"ვისაც რეალური სურვილი აქვს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყოს, მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს" - კვირის პალიტრა

"ვისაც რეალური სურვილი აქვს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ იყოს, მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს"

"გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი გადაწყვეტილება მიიღო. "ევროპული საქართველოს" პოზიცია კვლავ მკაფიოა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიებმა კონსულტაციები უნდა დაიწყონ, "რათა საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია".

"უკვე მრავალი კვირაა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიის საკითხია, ე.წ. მიშელის შეთანხმება. ვინ უერთდება, ვინ არ უერთდება, ვინ წყვეტს ბოიკოტს, ვინ შედის პარლამენტში. "ევროპულ საქართველოს" ჩვენი მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს, საზოგადოებისთვის ცნობილია. გუშინ ყველაზე მსხვილმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი გადაწყვეტილება მიიღო. "ევროპული საქართველოს" პოზიცია კვლავ მკაფიოა! ამ დისკუსიის უსასრულოდ გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას არაფერს არ მოუტანს. ახლა ეს დისკუსია უნდა დასრულდეს, ყველას პოზიცია ცნობილია. ახლა, ყველა ვისაც აქვს მართლა, რეალური სურვილი იყოს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მშვიდობიან, პოლიტიკურ ბრძოლაში უნდა გადაერთოს. იმ ბრძოლაზე, რაც გულისხმობს უახლოეს დღეებში, ამ კვირის განმავლობაში კონსულტაციების დაწყებას პოლიტიკურ პარტიებს შორის, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს რეალისტური იმედი, რომ თვითმმართველობის არჩევნები ვადამდელი არჩევნების მომტანი პროცესია. ამას კონსულტაციები სჭირდება!

იმ ხალხს ვისაც პოლიტიკა აქტიურად აინტერესებს, საპროტესტო ამომრჩეველს, რომელიც ჩვენი ქვეყნის კრიტიკული უმრავლესობაა მინდა მოვუწოდო, პოლიტიკური პარტიები ხშირად კრიტიკას იმსახურებენ და ეს ბუნებრივია, მაგრამ ამასთან ერთად უიმედობის ქადაგება არაა იმ შედეგის მომტანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა ბოკერიამ.

"გიორგი გახარიას მხრიდან აღიარება, როცა რამდენიმე თვის წინ იძახდა, რომ ქვეყანაში არანაირი კორუფცია არ არსებობს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არათუ არ არის თანმიმდევრული, არამედ არ არის გულწრფელი".

მისივე თქმით, გიორგი გახარიამ ყველას აჩვენა, რომ რეალური ლიდერი არაა.

"ის, რაც ჯერჯერობით ვიხილეთ, იყო ან არაფრის მთქმელი, ან ცუდის მთქმელი ამ პოლიტიკურ ფიგურაზე. ისევე როგორც მისი უახლოესი წარსული, როდესაც მან ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებაში, ან პასუხისმგებლობა ვერ გამოიჩინა, ან ჩვენი ქვეყნისთვის ცუდი გადაწყვეტილებები მიიღო. აჩვენა ყველას, რომ ის არაა რეალური ლიდერი.

კორუფცია, როგორც სისტემური თამაშის წესი, ჩვეულებრივი ამბავი, რომ დაბრუნდა ჩვენს ცხოვრებაში, ამას ადასტურებს არა ის, რომ გახარიამ თქვა ეს, არამედ რეალობა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღე ხედავენ, როცა სახელისუფლებო სტრუქტურებთან შეხება აქვთ. გახარიას მხრიდან ამის აღიარება, როცა რამდენიმე თვის წინ იძახდა, რომ არანაირი კორუფცია არ არსებობს მეტყველებს იმაზე, რომ ეს ადამიანი არათუ არ არის თანმიმდევრული, არამედ არ არის გულწრფელი", - განაცხადა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"