"საზოგადოებას შეუძლია გული საგულეში ჰქონდეს, სანამ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში შარლ მიშელი, კარლ ჰარცელი და ქალბატონი დეგნანი უძღვებიან" - კვირის პალიტრა

"საზოგადოებას შეუძლია გული საგულეში ჰქონდეს, სანამ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში შარლ მიშელი, კარლ ჰარცელი და ქალბატონი დეგნანი უძღვებიან"

"დღეს ვერც ერთი გადაგვარებული პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში ხელოვნურად ვეღარ გამოიწვევს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებას და რევოლუციას. როგორც ჩანს, საზოგადოებას კარგად ახსოვს ასეთი დაპირისპირების შედეგები, მაგრამ პოლიტიკოსად წოდებულ ზოგიერთ უწიგნურ ავანტიურისტს დღემდე ჰგონია, რომ ბოგანო ბრბო ვართ და საკუთარი ზრახვების აღსასრულებლად გამოგონილი მიზეზებით შეძლებს ქვეყანა დაგვანგრევინოს..."

როგორი იყო გასული საუკუნე საქართველოსთვის, რა შეძლო და რა ვერ შეძლო ქვეყანამ, ქართველმა საზოგადოებამ და რა მოიტანა დღევანდლამდე; რამდენად ღირსეულად იარა და პასუხობს თუ არა იმ რეალობას, რომელშიც ახლა უწევს ცხოვრება, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" მწერალი კოტე ჯანდიერი ესაუბრა.

- რახან გასული კვირა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იყო მიძღვნილი, ალბათ, ორიოდე სიტყვით უნდა შევაფასოთ განვლილი 30 წელი და თუკი შევეცდებით ეს დრო ორიოდე სიტყვით დავახასიათოთ, ეს არის გზა პრიმიტიული ნაციონალიზმიდან პრიმიტიულ ნეოლიბერალიზმამდე. 90-იანი წლების დასაწყისში აგრესიული, ლამის ტოტალიტარული ფორმით გაბატონებული ნაციონალიზმი გამოიხატებოდა ფორმულით "საქართველო ქართველებისთვის, ძირს რუსეთის დამპალი იმპერია". ვინც საკითხის ასე დაყენებას ეწინააღმდეგებოდა, უმალ კრემლის აგენტად ცხადდებოდა (მაგალითად, მერაბ მამარდაშვილი).

სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი ეს დოქტრინა, თავის მხრივ, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა სისხლიანი ეთნოკონფლიქტების გასაჩაღებლად, რაშიც სწორედ რუსეთის იმპერიალისტურ-რევანშისტული ძალები იყვნენ დაინტერესებული. ასეთი პოლიტიკური "აზროვნებისა" და პრაქტიკის შედეგები ყველამ ვიწვნიეთ.

დამანგრეველი სამოქალაქო ომისა და აფხაზეთში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ საქართველოში თავი იჩინა მეორე უკიდურესმა ტენდენციამ, რომელიც მარტივად რომ ვთქვათ, ეროვნული ნიჰილიზმისა და ტრადიციულ ფასეულობათა აბსოლუტური დისკრედიტაციით გამოიხატა.

ამ ტენდენციას განსაკუთრებით ფართო ასპარეზი ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მიეცა. გაბატონდა ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენდა თეზისი საქართველოს ხალხის უმეცრების, ჩამორჩენილობისა და გენეტიკური არადემოკრატიულობის შესახებ. საქართველოს მოქალაქეები მიჩნეულ იქნენ არასრულფასოვან, საბჭოური ტიპის ადამიანებად, რომელთა სამართავადაც პირველ ეტაპზე გამართლებული იქნებოდა ნებისმიერი არასამართლებრივი მეთოდი და იძულება "დემოკრატიისა და ლიბერალიზმის დამკვიდრებისათვის".

ამ ყალბ პროპაგანდისტულ ფონზე ხელისუფლების იდეოლოგები, ანგაჟირებული ექსპერტები და პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაციები აყალიბებდნენ და ავრცელებდნენ აზრს მმართველი სახელისუფლებო ისტებლიშმენტის გამორჩეული პროგრესულობის, ეფექტიანობისა და დემოკრატიულობის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო ქვეყნის მოსახლეობის სეგრეგაციას "უხარისხო, გაუნათლებელ, არაკანონმორჩილ მასად" და "ხარისხიან, განათლებულ, ლიბერალური ფასულობების მატარებელ" ელიტად.

ამ იდეოლოგიის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ასაკობრივი სეგრეგაცია და ეიჯიზმი, რის გამოც მუშაობის უფლება და საარსებო მინიმუმი დაკარგა ათიათასობით მოქალაქემ, რომელიც საბჭოთა კავშირის ან შევარდნაძის დროს ეწეოდა ინტელექტუალურ შრომას, ან სახელმწიფო სამსახურში იყო. ეს იდეოლოგია დაედო საფუძვლად უნივერსიტეტების ავტონომიის განადგურებას, უმაღლეს სასწავლებლებში წამყვანი ფაკულტეტების მოშლას და სამეცნიერო კვლევების ფაქტობრივ გაუქმებას.

