"ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით" - კვირის პალიტრა

"ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით"

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი პოლიციელი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ჯილდო ოჯახურ და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას გადაეცათ.

"მოხარული ვარ, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ღირსების მედლით ვაჯილდოვებ სამ ახალგაზრდა პოლიციელს, ახალგაზრდა ქალს, ეკა ბუწკირიძეს, ანი ნაცარაშვილსა და გვანცა გოგავას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ოჯახური და ასევე, ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვისურვებ, რომ თქვენნაირი ძალიან ბევრი პროფესიონალი კიდევ გაიზარდოს და ემსახუროს ხვალ ქართულ პოლიციასა და ქართულ სახელმწიფოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სამსახურისთვის. ვამაყობ ქართული პოლიციით!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები.

"დღეს საქართველოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევის პროცესში, იქნება ეს კოვიდპანდემიასთან და ბუნებრივ სტიქიასთან ბრძოლა, მართლწესრიგის დაცვა ან პოლიტიკურად თუ სოციალურად მოტივირებული საპროტესტო აქციების მშვიდობიანად და უსაფრთხოდ წარმართვა, პოლიცია მუდამ წინა ხაზზე დგას. ყველაზე მეტად სწორედ პოლიციას ევალება, იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და ერთდროულად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები, მოსახლეობის უსაფრთხოება და მისი უფლებები. ამ ურთულესი მისიის შესრულებაში პოლიციას უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო და საზოგადოება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი ნორმების მიღება, რომლებიც პოლიციას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტურად დაიცვას სახელმწიფოს ინტერესები და მოქალაქეების უფლებები. საზოგადოების ვალია, პატივი სცეს პოლიციას და ამით, თავადაც შეუწყოს ხელი პოლიციის საქმინობის წარმატებით განხორციელებას. სადაც არ არის პოლიციის პატივისცემა, იქ არც სახელმწიფოს პატივისცემა არ არსებობს. ვამაყობ ქართული პოლიციის პროფესიონალიზმით!"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ პრეზიდენტის გამოსვლა სრულად: