"გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორობას გამოვრიცხავ. გახარია შეეცადა, "ნაცმოძრაობისთვის"დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა"
"გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორობას გამოვრიცხავ. გახარია შეეცადა, "ნაცმოძრაობისთვის"დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა"
"ამერიკელთა ვიზიტებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზი აქვს. მოგეხსენებათ, 16 ივნისს იმართება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც ძალიან სერიოზული ტაქტიკური ცლილებებია დასაგეგმავი"

გასულ კვირას საქართველოს ამერიკელი სენატორები - დემოკრატი ჯინ შაჰინი და რეპუბლიკელი რობერტ პორტმანი სტუმრობდნენ. ისინი შეხვდნენ ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს, ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს, ასევე ჩავიდნენ საოკუპაციო ხაზთან. მათი თქმით, საქართველოს სჭირდება მეტი რეფორმა და სწორედ რეფორმების წარმატება განსაზღვრავს საქართველოს ნატოსთან დაახლოებასაც. ამერიკელმა კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ 19 აპრილს გაფორმებული შარლ მიშელის
შეთანხმება ყველა პარტიამ ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეასრულოს.

"საქართველო იმსახურებს, იდგეს ნატოში გაწევრების გზაზე და ჩაერთოს გაწევრების სამოქმედო გეგმის (MAP) პროცესში. ამას მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ გადაწყვეტს, ეს ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსის გზით უნ
და გადაწყვიტონ, რაც მოითხოვს რეფორმებს. სამხედრო რეფორმების, მოდერნიზაციის გარდა, მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობასა და დემოკრატიასთან დაკავშირებული რეფორმები... ნატოს წევრობა საქართველოს დამატებით უსაფრთხოებას მოუტანს რუსეთისგან მომავალი საფრთხის წინააღმდეგ"," - განაცხადა სენატორმა პორტმანმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. ამ ვიზიტის დასრულებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს უკევ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი ეწვევა. ის 6-13 ივნისს ჩამოვა საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში. რითი შეიძლება აიხსნას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ასეთ გააქტიურება? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ მამუკა არეშიძესთან.


- მოდი, ერთგვარი ლოგიკური ჯაჭვის ჩემეულ ვერსიას შემოგთავაზებთ... როდესაც კარგა ხნის განმავლობაში ქვეყანაში დაძაბულობა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე იყო, დასავლეთი ყველაფერს აკეთებდა ამ დაძაბულობის ჩასაქრობად. ევროპელები განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავდით, ამ პროცესში რა მასშტაბურად მონაწილეობდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. ეს ყველაფერი განპირობებული არ იყო მხოლოდ იმით, რომ მათ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკური სირთულეები გაჩნდა და ეს ადარდებდათ. ამგვარი კრიზისები სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, მაგრამ იქ მათ ჩასაქრობად ასეთი მასშტაბის ჩარევა არ გვინახავს, აქ კი ისე იყვნენ ჩართული, ზოგჯერ მათი მონაწილეობა ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო, თუმცა ეს განპირობებული იყო უმთავრესად იმით, რომ ყარაბაღის ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური სურათი შეცვალა. სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის პოლიტიკური წარმომადგენლობა მნიშვნელოვანწილად შეიზღუდა, რამაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეაშფოთა.

კავკასიურ პოლიტიკაში დასავლეთის როლის კვლავ გასაზრდელად და, ამავდროულად, რუსეთისა და თურქეთის აქტივობის დასაბალანსებლად კავკასიაში მათ სჭირდებათ პოლიტიკური პლაცდარმის გააქტიურება, ასეთი პლაცდარმი კი შეიძლება იყოს საქართველო, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ამ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება. ამიტომაც იყვნენ და კვლავაც არიან ისინი ასეთი აქტიურები. სენატორების ვიზიტიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ვიდრე ამ ვიზიტზე ლაპარაკს გავაგრძელებ, მანამდე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ რაც ბოლო დროს ხდებოდა, ამაში დამნაშავე, უპირველესად, ჩვენ ვართ. შეიძლება ითქვას, რომ უმდაბლესი პოლიტიკური კულტურა გამოვავლინეთ. ჩვენივე ბოლო წლების პოლიტიკით იქამდე მივიყვანეთ საქმე, რომ ფინანსურად და მით უფრო - პოლიტიკური გარანტიების თვალსაზრისით სრულად დამოკიდებული ვართ დასავლეთზე. აქედან გამომდინარე, დასავლეთს ასეთი აქტიური ჩარევის მეტი რა დარჩენია?!

დასავლეთმა აქ გარკვეულწილად მოამზადა ზემოთ ნახსენები პლატფორმა იმით, რომ ჩააწყნარა ვითარება, თუმცა რამდენ ხანს გასტანს ეს მშვიდობა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან კვლავაც არაკონსტრუქციული განცხადებები ისმის...
ჩემი აზრით, ამერიკელები ამის გაკონტროლებასაც შეეცდებიან...

ამერიკელთა ვიზიტებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მიზეზი აქვს. მოგეხსენებათ, 16 ივნისს იმართება ნატოს სამიტი, რომლის ფარგლებშიც ძალიან სერიოზული ტაქტიკური ცლილებებია დასაგეგმავი. იქ რევერანსებისა და მოფერების დრო არ იქნება. მოგეხსენებათ, ამგვარი სამიტებისას სტუმრის რანგში საქართველოსა და უკრაიანსაც პატიჟებდნენ ხოლმე, თუმცა ამჯერად ასე არ მოხდა. ეს, უპირველესად, უკავშირდება უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას. ეს ქვეყანა, პრაქტიკულად, საომარ რეჟიმშია რუსეთთან და ახლა უკრაინის მიმართულებით ნატოს გააქტიურება შეიძლება რუსეთთან საომარ დაპირისპირებაში შესვლადაც იყოს აღქმული, ამიტომ ვითარებას აღარ ამწვავებენ, მით უფრო, რომ 14 ივნისს ბაიდენ-პუტინის შეხვედრა გაიმართება. ბაიდენის ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკით იმოქმედოს, თან ისე, რომ ეს პროცესი მშვიდობიან ვითარებაში წარმართოს. მე მათი შეხვედრის განსაკუთრებულ შედეგებს არ ველი, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, უკრაინა ამ სამიტზე მაინც არ დაპატიჟეს. ამ ვითარებაში სამიტზე საქართველოს მიწვევა უკრაინელებისთვის გაუგებარი იქნებოდა, ამიტომაც მივიღეთ ეს ვითარება. უკრაინასა და საქართველოში ბოლოდროინდელი ვიზიტების ციკლის ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ამ ყველაფრის გადაფარვის მცდელობაცაა. უკრაინიდან ჩამოსულ სენატორებს ლამის ფეხდაფეხ ჩამოჰყვა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც. ამერიკელთა მხარადაჭერის გზავნილები, ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე განცხადებები მხოლოდ საქართველოსა და უკრაინისთვის არ ყოფილა გამიზნული, ეს, უპირველესად, გამიზნულია მოსკოვისთვის. ამით მათ თქვეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, მაგრამ დღეს, გარკვეული გარემოებების გამო, პროცესების ფორსირებას არ ახდნენ.

- უკვე ახსენეთ, რომ საქართველოს სტუმრობდა პრემიერ-მინისტრი დენის შნიგანიც. კარგა ხანია, უკრაინიდან ასეთი დონის სახელმწიფო მოღვაწე თბილისში არ ჩამოსულა. გარდა ამისა, ბოლოდროინდელი განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის პრობლემატიკის განხილვა ისევ ერთობლივ პაკეტად დაიწყო, არადა, გვახსოვს მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებები, სადაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხშირად მხოლოდ უკრაინაზე ლაპარაკობდნენ. მეტიც, ქართული ოპოზიცია იმასაც კი ამტკიცებდა, საქართველო დასავლური რადარებიდან გაქრაო...
- არის თემები, როდესაც რუსეთთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს ერთ სიბრტყეზე განხილვა შეიძლება წარმატებული იყოს, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ამან გარკვეული პროცესები დააზიანა. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ჩვენ შორის თუ რამ გაუგებრობა იყო, ძალიან კარგია, რომ ამოიწურა.

რაც შეეხება რადარებიდან გაქრობას, უკვე ვთქვი, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა კრიტიკას ვერ უძლებს, მეტიც, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მზად არის, პოლიტიკური კონიუნქტურის­ს გამო საკუთარი ქვეყნის იმიჯიც კი დააკნინოს. სწორედ ისინი იყენებენ ხოლმე ამგვარ რიტორიკას. რა რადარებიდან გაქრობაზეა ლაპარაკი! სულ რომ გასუსული იყოს საქართველოს ხელისუფლება, ეს ქვეყანა არის დასავლეთის მუდმივი ინტერესის საგანი და იმიტომ კი არა, რომ ვინმე ჩვენზე გიჟდება, არამედ იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული გეოსტრატეგიული მდებარეობა გვაქვს.
სამხერთ კავკასიაში პოლიტიკური გავლენის დაკარგვა ნიშნავს დიდ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის იმ ნაწილზე, რომელიც კავკასიას ესაზღვრება, გავლენის შესუსტებას. ამას ემატება ისიც, რომ დასავლეთის ორაზროვანი მოკავშირე თურქეთი ხშირად თამაშობს თავის და მოკავშირეებთან შეუთანხმებელ თამაშს, ამიტომაც საქართველოს მნიშვნელობა ერთიორად იზრდება. შეიძლება საჯარო განცხადებებში იყოს ტაქტიკური პაუზები, მაგრამ, დამერწმუნეთ, კულუარული აქტივობები საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივია.

გარდა ამისა, არსებობს შავი ზღვის ფაქტორი, რომელსაც ნატო, ისევე როგორც რუსეთი, თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. სადაც ორი ამხელა "მონსტრის" გავლენის სფეროა, იქ მუდმივი ჭიდილია, შესაბამისად, იქ საჭიროა ნებისმიერი სუბიექტი.

- "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევიდა, თუმცა მათი განცხადებით, არ მოაწერენ ხელს ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტს, არადა, ამისკენ საქართველოში მყოფმა ამერიკელმა სენატორებამც მოუწოდეს...
- ბუნებრივად ისმის კითხვა: რატომ იქცევა "ნაციონალური მოძრაობა" ასე ბრიყვულად და უგულებელყოფს ჩვენი დასავლელი პარტნიორების ამხელა ძალისხმევას? ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა"დასავლელ პარტნიორებთან ვაჭრობს. ამ ძალას კიდევ აქვს გავლენა დასავლეთის გარკვეულ სტრუქტურებში და ცდილობს ეს გავლენა შეინარჩუნოს, მიიღოს დამატებითი გარანტიები იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური წრეები საქართველოში თავიანთ მთავარ დასაყრდენად მომავალშიც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევდნენ. ჩემი აზრით, ამ პროცესში ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რასაც ყურადღება არ ექცევა.

არ არის გამორიცხული, დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა უახლოეს მომავალში სხვა პიროვნებებსა და ძალებზე დადონ ფსონი - ბოლოს და ბოლოს, დასავლეთში მოიძებნებიან ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც დაახლოებული არიან დასავლურ პოლიტიკურ წრეებთან.
"ნაციონალურ მოძრაობაშიც" იციან, რომ ამგვარი ვარიანტები მუშავდება და ამიტომაც ცდილობენ ვაჭრობას.
დასავლეთში ხედავენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედება ვითარების სტაბილიზაციას ხელს არ უწყობს, არადა, საჭიროა, მათი წამოწყებული შეთანხმების პროცესი ფინალამდე მივიდეს. უკვე ვთქვით, რომ დასავლეთს აქ სიმშვიდე სჭირდება. "ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის ეს და ყველაფერს აკეთებს, რომ აქედან რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს.