ჩვენ მოვახერხეთ მსოფლიოში აღიარებული ქართული სამეცნიერო ცენტრების ლიკვიდაცია, წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გადაქცევა სხვადასხვა, უკვე "რეფორმირებული" უმაღლესი სასწავლებლის ქმედუუნარო განყოფილებებად, რაც ქვეყანაში სამეცნიერო აზრის და ზოგადად აზროვნების კულტურის განადგურებას ნიშნავდა.

ეს არის პირდაპირი გზა ქართველი ერის გადაქცევისაკენ მხოლოდ და მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებულ იაფფასიანი უცხოური საქონლის მომხმარებელ მასად, რომელსაც არ შესწევს ინტელექტუალურ და სულიერ ფასეულობათა შექმნის უნარი. ამ ორ, ერთმანეთის გამომრიცხავ პოლუსს - ულტრანაციონალისტურსა და ფსევდოლიბერალურს - პრიმიტიული რუსოფობია აერთიანებს.

90-იანი წლების აღვირახსნილი ნაციონალიზმის ეპოქიდან დღემდე უცვლელადაა შემორჩენილი კიდევ ერთი სიმახინჯე - პატრიოტიზმის მთავარ ინდიკატორად ჩვენში გამოცხადებული რუსოფობია. ქსენოფობიის ეს ფორმა დამოუკიდებელ საქართველოში დაშვებულია, წახალისებული და პოლიტიკის რანგში აყვანილი. ითვლება, რომ სწორედ ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი რუსულ ოკუპაციასა და იმპერიალისტურ აგრესიაზე.

გამოდის, თუკი აღარ წავიკითხავთ ტოლსტოის, დედას ვაგინებთ პუშკინს, ხოლო ახმატოვას წიგნებს სანაგვეზე გადავყრით, ამით დეოკუპაციას მივაღწევთ, ტერიტორიებს დავიბრუნებთ, აფხაზ და ოს ძმებთან კი ჰარმონიულ ურთიერთობას დავამყარებთ. ცხადია, ამას საერთო არაფერი აქვს პოლიტიკასთან, პრაგმატიზმთან, საღ აზრთან, მაგრამ ყველაფერთან ერთად ეს კიდევ უკიდურეს უკულტურობასა და გაველურებასაც ნიშნავს.

- მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზეც გკითხავთ - რას გეუბნებათ არსებული რეალობა?.. გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო გაზრდილია, ვიდრე პოლიტიკური ელიტა? - მხოლოდ ერთ პარამეტრს თუ ავიღებთ, ასეა, კერძოდ, დღეს ვერც ერთი გადაგვარებული პოლიტიკური ჯგუფი საქართველოში ხელოვნურად ვეღარ გამოიწვევს ფართომასშტაბიან სამოქალაქო დაპირისპირებას და რევოლუციას. როგორც ჩანს, საზოგადოებას კარგად ახსოვს ასეთი დაპირისპირების შედეგები, მაგრამ პოლიტიკოსად წოდებულ ზოგიერთ უწიგნურ ავანტიურისტს დღემდე ჰგონია, რომ ბოგანო ბრბო ვართ და საკუთარი ზრახვების აღსასრულებლად გამოგონილი მიზეზებით შეძლებს ქვეყანა დაგვანგრევინოს.

- თქვენი აზრით, ევროკავშირის მცდელობამ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ამოწურულიყო, ნაყოფი გამოიღო? ვითარების დამშვიდებაში საზოგადოების როლი როგორია? - კიდევ კარგი, ჩვენი პოლიტიკური კლასის შემხედვარე ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი არ თქვეს ჩვენთან ურთიერთობაზე და პოლიტიკური პროცესის სადავეები საკუთარ ხელში აიღეს. იმედია, ყველაფერს გააკეთებენ, რომ რაიმე დიდი სისულელე არ ჩავიდინოთ. ამას წინათ ჩვენმა მედიამ სასიხარულო ცნობა გაავრცელა:

საქართველოს პარლამენტში შესულმა ოპოზიციამ ახალი ფრაქცია შექმნა და ის შარლ მიშელის სახელს ატარებს. ეს ნამდვილი სიახლეა არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში. ბატონი შარლ მიშელისთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ მე სხვა კითხვა მაწუხებს: ამ პატივცემულმა კაცმა ხვალ სამსახური რომ შეიცვალოს, ან პენსიაში გავიდეს, ხოლო ევროკავშირის პრეზიდენტად სხვა გვარისა და სახელის პირი დანიშნონ, ზემოხსენებული ფრაქცია სახელს შეიცვლის, თუ პირველადი ვერსიის ერთგული დარჩება?

რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებას, მას შეუძლია გული საგულეში ჰქონდეს, სანამ პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში შარლ მიშელი, კარლ ჰარცელი და ქალბატონი კელი დეგნანი უძღვებიან. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ.