"თხა და გიგო" წაიკითხე და მერე მელაპარაკე... კლოუნი" ხარ, აბა რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი" - კვირის პალიტრა

"თხა და გიგო" წაიკითხე და მერე მელაპარაკე... კლოუნი" ხარ, აბა რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი"

პარლამენტის წევრებმა გიორგი ვაშაძემ და ირაკლი ზარქუამ ერთმანეთს "კლოუნი" და "მასხარა" უწოდეს. სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოხდა, სადაც ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

ვაშაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს კრიტიკული შინაარსის კითხვები პენსიების უზრუნველყოფის, ლარის გაუფასურებისა და ლარიზაციის პროგრამის თაობაზე დაუსვა და ის არასწორ მართვაში დაადანაშაულა.

ვაშაძისთვის პასუხების გაცემა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ სცადა. მან კოლეგას "ჭიჭე ვაშაძით" მიმართა და როგორც მისი მისამართით განაცხადა, არის პოპულისტი, მცურავი გაცვლითი კურსის თაობაზე კი, არაფერი იცის.

გიორგი ვაშაძემ თავდაპირველად სხდომის წამყვანს პროცედურის დაცვის უზრუნველყოფა სთხოვა და მიმართა, რომ მის მიერ დასმულ კითხვებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა ეპასუხა და არა "პატივცემულ კლოუნს". მან ზარქუას ასევე ურჩია, "თხა და გიგო" მაინც წაეკითხა - "ხელშეკრულება კი არა, "თხა და გიგო" წაიკითხე და მერე მელაპარაკე".

სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა საპენსიო საკითხიც იყოს.

"ჩაგირთავთ აუდიო ჩანაწერს, სადაც ჯანდაცვის სამინისტროში რეკავს პენსიონერი იმაზე, გადააქვს თუ არა პენსია სხვაგან, მერე "ლიბერთიში" რეკავს და ისიც უარს ეუბნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამის შემდეგ, ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის მისამართით განაცხადა, რომ "იაფფასიანი პოპულიზმითაა დაკავებული, მეტი არაფერი" და ასევე მიმართა ვაშაძეს, რომ ხელშეკრულება წაეკითხა.

"არცერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ, საიდუმლოაო და ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უბრალოდ უნამუსოები ხართ. მოისმინე კითხვა და დააცადე პასუხი. ბოლოს და ბოლოს, მართლა გაჩუმდი, რა. ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი. ხელშეკრულება კი არა წიგნი "თხა და გიგო" წაიკითხე და მერე მელაპარაკე", - მიმართა ვაშაძემ ზარქუას.

"კლოუნი" ხარ, აბა რა ხარ - ხარ მასხარა, იაფფასიანი პოლიტიკოსი", - განაცხადა ზარქუამ ვაშაძის საპასუხოდ.

"გიორგი ვაშაძეს უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს, ეს თემა ელისაშვილს წაართვა - იცი რომ 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი", - როგორც ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, გიორგი ვაშაძემ მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიოს.

"დღეს ჩვენ აქ მოვისმინეთ პოპულიზმი. ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო, მცდელობა აქვს, ვერ მიხვდა რა თემებს მოეჭიდოს, ახლა უნდა პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში ვინ გიკრძალავს? თამამად, უბრალოდ ჩაიხედე რასაც ყვები. აზრზე არ ხარ, გინდა ეს თემა წაართვა ელისაშვილს. ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა შემოგვიერთდი და უფრო მეტს გაიგებ.

იმას, რასაც შენ მოითხოვ ხელშეკრულება არის 3.5 გადაიკითხე, წერია, რომ ბენეფიციარს, პენსიონერს, მოთხოვნით დღესაც შეუძლია "საქართველო ბანკში" თუ "თიბისიში" მოითხოვოს და დაერიცხოს სესხი. არზე არ ხარ როგორ დაფრინავ და სად ხარ, ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო.

მეორე თემა იყო, რომ კურსი გაიქცა. კურსი არ არის კონსტიტუციით, ინფლაციაზეა პასუხისმგებელი. ალბათ, არ გაქვს ინფორმაცია და გეტყვი, მეტად კომპეტენტურები, რომ აღმოჩნდეთ ეროვნულ ბანკთან. საკრიტიკო არის, როგორ არ არის, როდესაც ინფლაცია 7%-იანია. ჩვენთან მცურავი კურსი გვაქვს. პარტიაში ვინმე არ გყავთ, რომ გამეცადინოს ამ თემებში? ისეთ კითხვას სხვამ აზრზე არ ხარ. 36%-მაღალია, იცი, 2 წლის წინ 50% იყო, იმის წინ 100%-იანი სესხები ჰქონდათ პენსიონერებს, ხმა არ ამოგიღია, ალბათ, მაშინ უკრაინას ალაგებდი", - აღნიშნავს ზარქუა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით