. რას ამბობდა რუსი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პროფესორი, საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის ლიდერი ალექსანდრე დუგინი საქართველოს შესახებ სხვადასხვა დროს.

2008 წლის 4 ივლისს (რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების წინ), ინტერვიუში რუსული გამოცემისათვის "Накануне":

"მე ახლახან დავბრუნდი ცხინვალიდან, სადაც ახალგაზრდობის ევრაზიული კავშირის მესამე ყრილობა ჩატარდა... სამხრეთ ოსეთი ამჟამად აშშ-სა და რუსეთის რეალური დაპირისპირების მთავარ ხაზად უნდა ჩავთვალოთ. ქართულ-ოსური კონფლიქტის ფონზე ცივილიზაციათა კონფლიქტი ვითარდება. მე ცხინვალთან ახლოს ნატოს ჯარები პოზიციები ვიხილეთ, მათი ინსტრუქტორები ქართულ ჯარებში იმყოფებიან და ცდილობენ ქართულ ანკლავებში შეაღწიონ. სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილად ითვლება არა იურიდიული სტატუსით, არამედ მთელი თვითშეგნებით, ცნობიერებით, თავისი ორიენტაციით, გეოპოლიტიკური როლითა და მისიით. საქართველოს პროამერიკულ რეჟიმს ნატოში შესასვლელად სამხრეთ ოსეთის მიერთება სურს. ამასთან, ქართველები არ მალავენ, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მიერთება მხოლოდ მისი მთელი მოსახლეობის განადგურების შემდეგ თუ მოხდება. ქართველები დღეს შეგნებულად ბერავენ ნაციონალისტურ განწყობებს. ჩემი აზრით, რუსეთმა ახლავე უნდა აღიაროს დამოუკიდებლად სამხრეთ ოსეთი, რომელსაც სუვერენიტეტის ყველა ატრიბუტი აქვს".

2008 წლის 8 აგვისტოს, ინტერვიუ რადიო "ეხო მოსკვის" სტუდიაში:

"ომი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, რუსეთზე საქართველოს თავდასხმას ნიშნავს. ცხინვალში ბევრი ევრაზიული განწყობის მქონე ახალგაზრდა იღუპება, ქართველი სნაიპერები ხოცავენ არამარტო რუს მშვიდობისმყოფლებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობასაც, ქართული ავიაცია საავადმყოფოებს ბომბავს. საქართველო თავის აგრესიულ მიზნებს ახორციელებს. ჩვენ უკვე მოწმენი ვართ არა ტერორიზმისა, არამედ მოსახლეობის მასობრივი გაჟლეტვისა. ანუ ქართველები ოსი ხალხის გენოციდს ახდენს. თბილისის მოქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული აგრესიაა - ოსები ხომ რუსეთის მოქალაქეები არიან".

2009 წლის 17 სექტემბერს, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტზე ჩატარებული ლექციის დროს:

"საქართველო მცირე იმპერიაა, რომელიც პატარ-პატარა სამთავროებისაგან შედგება. საქართველო ეთნიკურად ერთგვაროვანი არ არის. მის ახლანდელ სტრატეგიულ საზღვრებში, აწ უკვე გამოყოფილ აფხაზებს და ოსებს თუ არ ჩავთვლით, ცხოვრობენ აჭარლები, მეგრელები, სომხები, აზერბაიჯანელები და კიდევ ათეულობით ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ეროვნული სახელმწიფოდ გადაქცევის მოდელი საქართველოსათვის დამღუპველია, ასეთი პოლიტიკა ქვეყანას დაშლამდე მიიყვანს. მთელი ამ მრავალფეროვნული მოსახლეობის ერთ საზღვრებში შენარჩუნებას საქართველო იმ შემთხვევაში მოახერხებს, თუ ის იმპერიად დარჩება. ქართველი ერის პრიორიტეტულობა კი ქართველებს გარდაუვალ ეთნოციდამდე მიიყვანს, რასაც იქ მცხოვრები ეთნოსები წინააღმდეგობას გაუწევენ".

2010 წლის 15 მაისს, რადიო "ეხო კავკაზასთვის" მიცემულ ინტერვიუში:

"საქართველოში ნაციონალიზმის მოწინააღმდეგეს ძნელად თუ იპოვით. იქ სუფთა პრორუსი პოლიტიკოსები არ არიან. თვით ისინიც კი, ვინც თითქოსდა პრორუსებად მოიაზრებიან, ნაციონალისტები არიან. დღეს იქ დომინირებს პროდასავლური, პრონატოური, სუფთა ქართული ნაციონალიზმი. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გასაგები გახდა, რომ აშშ-ისა და დასავლეთის დაპირება ბლეფი გამოდგა. ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველოს გამო რუსეთთან ურთიერთობას არ გაიუარესებდა, მოსკოვმა კი ყველა დაიკიდა და საქართველოში თავისი ჯარი შეიყვანა... დასავლეთის იმედზე მყოფმა საქართველომ უფრო მეტი ტერიტორიები დაკარგა, ვიდრე ომამდე ჰქონდა. ამჟამად თბილისში საინტერესო პროცესები მიდის: ქართველი ნაციონალისტები უკვე აცნობიერებენ, რომ ეროვნული ინტერესების რეალიზება მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებით შეიძლება, რაც ადრე ნონსენსად ითვლებოდა.

