"გახარია ელექტორატს "ქართულ ოცნებას" ართმევს... ივანიშვილისთვის კატასტროფა იქნება კალაძე-გახარიას ტანდემი" - კვირის პალიტრა

"გახარია ელექტორატს "ქართულ ოცნებას" ართმევს... ივანიშვილისთვის კატასტროფა იქნება კალაძე-გახარიას ტანდემი"

"ეს იყო ყოფილი პრემიერის პრესკონფერეცია და არა -  პოლიტიკური ლიდერის პრესკონფერენცია"

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დაბრუნებას პოლიტიკურ ველზე საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მას აკრიტიკებენ როგორც ყოფილი გუნდის წევრები, ასევე - ოპოზიციის ლიდერები. გახარია გუშინ ჟურნალისტებსაც შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. რა შანსები აქვს ექსპრემიერს და როგორ აფასებენ მის გამოსვლას ექსპერტები, ამ საკითხზე მათ ვესაუბრეთ.

გია ხუხაშვილი:

- გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ელექტორატს ელაპარაკება. მისი ამომრჩევლები იქნებიან ისინი, რომლებიც არჩევანს ბიძინას და მიშას შორის, ბიძინაზე აკეთებენ, მაგრამ არ მოსწონთ ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე და სხვები. ასეთები ბევრნი არიან. გახარიას ჩვენ არ უნდა ვიხილავდეთ ოპოზიციის კონკურენტად, ის ელექტორატს "ქართულ ოცნებას" ართმევს. მისი განცხადებები მოვისმინეთ კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, ინსტიტუტების სისუსტეზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნებები მართავენ ამ ინსტიტუტებს. მისი სქემა მარტივია, არ აკეთებს დაავადების მიზეზზე აქცენტს, აქცენტს აკეთებს უფრო სიმპტომურ მკურნალობაზე. ამბობს, უნდა დავამარცხოთ კორუფციაო, მაგრამ არ ამბობს, რატომ არის კორუფცია. ფაქტები მისი სავაჭრო თემა იქნება. მას აქვს სათქმელი, მაგრამ თუკი "ქართული ოცნებიდან" შეუტევენ, იმ დროისთვის მათ საბრძოლველად ინახავს ამ არგუმენტებს. ის მაინც ორიენტირებულია ბიძინა ივანიშვილზე. ერთი მხრივ, თითქოს, გამოხატავს რაღაც პრეტენზიას, მაგრამ ყველანაირად ხელს აფარებს ბიძინა ივანიშვილს.

- მუდმივად ისმის, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტია გიორგი გახარია, ამას ამბობთ?

- ივანიშვილის პროექტი არ არის, ასე არ ვფიქრობ. მას აქვს გარკვეული სენტიმენტები ივანიშვილის მიმართ და მეჩვენება, რომ ის თეორიულად განიხილავს ვარიანტს, როდესაც ისევ საყვარელი შვილი გახდება.

- მის გუნდის წევრებზე რას იტყვით? - არ ვიცნობ ამ ხალხს და მათზე ვერც ცუდს ვიტყვი და ვერც კარგს. ეს ადამიანები საჯარო პოლიტიკაში გამოუცდელები არიან და მგონი, ეს არის სერიოზული სისუსტე, რადგან საჯარო პოლიტიკა სხვა რამეა, სისტემის ფუნქციონერი კი - ცოტა სხვა. როგორც წესი, ისინი ვერ არიან საჯარო პოლიტიკაში წარმატებულები, რადგან არის წითელი ხაზები, რომლის გადალახვა უჭირთ ხშირად, პოლიტიკა კი სერიოზულ რისკებს მოითხოვს.

- მოვისმინეთ კობახიძის და სხვების კრიტიკა, შეუტევს "ქართული ოცნება" გახარიას? - სხვა გზა არ აქვს "ქართულ ოცნებას", რადგან გახარია მათ ართმევს ამომრჩეველს და ამომრჩევლის წართმევა - ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი არჩევნების წაგება, ეს ნიშნავს, რომ 43-პროცენტიანი ბარიერი იქნება მიღწევადი და, შესაბამისად, დაინიშნება რიგგარეშე არჩევნებიც, სადაც "ქართული ოცნება" უპირობოდ წააგებს. გახარიამ 5-10 პროცენტიც რომ წაართვას, ეს საკმარია იმისთვის, რომ "ქართულ ოცნებას" პრობლემა შეექმნას. პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით თუ ვისაუბრებთ, საუკეთესო მაინც არის თავდასხმა, მაგრამ გამოსვლები მაინც თავდაცვითია, ვიდრე - მკვეთრი აქცენტებით. დააკვირდით, როცა ლაპარაკობს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს, მაგრამ 2 საათი რომ გავა, პრაქტიკულად, ვეღარაფერს გაიხსენებ მისი საუბრიდან. არადა, მისი გზავნილი უნდა აღიბეჭდოს მისი ამომრჩევლის თავში. მხოლოდ ის, რომ კორუფცია არსებობს, "იმედის" ტელევიზია არის პოლიტიკურად ანგარჟირებული - ეს ფრაგმენტული რაღაცები შეიძლება დაგვამახსოვრდეს, მაგრამ ეს ისედაც ვიცით.

- ბოკერიამ თქვა, ეს ფიგურა სერიოზულად არ უნდა განვიხილოთ ქართულ პოლიტიკაშიო, მის პარტიას და "ნაციონალებს" ხელს არ შეუშლის გახარიას გამოჩენა? - ბოკერიას კონკურენტი გახარია არ არის, მისი გზავნილები გადის მხოლოდ "ქართული ოცნების" ელექტორატზე. როდესაც ამბობ, რომ 20 ივნისს იყო შტურმი, მასთან კითხვები მაქვს ამ საკითხზე, მაშინ რაღაც შეიარაღებული უნდა ხდებოდეს, ამას რომ ამბობ. როგორც ვიცი, პარლამენტის ჭიშკრებს სერიოზული ტექნიკის გარეშე ვერავინ შეანგრევდა, აქედან გამომდინარე, სერიოზული შტურმი რომ მზადდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მე ეჭქვეშ დავაყენებდი ამ საკითხს. ბოკერიას ამომრჩევლისთვის ეს არგუმენტი არ არის და ბოკერიას კონკურენტი საერთოდ არ არის გახარია. ოპოზიციის ადგილას საერთოდ არ დავიხარჯებოდი გახარიასთან დაპირისპირებაში, რადგან ისინი ელექტორალურად არ იკვეთებიან. გახარია "ქართული ოცნების" თავისტკივილია და განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ეს. ოპოზიციონერ ამომრჩეველს კითხვა უჩნდება, - შენ რომ იყავი ხელისუფლებაში, თუ კორუფცია იყო, შენ რა გააკეთეო? პრემიერიც რომ ვიყავი, მაშინაც ვიცოდიო, - თუ ამას ხედავდი, ვიღაც ჩინოვნიკი ქრთამს იღებდა, რატომ არ რეაგირებდი ამაზე, მარტივი კითხვა არ არის? თუ არ რეაგირებდი, გამოდის, მაშინ ხელს აფარებდი და ახლა რაზე მელაპარაკები? ინტელექტუალური კუთხითაც "ქართული ოცნების" ამომრჩეველზე მოქმედებს, თავისი რიტორიკით ის სერიოზულ შეცდომებს არ უშვებს და, როგორც წესი, საკმაოდ მოქმნილია, საკმაოდ ჭვიანია, მუდმივად ფეთქებადი, სხვა ლიდერებისგან გასხვავებით, ამომრჩეველს ის რომ მეტად მოეწონება, ვიდრე - კობახიძე და ღარიბაშვილი, ეს ხომ სადავოც აღარ არის. იმ სივრცეში მოხდება გადაჯგუფება, თუკი გახარიამ შეძლო და გაუძლო იმ შეტევას, რომელიც დაიწყება როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან მისი მისამართით. ახლა ყალიბდება, ხელისუფლებაში ვინ ჩაუდონ გახარიას, პუტინი თუ მიშა და ეს უკვე გამოჩნდა, მგონი, მიშას ჩადებას უპირებენ. დაიწყება პროპაგანდისტული შეტევები მასზე და ამ ყველაფერს თუ გაუძლო, მაშინ მისი რეიტინგი ძალიან აიწევს და ეს "ქართული ოცნების" ამომრჩევლის ხარჯზე იქნება.

