"პროცესები ისე მიდის, რომ ამ საბუთს ვიღაც აუცილებლად გამოიტანს სააშკარაოზე" - კვირის პალიტრა

"პროცესები ისე მიდის, რომ ამ საბუთს ვიღაც აუცილებლად გამოიტანს სააშკარაოზე"

"ჩემი ნათქვამი ძალიან მალე დადასტურდება და ამას ყველა იხილავს" - ეს ანალიტიკოსმა მამუკა არეშიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც მის ვერსიას გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეთქმულების შესახებ "არადამაჯერებელი სისულელე" უწოდა ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდმა ნაწილმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა არეშიძემ ცოტა ხნის წინ ექსპრემიერი გახარია "ნაციონალებთან" გარიგებასა და რევოლუციური სცენარის განვითარების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. "როგორც მითხრეს, რამდენიმე შეხვედრა იყო, უკანასკნელი - გადადგომამდე ორი კვირით ადრე. რაც შეეხება რევოლუციურ სიტუაციას – მაშინ ვერ გავიგე, რატომ ითხოვდა გახარია მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადებას. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ეს დრო სჭირდებოდათ რევოლუციური სცენარის განსახორციელებლად. მოგეხსენებათ, ხელისუფლება მაშინ არცთუ მარტივ ვითარებაში იმყოფებოდა. ოპოზიცია პარლამენტში არ იყო შესული, რის გამოც, პარლამენტის ლეგიტიმაცია ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. "ნაცმოძრაობა" გეგმავდა, მელიას ვერდაკავებით ხელისუფლების სისუსტისთვის გაესვა ხაზი.

18 თებერვალს სააკაშვილმა თავის ვიდეომიმართვაში ისაუბრა ე.წ. ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე, თავისი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებით. წყაროს ცნობით, იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ოცამდე თანამშრომელს უნდა გაეკეთებინა საჯარო განცხადება სისტემის დატოვებისა და ალტერნატიული მთავრობის "აღიარების" შესახებ. მათი კონტროლის ქვეშ მყოფი ტელევიზიის მეშვეობით, შეიქმნებოდა ძალოვანი სტრუქტურების რღვევის ეფექტიანი იმიტაცია. ამ ყველაფრის კულმინაცია უნდა ყოფილიყო 19 თებერვალს ანუ მელიას ვერდაჭერის მეორე დღეს, სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომელიც სააკაშვილის მიერ უკრაინაში უკვე აპრობირებული შემოსვლის სცენარს გაიმეორებდა. თუ "ოცნება" ვერ ან არ იჭერდა ოფისში გამაგრებულ "ნაცმოძრაობის" ფორმალურ თავმჯდომარეს, ბუნებრივია, ქვეყანაში შემოსულ პარტიის რეალურ ლიდერს მით უმეტეს ვერ დაიჭერდა", - განაცხადა არეშიძემ.

ვინაიდან ეს ვერსია ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის ერთნაირად არადამაჯერებელი და უტოპიური აღმოჩნდა, მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ, უფრო კონკრეტულად აეხსნა ჩვენთვის, რა არგუმენტებზე დაყრდნობით გააკეთა მსგავსი განცხადება.

მამუკა არეშიძე:

- მესმის, რომ ვერც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი, რომელსაც შესაბამისი საბუთი არ აქვს, ამ ვერსიაზე საუბარს ვერ დაიწყებს. მე მქონდა საბუთი და ამიტომ ვთქვი.

- რა საბუთს გულისხმობთ, იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ.

- ვერ გეტყვით, თუმცა ვატყობ, რომ ეს საბუთი უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ასე რომ, დაელოდეთ.

- ვინ გამოაჩენს?

- არ ვიცი, ვინ ან როგორ, მაგრამ პროცესები ისე მიდის, რომ ამ საბუთს ვიღაც აუცილებლად გამოიტანს სააშკარაოზე.

- ანუ თქვენი ვერსიით, საბოლოოდ, გიორგი გახარია "ნაციონალურ მოძრაობასთან" აღმოჩნდება?

- არა, რატომ?! მე მათ ერთ გუნდში ვერ ვხედავ, მაგრამ თემატურ კავშირს არ გამოვრიცხავ ამ ერთ თემასთან დაკავშირებით.

- თუ ერთ გუნდში არ არიან, ერთ საქმეს არ ემსახურებიან და ერთი მიზანი არ აქვთ, რას შეიძლება ემსახურებოდეს მათი შეთქმულება?

- არის გარკვეული თემები, რომლის დროსაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ერთიანდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თანაგუნდელები და თანამოაზრეები გახდებიან. თემატური კავშირი ჰქონდათ "ფანჩატურშიც", მაგრამ ხომ ხედავთ, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს. კარგი, დავუშვათ, მე ვტყუი. გიორგი სიგუაზე რას იტყვით, რატომ აგინებს სააკაშვილს და რატომ ბრაზობს, ხოფის შეკრება ჩაშალაო?! ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით. კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ საბუთის გარეშე არ შეიძლება ამაზე საუბარი. დაველოდები საბუთის გამოჩენას და მერე ვილაპარაკებ!

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)