რაც შეეხება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს: ნათქვამია - რაც ჩამოვარდა, ის დაკარგულიაო. ანუ იყო საქართველოსი, გახდა რუსეთის. ეს შეუქცევადი მომენტია. საქართველო რუსეთზე ორიენტირებული იმიტომ კი არ უნდა იყოს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიბრუნოს, არამედ იმიტომ, რომ სხვა ტერიტორიებიც არ დაკარგოს. ქართველები მითებით ცხოვრობენ. ის ქართველი ნაციონალისტები, რომლებიც რუსეთზე ორიენტაციას გააკეთებენ, რა თქმა უნდა, დაიწყებენ ასეთი იდეის ფორსირებას: "მოსკოვმა წაგვართვა ტერიტორიები, ესე იგი, ისევ მოსკოვი დაგვიბრუნებს, თუ ჩვენ ნატოზე უარს ვიტყვით". მე ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომაა შიდაქართული მიდგომით. მათ შეუძლიათ ჩემი მსგავსი რუსი პოლიტიკური მოღვაწე მოძებნონ და დახმარება სთხოვონ. მეც ვიტყოდი ქართველებს, რომ კი, შევხვდები აფხაზებს და ოსებს და ველაპარაკები მათ, რომ იცხოვრონ ისეთ ერთიან სახელმწიფოში ქართველებთან ერთად, რომელიც არ იქნება არც ქართული, არც რუსული, მაგრამ იქნება ევრაზიული... ეს ექსტრავაგანტური იდეაა, მაგრამ სწორედ ასე უნდა ველაპარაკოთ საქართველოს, რომ მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიები გაუგრძელდეს".

2019 წლის 23 მაისს, ტელეარხი "День ТВ", რუბრიკა "დუგინის ექსპერტიზა" (ამონარიდები ალექსანდრე დუგინის საუბრიდან):

"ჩვენ საქართველოსთან ურთიერთობაში რთული პერიოდი გვქონდა. 1990-2000 წლებში ისე მოხდა, რომ საქართველო ბარიკადების მოპირდაპირე მხარეს მოხვდა. ცხინვალზე თბილისის თავდასხმის შემდეგ კი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ჩვენ ჯარები შევიყვანეთ. ამჟამად სიტუაცია შეცვლილია, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით დიდი ტრაგიზმი რჩება ურთიერთობის გაწყვეტის გამო - ეს არის მართლმადიდებელი ქვეყანა, ტრადიციული, უძველესი კულტურის მქონე, რომელიც რუს ხალხს ყოველთვის უყვარდა.

ჩვენი პატრიარქები კრიტიკულ პერიოდშიც კი ინარჩუნებდნენ კარგ ურთიერთობას. ეკლესიის ხელმძღვანელების სიბრძნემ დაგვანახა, რომ ჩვენი პოლიტიკური უთანხმოება ანომალიას წარმოადგენს, კატასტროფას, რომელსაც შეუძლია ერთმანეთთან ახლოს მდგომი მართლმადიდებელი ხალხების ძმობა დაარღვიოს. საქართველო ჩვენი სიწმინდეა. ჩვენთვის საქართველოს სულიერებას კოლოსალური მნიშვნელობა აქვს. მიზეზი, რომელმაც ჩვენ გაგვყო, ომში გამარჯვება არ ყოფილა - ჩვენი გაყოფა ხისტმა პროლიბერალურმა ქართულმა ნაციონალიზმმა გამოიწვია, თანაც აშშ-ის ეგიდით.

მაგრამ ახლა ეს ყველაფერი წარსულშია. დღეს სიტუაცია, როგორც უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, ნორმალიზდება, ქართველები და რუსები ერთმანეთისაკენ ისწრაფვიან. დადგა დრო, რომ პოზიტიური გეგმა შევიმუშაოთ.

ამჟამად ქართველები დასავლეთსა და საქართველოს შორის არჩევანს აკეთებენ. დაძაბულობა პროდასავლურ ელემენტებსა და ქართულ ტრადიციონალიზმს შორის მატულობს. ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? აუცილებელია ხელი გავუწოდოთ ქართველ ტრადიონალისტებს. გაგრძელება