"ყოფილის ომი: რატომ დაბრუნდა სააკაშვილის პარტია საქართველოს პარლამენტში" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"ყოფილის ომი: რატომ დაბრუნდა სააკაშვილის პარტია საქართველოს პარლამენტში" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსული პოპულარული გაზეთის - "იზვესტიის" ("Известия") ვებ-გვერდზე 2 ივნისს გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "ყოფილის ომი: რატომ დაბრუნდა მიხეილ სააკაშვილის პარტია საქართველოს პარლამენტში", რომელშიც განხილულია საკითხი - თუ რატომ გადაწყვიტეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ოპოზიციური პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა არჩევნებიდან მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ (ავტორი - იგორ კარმაზინი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინარსს:

ქართველმა "ნაციონალებმა" პარლამენტის შვიდთვიანი ბოიკოტი შეწყვიტეს და "არალეგიტიმურ" საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტეს (ბიძინა ივანიშვილთან საბრძოლველად, თვით პარლამენტშიც კი), იმავდროულად, დაიქადნენ, რომ ოპონენტებს ანუ "ქართულ ოცნებას" უკვე მიმდინარე წელსვე გაანადგურებენ: "ვიყავი რაიონებში და დავრწმუნდი, ხალხი ჩვენს გამარჯვებას ელოდებაო", - აცხადებს "ნაცმოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია. საინტერესოა, რომ "ნაციონალებმა" ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას სახელწოდებით - "საქართველოს მომავალი გზა", რომელიც ოპოზიციას და ხელისუფლებას ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნითო, - წერს ავტორი.

სტატიაში მიმოხილულია ის კონფრონტაციული სიტუაცია, რომელიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების შემდეგ - გასული წლის ოქტომბრიდან შეიქმნა (მმართველი პარტიისა და ოპოზიციის დაპირისპირება), უცხოელი პოლიტიკოსების შუამავლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით, "ნაციონალების" ლიდერის - ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება და ა.შ.

"იმ დროს, როცა ქართული ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა და მათი დეპუტატები პარლამენტში დაბრუნდნენ, "ნაციონალები" ბოიკოტს არ წყვეტდნენ, პარტიის აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს წინ, თბილისის ცენტრში, გაშლილ კარვებში ისხდნენ და პროტესტს აგრძელებდნენ. უფრო მეტიც - ისინი იმ ოპოზიციონერებს, იმ თანამოაზრეებს, რომლებთაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, "ნაციონალებმა" "ივანიშვილის მონები" უწოდეს და ემუქრებოდნენ...

"ნაციონალებმა" პარლამენტის მიმართ დამოკიდებულება მაშინ შეიცვალეს, როცა ნიკანორ მელიას გირაო (ანუ "ვლადიმერ პუტინისათვის მისატანი ხარკი", ნიკა მელიას თქმით), დასავლურმა ორგანიზაციამ გადაიხადა. ამის შემდეგ "ნაცმოძრაობის" დამაარსებელმა, კიევში მცხოვრებმა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებს პარლამენტის ბოიკოტის შეწყვეტისაკენ მოუწოდა, რათა პარტიას საერთაშორისო მხარდაჭერა არ დაეკარგა: "ვიწყებთ ახალ ეტაპს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვისო", - აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ექსპერტების თქმით, ოპოზიციის პარლამენტში შესვლით საქართველოში პოლიტიკური კრიზისი არ დასრულებულა: "ამჯერად ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში გაიმარჯვებს. მათი გათვლებით, მმართველი "ქართული ოცნება" ხმების 43%-ზე ნაკლებს მოაგროვებს, რაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდება. ამჯერად ამის შანსები არის, რადგან ხმის მიცემის პროცესს დასავლელი დამკვირვებლები გულმოდგინედ გააკონტროლებენ და, შესაბამისად, გაყალბების შესაძლებლობა ნაკლები იქნება", - ამბობს "იზვესტიასთან" საუბარში დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ ევსეევი, - "ამასთან, თუ ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, გამორიცხული არ არის, რომ ოპოზიცია ისევ ბოიკოტს გამოაცხადებს და კრიზისი განახლდება".

"ქართული ოცნების" პოპულარობა თანდათან ქვეითდება. გარდა ამისა, მოვლენებმა აჩვენა, რომ "ოცნება" ზეწოლას ვერ უძლებს და უკან იხევს, ანუ თუ მას შეუტევენ, იგი მზადაა, პოზიციები დათმოს. რასაკვირველია, არის საკითხები, რომელთა მიმართ "ქართულ ოცნებას" მტკიცე პოზიცია აქვს, მაგალითად, ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ თანხმდება ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე. საინტერესოა, რომ ობიექტურად თუ ვიტყვით, თვითონ ოპოზიციასაც გამარჯვების თავი არ აქვს - "ნაცმოძრაობის" ელექტორატი 20-25%-ს შეადგენს. მათ შეუძლიათ "ოცნების" მთავრობას პრობლემები შეუქმნან, მაგრამ ხელისუფლების დასაუფლებლად მზად არ არიან", - ამბობს ვლადიმერ ევსეევი.

თავის მხრივ, როგორც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე სკაკოვი აღნიშნავს, საპროტესტო პოტენციალი ქართულ საზოგადოებაში დიდია: "ბოლო დროს ჩვენ საქართველოში მომხდარი საპროტესტო მიტინგებისა და გაფიცვების მოწმენი გავხდით, მაგალითად, "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ, მუშების საპროტესტო აქცია "ბორჯომის" ჩამომსხმელ კომპანიაში ხელფასების მომატების მიზნით... ცხადია, ეს ყველაფერი ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე პირდაპირ გავლენას არ ახდენს, მაგრამ ოპოზიციისათვის დამატებითი შთაგონების წყაროს წარმოადგენს", - აღნიშნავს ექსპერტი. მისი თქმით, "ნაცმოძრაობა" პარლამენტში ჩუმად არ იქნება: "პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი არსებობა საზოგადოებას მუდმივად შეახსენოს. ვფიქრობ, "ნაციონალები" მალე იპოვიან რაღაც საბაბს ბოიკოტის რეჟიმის გასაახლებლად და მიტინგის ჩასატარებლად", - ასეთ პროგნოზს აკეთებს ალექსანდრე სკაკოვი "იზვესტიის" ჟურნალისტთან საუბარში. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