"სერიოზული არაფერი მომხდარა, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს. ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს, ოდნავ ხმას ავუწიეთ" - კვირის პალიტრა

"სერიოზული არაფერი მომხდარა, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს. ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს, ოდნავ ხმას ავუწიეთ"

"მოქალაქეების" ერთ-ერთი, პარალმენტის ვიცე-სპიკერი ლიდერი ლევან იოსელიანი ადასტურებს, რომ მასსა და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება პენსიებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მოხდა.

როგორც მან აღნიშნა, ვაშაძე "ცოტა ემოციურია".

"ბიუროზე არაფერი მომხდარა, რომ გამოვედით, შემდეგ იყო საპენსიო კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი. სერიოზული არაფერი, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს. ვერ დავარქმევდი ამას ისეთ კონფლიქტს, ცოტა, ოდნავ ორივე მხრიდან ხმას ავუწიეთ. მე მის კანონპროექტთან დაკავშირებით მქონდა შეკითხვა, რას ეხებოდა კანონპროექტი, რომელიც მან შემოიტანა. ზოგადად შეიძლება ცოტა ემოციურია და შეიძლება ისე არ მიიღო (ჩემი კითხვა) როგორც უნდა მიეღო, ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ამხელა ყურადღებად ღირდეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

შეკამათება დეპუტატებს მას შემდეგ მოუვიდათ, რაც ბიუროს სხდომა დატოვეს. დერეფანში კამათის დროს ვაშაძემ იოსელიანს "უზრდელი" უწოდა. ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს "სტრატეგია აღმაშენებელის" საკანონმდელო ინიციატივა წარედგინა, რომელიც პენსიებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითვალისწინებს. პენსიებთან დაკავშირებული ინიციატივა ჰქონდათ "მოქალაქეებსაც", რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში საკომიტეტო განხილვაც შედგა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდებოდა შეკამათება კანონპროექტს, ვაშაძემ განაცხადს, რომ არა, თუმცა, არც დაპირისპირების მიზეზი დაუსახელებია.