- ადგილობრივ არჩევნებზე რა შედეგს ვარაუდობთ? - ადგილობრივ არჩევნებზე არ მგონია, მას ჰქონდეს რაღაც პრეტენზია ნაციონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების, ამისთვის მას არც დრო აქვს და არც რესუსრები ეყოფა. ეჭვი მაქვს, მას რესურსებს გადაუკეტავს ხელისუფლება, შესაბამისად, ის, ალბათ, რამდენიმე ლოკალურ პროექტს აიღებს და იმას განახორციელებს, მაგალითად, ზუგდიდის და სხვა ქალაქების მერები, და შეეცდება კონკრეტულ პროექტებში იყოს წარმატებული და არ გაფანტოს რესურსები. ეს კი იქნება ერთგვარი კოზირი მისთვის.

-კახა კალაძის საქები სიტყვები თქვა მან ჟურნალისტებთან, კარგი მერი და ღირსეული ადამიანიაო, როგორ ფიქრობთ, ხომ არ არის მოსალოდნელი კალაძის და გახარიას ტანდემი შედგეს? - ბიძინა ივანიშვილისთვის კატასტროფა იქნება კალაძე-გახარიას ტანდემი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის მესაფლავე და ამ ტანდემს შეუძლია ჩამოშალოს ბოლომდე "ქართული ოცნება" და ბიძინასთვის ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე დღეს. გამოჩნდება, ყველაფერს ვნახავთ. შემიძლია სხვადასხვა ვარიანტებზე ვისაუბროთ. ყველაფერს გააკეთებს "ქართული ოცნება" რომ ეს არ მოხდეს.

- თუ ეს მოხდა, ეს ხომ არ იქნება მესამე ძალა, რომლის უკან რეალურად ისევ ივანიშვილი იქნება? - ამ ეტაპზე გარიგებას გამოვრიცხავ, მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოსტსაარჩევნო კოალიციებზე და იმაზე, რომ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს და საკონტროლო პაკეტი არავის ექნება, რა თქმა უნდა, გახარია უნდა მოვიაზროთ "ქართული ოცნების" მოკავშირედ, ვიდრე - "ნაცმოძრაობის" მოკავშირედ და ეს ბუნებრივია. თუმცა ეს რა ეტაპზე შეიძლება მოხდეს, ჯერჯერობით ბუნდოვანია. არ მგონია, ახლა ამის თქმას რამე კონკრეტული საფუძველი შეიძლება ჰქონდეს.

ვახტანგ ძაბირაძე:

- მოლოდინი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე არის დღეს შთაბეჭდილება მისი გამოსვლების შემდეგ. ჯერ ერთი, გახარიამ გააჭიანურა პოლიტიკურ ველზე შემოსვლა, იმის მიუხედავად, რომ მისი ხალხით დაკომპლექტებული ფრაქცია არის პარლამენტში. ეს არ იყო ფრაქცია, რომელიც ორიენტირებული შეიძლება ამომრჩეველზე ყოფილიყო. მოლოდინი იყო, რომ გახარიას პრეზენტაცია და გამოსვლა იქნებოდა უფრო მკაფიო, მაგრამ ეს იყო უფერულო გამოსვლა. მეორე დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრა კი უფრო ეხებოდა მის წარსულს, ვიდრე - მომავალს და აწმყოს. ეს იყო ყოფილი პრემიერის პრესკონფერეცია და არა -  პოლიტიკური ლიდერის პრესკონფერენცია. იმედი მაქვს, მეტ საინტერესო განცხადებებს გააკეთებს და გამოჩნდება, რა სურს გახარიას. ის, რომ სერიოზულ რეიტინგს დადებს ადგილობრივ არჩევნებზე, ამის თქმა მიჭირს. მეჩვენება, არცთუ დიდი ენერგიით აპირებს ჩართვას ამაში, მაგრამ მაინც, მისი მონაწილეობით შესაძლოა, 43 პროცენტი, რომელიც დამოკლეს მახვილივით ჰკიდია, დადგეს დღის წესრიგში და წაართვას ამომრჩეველი. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ვერ გაიგო, თუ რა უნდა გახარიას. რაც შეეხება მისი გუნდის წევრებს, საინტერესო იყო მისივე შეფასება თავისი გუნდის წევრებისადმი, თქვა, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან, დიდი ხანია, საჯარო სამსახურში მუშაობენ სხვადასხვა ხელისუფლების დროსო. ეს არ არის დადებითი, ეს ვიცით, არც ერთი ხელისუფლება არ აიყვანდა მოსამსახურედ ადამიანს, თუ ის არ იქნებოდა მორჩილი და დამჯერი. რა გამოდის? ის, რომ მისი გუნდი გულისხმიერიც არის, პატიოსანიც, მაგრამ არ არის მებრძოლი და მორჩილი გუნდის ხელისუფლებაში ყოფნა ცუდია.

- ადგილობრივ არჩევნებზე ხმებს წაართმევს ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას"? - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მიიღებს მონაწილეობას "ლაითად". მისი ფილოსოფია მისაღებია, რომ არავის არ უნდა დაუპირისპირდე, რასაც ქართულ პოლიტიკაში დაპირისპირება ჰქვია ანუ ტალახის სროლას გულისხმობს. პოლიტიკაში თუ მოდიხარ, რაღაცისთვის უნდა იბრძოლო. ის ვერ იქნება კონკურენციაში "ნაცმოძრაობასთან" და წვრილ პარტიებთან, რომელიც გადანაწილებულია. ასე თუ წავიდა პროცესი, არ მგონია, მას რამე სერიოზული წარმატება ჰქონდეს. ამბობს, რომ არავის მინდა, დავუპირისპირდეო, - ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს იმაზე, მას თუ ვინმე რამეს კითხავს, თქვას, რომ ასეთი პოლიტიკა გვაქვს და არ ვისაუბრებო. ეს მისაღებია მხოლოდ მაშინ, თუ გაქვს სხვა მიზანი, ეხები პრობლემებს და ცდილობ გადაჭრას. სისტემაში რომ არის კორუფცია, ეს გასაგებია, მაგრამ თვითონ რა გააკეთა? გახარია წინამორბედებთან შედარებით გაბედული კაცია. ღარიბაშვილი გაიპარა, კვირიკაშვილიც ფრთხილად გავიდა თამაშიდან, ბახტაძე იყო თუ არა, არავინ იცის, მათთან შედარებით მან კარი გაიჯახუნა, მაგრამ, როდესაც პოლიტიკაში ბრუნდები, უნდა იბრძოლო. ან რასაც ამბობ, ის თუ ხდებოდა და იყო კორუფცია, მარტივად უნდა დაეყენებინა პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი, ეს იქნებოდა თავისი პოზიცია და ასე დაეცვა საჯაროდ ინსტიტუტები. თორემ 30 წელია, ამ ქვეყანაში ყველა გადამდგარი მაღალჩინოსანი იფიცება, რომ ის პატიოსანია და სხვები აფუჭებენ საქმეს. ასე თქმა ვერ გამოვა, თან ილაპარაკო, სისტემა არის სუსტი და თან თქვა, რომ მუშაობის დროს ვერ შეძელი, კორუფციური სქემები წაგეშალა. მისი გამოსვლები მედიასთან იყო ყოფილი პრემიერის გამოსვლა და ნაკლებად ჩანდა ოპოზიციონერი ლიდერი.

(სპეციალურად საიტისთვის)