- გასულ კვირას სკანდალური გამოვიდა თქვენი განცხადება - გიორგი გახარიას გადადგომა, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს, "ნაცმოძრაობასა" და ქვეყანაში რევოლუციის მცდელობას უკავშირდებოდესო...
- მოდი, ასე ვთქვათ - ეს იყო ჟურნალისტის კითხვაზე ჩემი პასუხი, ცალკე განცხადება არ გამიკეთებია. ვთქვი ის, რა ინფორმაციაც მქონდა. საქართველოში თემატური გარიგებების ტრადიცია ჩამოვაყალიბეთ. ხშირად იმგვარ მოწინააღმდეგესაც ურიგდებიან, რომელიც გუშინ სრულიად მიუღებელი იყო და რომელსაც გაუგონარი სიტყვებით ლანძღავდნენ... ამის ნათელი მაგალითია ე.წ. ფანჩატურის ოპოზიცია, რომლის წევრები ერთმანეთს წლების განმავლობაში ლანძღავდნენ, მერე კი, ფანჩატურში, მეგობრები გახდნენ.

გახარიას გუნდსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის სწორედ ამგვარ თემატურ კავშირზე ვისაუბრე. ამის თაობაზე რამდენიმე წყაროსგან მქონდა ინფორმაცია და ამიტომაც გადავწყვიტე გახმაურება. ამ წყაროების მიხედვით, ყველამ ყველაფერი იცოდა სხვადასხვა დოზით, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. მერე ირაკლი კობახიძე გამოვიდა და რაც ვთქვი, ყველაფერი გაიმეორა, მაგრამ მანამდე რატომ იყვნენ ჩუმად, არ ვიცი.
მოგეხსენებათ, გახარია მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მხარდამჭერი იყო, ეს თვითონაც თქვა, მაგრამ მალევე პოზიცია რადიკალურად შეიცვალა და მელიას დაკავების ორი-სამი დღით გადადება მოითხოვა. ჩემი ინფორმაციით, მელიას ვერდაკავებით "ნაცმოძრაობა" ცდილობდა, ხელისუფლების სისუსტე წარმოეჩინა. თანაც, როგორც ჩანს, ეს იყო არეულობის სცენარისთვის აუცილებელი დრო.
თუ "ოცნება" მელიას იმუნიტეტს არ მოუხსნიდა, ამას რევოლუციური გაგრძელება ვერ ექნებოდა. სწორედ ჯერ იმუნიტეტის მოხსნა და შემდეგ მელიას ვერდაკავება იყო ის სცენარი, რომლის შემდეგაც იგეგმებოდა სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა. სარფში მას უნდა დახვედროდა 500-მდე აქტივისტი, რომლებიც სააკაშვილის პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის სცენარს გაიმეორებდნენ... ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაფერი იმალება. ამის თაობაზე პირველი ინფორმაცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებული წევრებისგან მივიღე.

აქვე ვიტყვი, რომ გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის"პარტნიორობას გამოვრიცხავ. ვფიქრობ, ეს იყო ერთჯერადი თემატური გარიგება. გახარია შეეცადა, "ნაცმოძრაობისთვის"დრო მოეგო, რაც არ გამოუვიდა. ამის მერე გადადგა...

- თქვენ ასევე თქვით, რომ გახარიას გუნდის წევრებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს შორის იყო გარკვეული ურთიერთობა. ამის თქმის რა საფუძველი გაქვთ?
- ინფორმაცია ამ თანამშრომლობის თაობაზე სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის - კიევიდანაც მომდიოდა.

- თუმცა თქვენ მიერ გახმაურებული სცენარი ვერ განხორციელდა...
- სავარაუდოდ, ხელისუფლებისთვის ყველაფერი ცნობილი გახდა და ამ პროცესების ბლოკირება მოხერხდა.

