"როგორც ჩანს, გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რომ „ნაცმოძრაობის” ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად" - კვირის პალიტრა

"როგორც ჩანს, გახარია იმიტომ ითხოვდა მელიას დაკავების გადადებას, რომ „ნაცმოძრაობის” ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად"

"თავიდან, როდესაც გადადგომის თაობაზე გავიგე, აღვიქვი, როგორც "ოცნების" გუნდში არსებული უთანხმოების შედეგი, რაც მელიას დაკავების საკითხთან იყო დაკავშირებული. მეც არაერთგზის განვაცხადე, რომ მელია უნდა ყოფილიყო დაკავებული უფრო ადრე, დანაშაულის ჩადენის დროს და არა მაშინ, როდესაც მოხდა მისი დაკავება. გამოდის, რომ ჩემი და გახარიას პოზიციები ემთხვეოდა ერთმანეთს, თუმცა მაშინვე გამიჩნდა კითხვა, თუ რატომ ითხოვდა გახარია დაკავების ორი-სამი დღით გადადებას", - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ მედიასთან განაცხადა.

"როგორც მითხრეს, რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი - გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას – მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად.

მოგეხსენებათ, ხელისუფლება მაშინ არცთუ მარტივ ვითარებაში იმყოფებოდა. ოპოზიცია პარლამენტში არ იყო შესული, რის გამოც პარლამენტის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

"ნაცმოძრაობა" გეგმავდა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი. 18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის "აღიარების" შესახებ.

მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია. ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებულ შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ "ოცნება" ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ "ნაცმოძრაობის" ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა", - განაცხადა არეშიძემ.