"ქართველი ლიდერი ანკარაში" - როგორ ეხმაურება თურქული მედია ირაკლი ღარიბაშვილის ერდოღანთან შეხვედრას - კვირის პალიტრა

"ქართველი ლიდერი ანკარაში" - როგორ ეხმაურება თურქული მედია ირაკლი ღარიბაშვილის ერდოღანთან შეხვედრას

თურქული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფართოდ აშუქებენ ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს. ადგილობრივი პრესა, რადიოტელევიზია და საინფორმაციო სააგენტოები უკვე მეორე დღეა, აქვეყნებენ ქართველი ლიდერის ანკარაში ჩასვლის ამსახველ ვიდეო და ფოტომასალებს, ყურადღებას ამახვილებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მუსტაფა ქემალ ათა-თურქის მიმართ გამოჩენილ პატივისცემაზე - როცა პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის საფლავი გვირგვინით შეამკო... რასაკვირველია, მასმედიის დაინტერესების ცენტრშია ვიზიტის მთავარი მომენტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრა და მოლაპარაკება. თურქულ გაზეთებში გამოქვეყნებულია მასალები, რომლებსაც ასეთი სათაურები აქვთ:

"ჰურიეთი" / Hurriyet: "მთავარი ახალი ამბავი: ქართველი ლიდერი ანკარაში. მოწოდება რეჯეფ ერდოღანისაგან სამმხრივი თანამშრომლობის შესახებ" (პუბლიკაციაში ფართოდაა გაშუქებული ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრა ანკარის აეროპორტში, მუსტაფა ქემალის საფლავის გვირგვინით შემკობა, შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან); (წყარო)

"ვათანი" // Vatan: "პრეზიდენტ ერდოღანის მნიშვნელოვანი განცხადებები დღის მთავარი შეხვედრის დროს" (გადმოცემულია ირაკლი ღარიბაშვილისა და რეჯეფ ერდოღანის ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული განცხადებები: თურქი ლიდერი ხაზს უსვამს, რომ თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნავს, რომ თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, იგი საქართველოს "სამხრეთკავკასიური თანამშრომლობის გასაღებს" უწოდებს და თბილისს სამმხრივ - თურქეთ-აზერბაიჯან-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას სთავაზობს, სომხეთის სავარაუდო ჩართვით. თურქი პრეზიდენტი განსაკუთრებით ბევრს ლაპარაკობს საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობაზე, კომუნიკაციებზე, აგრეთვე, ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედებაზე - ყურადღებას ამახვილებს "ფეტოსთან" ბრძოლაზე...

პუბლიკაციაში გადმოცემულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც, თუმცა - ძალიან მოკლედ: "თურქეთი ჩვენთვის ძალიან მეგობრულ ქვეყანას წარმოადგენს. მე სრულიად ვიზიარებ თქვენს აზრს, რომ ბოლო წლებში თურქეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს, მათ შორის - ვაჭრობის სფეროშიც"). (წყარო)

"თურქი" // Turkey: "პრეზიდენტ ერდოღანის მნიშვნელოვანი განცხადებები დღის მთავარი შეხვედრის დროს" (მასალაში მიმოხილულია ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით ხაზგასმულია რეჯეფ ერდოღანის ფრაზა - "ჩვენი მიზანი საქართველოსთან - ვაჭრობის მოცულობის 3 მილიარდ დოლარამდე გაზრდაა" და "საქართველო რეგიონული თანამშრომლობის გასაღებია". ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებიდან გაზეთი აქვეყნებს მის ნათქვამს: "გმადლობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის ნატოში გაწევრების მიზნით"). (წყარო)

"დეილი საბაჰი" // Daily Sabah: "თურქეთი ღიაა კავკასიური თანამშრომლობისათვის" (პუბლიკაციაში გადმოცემულია ღარიბაშვილ-ერდოღანის ერთობლივი პრესკონფერენციის ანგარიში. მთავარი მომენტები: აფხაზეთ-"სამხრეთ ოსეთის" პრობლემის მოგვარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში უნდა განხორციელდეს; კავკასიური სატრანსპორტო კომუნიკაციების მნიშვნელობა ევროპასთან (ევროკავშირთან) და აზიასთან (ჩინეთთან) დასაკავშირებლად, განსაკუთრებით - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის როლი და ა.შ.). (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