- ჩვენ მოვისმინეთ გიორგი გახარიას ინტერვიუ ტელეკომპანიების ტოქ-შოუების წამყვანებთან. რაღა დაგიმალოთ და, მისი პოზიცია უფრო "ქართული ოცნებასთან" აღმოჩნდა ახლოს, ვიდრე - "ნაციონალურ მოძრაობასთან". გარდა ამისა, მან ფაქტობრივად თქვა, რომ არ აპირებს ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას...
- გახარიამ მიაჩვია საზოგადოება, რომ ის მოქნილი იყო საჯარო გამოსვლებისას. მისგან გარკვეული ძალა იგრძნობოდა - ამიტომაც აქვს ასეთი რეიტინგი, ამ ინტერვიუში კი სხვა ადამიანად წარმოჩნდა, რომელსაც მაინცდამაინც ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოებისთვის. მან მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი ვერ გასცა. რაც შეეხება პოზიციონირებას - რა გასაკვირია "ოცნებასთან" სიახლოვე, როდესაც ის ამ ძალის მეშვეობით მოვიდა პოლიტიკაში! რთულია იდეოლოგიის ერთბაშად შეცვლა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას, მას ჰქონდა ივანიშვილთან პირადი ურთიერთობა. საერთოდაც, გახარია ამის საფუძველზე გამოჩნდა "ქართულ ოცნებაში", ახლა კი ის ცდილობს დელიკატურობა გამოიჩინოს და ივანიშვილს არ შეეხოს...

- ჩვენი საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა საპატრიარქოს დაქვემდებარებული ნინოწმინდის პანსიონის საკითხს. მოგეხსენებათ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის - სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე ოთხი საქმე იყო აღძრული. ამის შემდეგ საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, ჩვენ არაფერი ვიცოდით მსგავსი ფაქტების შესახებ და შსს-მ­ განაცხადოს, რა საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა ნათელი მოეფინოს საკითხსო. შსს-მაც მალევე განმარტა, რომ გამოძიება მართლაც მიმდინარეობს. "შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე უზრუნველყო და განახორციელა საქმის გარემოების დადგენისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარება", - ვკითხულობთ განცხადებაში. სამინისტროს ცნობით, თითოეულ საქმეზე გამოკითხულია არაერთი მოწმე, ჩატარებულია ექსპერტიზა და სხვა მოქმედებები. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამ ეტაპზე საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
- მიუხედავად სახალხო დამცველის მიმართ ჩემი არცთუ თბილი დამოკიდებულებისა, ეს ის თემაა, როდესაც მიმაჩნია, რომ მის მიერ ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი დოკუმენტი უნდა ქცეულიყო სახელმწიფოს უსწრაფესი რეაგრების მიზეზად. მომენტალურად უნდა გადადგმულიყო შესაბამისი ნაბიჯები. ამ საქმეების ასე გაჭიანურება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს. ასეთ შემთხვევებში სისტემა მყისიერად უნდა რეაგირებდეს. თუ დამნაშავე გამოვლინდება, მყისიერად უნდა დაისაჯოს, თუ არა და, დადგინდეს სიმართლე... ამ შსს-მაც ხუთი წელი რა ვერ გამოიძია, ძალიან მაინტერესებს! ეს შეეხება ბავშვებს, მომავალ თაობას. აქ შეცდომის უფლება არ გვაქვს, მაგრამ მაინც სულ ვუშვებთ ამ შეცდომებს! ზოგან ძალადობაა, ზოგან არასწორ ცოდნას აძლევენ, ზოგი რელიგიური ჯგუფი საერთოდ გასულია განათლების სამინისტროს სისტემიდან... პრობლემა ძალიან ბევრია. სახელმწიფო და ხელისუფლება სად არიან ამ დროს? ვიდრე ასეთ მასშტაბს არ მიიღებს პრობლემა, მანამდე რატომ არ ხდება რეაგირება?!
მერაბ მაღლაკელიძე
07 ივნისი 2021 11:17
ჭრა კერვის დიდოსტატი არეშიძე, გახარია ლაფში ამოსვარე უმძიმესი ბრალდებით და ეხლა გამორიცხავს გახარიას და ნაცბანდის ალიანსს, ამ ბლეფს მაინც არავინ იჯერებდა, გახარია არაა მაგის კაცი რომ ნაცებს შეეკრას. ეს კარგად იცის ქართველმა საზოგადოებამ. მოკლედ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაირაზმა გახარიას წინააღმდეგ, ეს ერთ რამეზე მიუთითებს რომ ყველას გაშინებთ მისი მაღალი ნდობის ხარისხი და რეიტინგი,

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები