"რომ მგონია ტვინი მოვამზადე, გამომიხტა კობახიძე" - შედის თუ არა პარლამენტში თაკო ჩარკვიანი? - კვირის პალიტრა

"რომ მგონია ტვინი მოვამზადე, გამომიხტა კობახიძე" - შედის თუ არა პარლამენტში თაკო ჩარკვიანი?

რაღაც ტვინს ვამზადებ ამ რაღაცისკენ, მაგრამ რომ მგონია, მოვამზადე, გამომიხტა კობახიძე გუშინ, გუშინწინ , - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარლამენტში მისი შესვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორც ის განმარტავს, ხვალ კიდევ ხვდება რეგიონიდან ადამიანებს და პოზიციას ამის შემდეგ შეაჯერებს. ჩარკვიანის თქმითვე, პარლამენტში მისი არშესვლის საკითხი საკუთარ პარტიაშიც უმცირესობაში აღმოჩნდა.

"კობახიძის განცხადება კი არ მოქმედებს, საქართველოში შემქნილი სიტუაცია მოქმედებს. მე იმ დღეს დავინახე, რომ ეგზეკუციას ჰქონდა საქართველოში ადგილი, გამოვიდა ზურგგამაგრებული კობახიძე, არაფორმალი მმართველით ზურგგამაგრებული, რადგან სხვა ვარიანტი არ არის აქ, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ არ არის კარგად უბრალოდ... რა შემხებლობა აქვს ჩვენს მანდატს, შარლ მიშელის დოკუმენტთან? აბა მითხარით, ოქტომბერში რომ ნდობით აღჭურვილი ადამიანები აღმოვჩნდით გარკვეული ადამიანებისთვის და მოგვცეს მანდატი, რა შემხებლობა აქვს დოკუმენტთან?", - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაცმოძრაობის" მიერ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი ნიშნავს, რომ პატივს არ სცემენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და საერთაშორისო პარტნიორებს. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას თავისი ლოგიკური შედეგები ექნება.

ამასთან კობახიძე აცხადებს, რომ ვინც შარლ მიშელის დოკუმენტს უპირისპირდება, მან არ უნდა ისარგებლოს ამ დოკუმენტის პრივილეგიით.

"ინტერპრესნიუსი"